გზასაყართან: გაციფრულება თუ გაციფრულება?

ირინა კვახაძე

რა გასაკვირია ცვლილება! ტრანსფორმაცია? დიდი რამე! ჩვენ ამბავი ხომ ასეა: ერთი ხელით საძირკველს ვაშენებთ, რომ ჩვენი ციხე არასოდეს დაინგრეს, მეორეთი კი – უწყვეტად ვაჯანჯღარებთ ტოტს, რომელზეც მოვკალათებულვართ – იქნებ ჩამოვვარდეთ და სადმე უცხო მინდვრებში ამოვყოთ თავი, იქ, სადაც ყველაფერი სხვაგვარადაა.

ცვლილებაზე უფრო დიდი იდეებიც მომდის თავში: დაბადება-სიკვდილი, გათენება-დაღამება, ესენი, პრინციპში, ერთი და იგივეა. ჰოდა, რა გასაკვირია ცვლილება! მაგრამ ხდება ასეც:  რუტინით გართული, აი, იმ სიას დადევნებული, დილით, გასულ კვირას ან შარშან რომ შეადგინე, ხაზავ და ხაზავ საქმეებს, პროექტებს, მარშრუტებს…

და მხოლოდ მაშინ ამჩნევ, რომ დღე დამოკლებულა, 7 საათზე დაღამებულა და საერთოდაც, შემოდგომა დამდგარა, როცა გარეთ გვარიანად შეფუთნულ ადამიანებს მოჰკრავ თვალს; მხოლოდ მაშინ ამჩნევ, რომ ბევრი რამ შეიცვალა, როცა შენი შვილი პირველ გაკვეთილს ციფრულ სივრცეში მოისმენს, როდესაც ექიმის ციფრულ კაბინეტს მიადგები და ვიდეოზარით მოუყვები, რას უჩივი. დროსთან ასეთი აცდენები  ადამიანებს რთულად, მაგრამ მაინც გადაგვაქვს, ბიზნესს კი გარემოს ვერშეგრძნება კლავს (გახსოვთ, „ნოკია“?).

დღევანდელი გარემო ციფრული ტრანსფორმაციის პროცესშია. ეს პროცესი შეუქცევადი და ძალზე სწრაფია, ეს სისწრაფე კი ტექნოლოგიების ექსპონენციური განვითარებითაა გამოწვეული. ციფრულ ტრანსფორმაციაზე საუბრისას, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საკონსულტაციო კომპანიის, „ბეინის“ მმართველი პარტნიორი, ამან დანუნი  ამბობს, რომ ადამიანებს გვიჭირს ექსპონენციური პროგრესის აღქმა, ვიცით, რომ ტექნოლოგიები ვითარდება, მაგრამ  ამ განვითარებისა და ცვლილების ტემპს ვერ აღვიქვამთ.

იგივე მოსდით კომპანიებს და სწორედ ამიტომ განაგრძობენ წრფივ განვითარებას. ტექნოლოგიების პროგრესსა და კომპანიების წრფივ განვითარებას შორის შექმნილი სივრცე ერთდროულად რისკისა და შესაძლებლობების ზონაა. რისკია ბაზარზე კარგად დამკვიდრებული, ფეხმოკიდებული კომპანიისთვის, შესაძლებლობაა ახალი მონაწილეებისთვის – ინოვაციური სტარტაპებისთვის, ვინც ხედავს, როგორ შეუძლია ტექნოლოგიებს მომხმარებლის საჭიროებების სრულიად ახლებურად დაკმაყოფილება.

ამერიკული ამბავი

1997 წელს ორმა ანტრეპრენერმა მარკ რენდორლფმა და რიდ ჰასტიგსმა „ნეტფლიქსი“ დააფუძნეს კალიფორნიაში. „ნეტფლიქსი“ ერთი შეხედვით უბრალო საქმით, ფილმების გაქირავებით იყო დაკავებული – მომხმარებელი ნეტფლიქსის ვებგვერდიდან ირჩევდა ფილმს და ფოსტით იღებდა შეკვეთილ „დივიდის“. დივიდის დასაბრუნებლად კი ისევ ფოსტას იყენებდა.

ცოტა ხანში „ნეტფლიქსმა“ სააბონენტო მოდელი შემოიღო – მომხმარებელი რეგულარული პერიოდული საფასურის სანაცვლოდ „ნეტფლიქსის“ გამომწერი ხდებოდა, მას შეეძლო იმდენ ხანს ჰქონოდა „დივიდი“, რამდენსაც მოისურვებდა. ახალი „დივიდის“ მისაღებად კი ჯერ ძველი უნდა დაებრუნებინა.

კინოგაქირავების ინდუსტრია კი ჯიუტად უარყოფდა ცვლილებებს, ინტერნეტის და ციფრულად კომუნიკაციის  შესაძლებლობებს. ეს სიჯიუტე იმით დასრულდა, რომ 2010 წელს კინოგაქირავების გიგანტი, „ბლოკბასტერი“ გაკოტრდა. ხოლო გაკოტრებამდე რამდენიმე წლით ადრე, „ბლოკბასტერის“ ხელმძღვანელმა  სიცილი დააყარა მასთან პარტნიორული წინადადებით მისულ რიდ ჰასტინგს და უარით გამოისტუმრა.

ზუსტად ის მოხდა, რაც ზემოთ ვთქვით – ბაზარზე კარგად დამკვიდრებულმა კომპანიამ ვერ შეაფასა ტექნოლოგიური პროგრესი, ვერ ტრანსფორმირდა და ბაზრიდან გაქრა. ხოლო „ნეტფლიქსი“ კი სწორედ ის კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც ნათლად დაინახა, რა პოტენციალია ტექნოლოგიებში.

მან ჯერ კიდევ 2000 წელს შექმნა პერსონალიზებული შეთავაზებების სისტემა – გამომწერების მიერ ფილმებისთვის მინიჭებული რეიტინგის გაანალიზების საფუძველზე მომხმარებელს სთავაზობდა ფილმს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა მის გემოვნებას, გუნება-განწყობასა თუ პოლიტიკურ მრწამსს.

2007 წელს ვებგვერდს კიდევ ერთი სიახლე, ფილმის ონლაინყურების ფუნქცია დაემატა. დღეს „ნეტფლიქსი“ თავად ქმნის სატელევიზიო, მხატვრულ, დოკუმენტურ თუ ანიმაციურ ფილმებს. მას 150 მილიონზე მეტი გამომწერი, მომხმარებელი ჰყავს მთელ მსოფლიოში და 1997 წლიდან დღემდე მინიმუმ სამი ინდუსტრია შეარყია: კინოგაქირავების, კინოთეატრების და კინოგადაღების.

ციფრული ტრანსფორმაცის სამი განზომილება

სულაც არ არის აუცილებელი, ტექნოლოგიურმა პროგრესმა ტრადიციული კომპანიები გაკოტრებამდე მიიყვანოს და მათი ადგილი ახალმა მონაწილეებმა დაიკავონ. ბაზარზე დამკვიდრებულ, ხანგრძლივი ისტორიის მქონე კომპანიებს თავისი უპირატესობები აქვთ – დიდი რესურსი, გამოცდილება მომწოდებლებთან, მომხმარებლებთან და ბაზრის სხვა მონაწილეებთან  ურთიერთობაში. მთავარია, მათ ახალ გარემოსთან ადაპტაცია შეძლონ – დღეს ეს გზა ციფრულ ტრანსფორმაციაზე გადის.

სხვადასხვა საიმედო და პატივსაცემი წყარო ციფრული ტრანსფორმაციის მრავალნაირ განმარტებას იძლევა. ყველა ერთად კი თანხმდება შემდეგზე: ეს არის პროცესი, როდესაც ტექნოლოგიები შემოდის და გამოიყენება ბიზნესის ყველა ასპექტში, რომ კომპანიის საქმიანობა რადიკალურად გაუმჯობესდეს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის გამოცემა „ემ აი თი სლოუნ რევიუ“ წერს, რომ ყველაზე ხშირად  კომპანიები ბიზნესის სამ განზომილებას გარდაქმნიან ტექნოლოგიების გამოყენებით: მომხმარებლის გამოცდილებას, საოპერაციო პროცესებს და ბიზნესმოდელს.

როდესაც მომხმარებლის გამოცდილების გარდაქმნაზე ვსაუბრობთ, ორი რამ არის საყურადღებო: ადამიანები ნელ-ნელა ციფრული მომხმარებლები ვხდებით, გარემოსთან ძალიან ხშირად სწორედ ფერადი ეკრანის გავლით ვურთიერთობთ და ამ ურთიერთობის ციფრულ კვალსაც ვტოვებთ.

ამას ცხადად დავინახავთ, თუ ჩვენს ჭკვიან ტელეფონებში  ჩავიხედავთ, სადაც ხან „ბოლტისგან“, ხან „ვოლტისგან“ და ხანაც „ექიმოსგან“ მოსული შეტყობინება ამოანათებს.  მეორე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კომპანიებს შეუძლიათ, უკეთ გაიცნონ მომხმარებლები, უკეთ გააანალიზონ მონაცემები, რომლებსაც მომხმარებელი მათ ციფრულ სივრცეში უტოვებს  და უკეთესი პროდუქტი შექმნან, უკეთ ესაუბრონ თავიანთ აუდიტორიას, უკეთ შეარჩიონ მომხმარებელთან გადაკვეთის წერტილები.

ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, დიდი მონაცემების ანალიზი – ფუტურისტული ცნებები აღარაა, ისინი დღეს უკვე გამოიყენება მომხმარებლის გამოცდილების გარდასაქმნელად.

არც პროცესების რობოტული ავტომატიზაციაა ფუტურიზმი. დღეს, ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით, კომპანიები თანამშრომლებს რუტინულ საქმეებს აშორებენ და მათ რესურსს უფრო შემოქმედებითი ან სტრატეგიული საქმისკენ მიმართავენ. მონაცემთა დამუშავების ტექნოლოგიებით კი პროცესებზე დაკვირვება, მათი ძირეულად შესწავლა, არაეფექტური პროცესების გამოვლენა გახდა შესაძლებელი.

წლის დასაწყისში მთელ მსოფლიოს მოუხდა სამუშაო პროცესის ციფრული ტრანსფორმაცია – პანდემიამ სხვა გზა აღარ დაგვიტოვა, ყველა იძულებული გავხდით, დისტანციურად გვემუშავა. რაღა თქმა უნდა, აღმოჩნდა, რომ დისტანციურ მუშაობას ბევრი სარგებელი ჰქონია – კონცენტრაციის ზრდა, ხარჯების შემცირება, მგზავრობისას დაზოგილი დრო და ნერვები… ასე, ერთი ხელის მოსმით ჩაანაცვლა ოფისის ძველი კონცეფცია ახალმა,, „ნებისმიერი წერტილიდან მუშაობის“ იდეამ.

სამუშაო პროცესის ამგვარი გაციფრულება აუცილებლად შეცვლის ინდუსტრიებს და მათ ბიზნესმოდელებს, განსაკუთრებით უძრავი ქონების დარგს.

ციფრული ტრანსფორმაციის მესამე სამიზნე ბიზნესმოდელია – გარდაიქმნება ის მთავარი, ბირთვი, იდეა, სტრატეგია, რასაც აქამდე  კომპანიისთვის მოგება მოჰქონდა, მაგრამ ნელ-ნელა გარემოსთან რელევანტურობას კარგავს და  კომპანიას წაგების მეტს აღარაფერს უქადის.  „ნეტფლიქსმა“ არაერთხელ შეცვალა ბიზნესმოდელი – აქირავებდა ფილმებს ვებგვერდით, გადავიდა სააბონენტო სისტემაზე, შექმნა ონლაინყურების გამოცდილება და ბოლოს ფილმების შექმნაც დაიწყო. ყველა ჯერზე ტექნოლოგიები გამოიყენა და ყველა ჯერზე დიდი სარგებელი მიიღო.

დაუბალანსებელი ძალა

საქართველოში ინდუსტრიებს ჯერჯერობით კრიზისები უფრო არყევს და ცვლის, ვიდრე ინოვაციები. ინოვაციებს, ძირითადად, წელგამართული კომპანიები ითვისებენ, ფრთხილად და დინჯად. ქართული ეკონომიკის ტრადიციულ სექტორებში ციფრული ტრანსფორმაცია მხოლოდ საბანკო სექტორშია თვალშისაცემი: ინტერნეტბანკი, მობილბანკი, კლიენტთან ციფრულ პლატფორმებზე ურთიერთობა, ლინ და ეჯაილ ტრანსფორმაცია, მონაცემთა ანალიტიკის ცენტრები.

ხოლო ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს.   მიუხედავად დაუსრულებელი იზოლაციისა და შეგონებებისა, რომ „სახლში დავრჩეთ“, საცალო ვაჭრობა გაყიდვის ელექტრონული არხებითაც ვერ დაიკვეხნის ჯერჯერობით.

მიზეზი სხვადასხვაა, ზოგს ფინანსური და ორგანიზაციული რესურსი არ ჰყოფნის, ზოგი საჭიროებას ვერ ხედავს. ფიზიკის ერთ-ერთი კანონი ამბობს, რომ სხეულები ინერციით, ერთი სიჩქარით და ერთი მიმართულებით მოძრაობენ იქამდე, სანამ მათზე დაუბალანსებელი ძალა არ იმოქმედებს. ეს დაუბალანსებელი ძალა მომხმარებელი  და ის თავზეხელაღებული სტარტაპერები არიან, რომლებიც სტატუს-კვოს შეცვლის ამბიციით ნელ-ნელა ჩნდებიან ქართულ ბაზარზე.

მომხმარებელი უკვე შეიცვალა, სხვადასხვა სტარტაპპროგრამის გამარჯვებულებს შორისაც სულ უფრო მეტნი არიან ისეთები, ვისაც კარგად ესმის ტექნოლოგიები, ვისთვისაც ციფრული სამყარო ბუნებრივი გარემოა. მე დავფიქრდებოდი.

ბლოგ-პოსტების სერიას წარმოგიდგენთ საინვესტიციო კომპანია – სინერჯი კაპიტალი