ჯერ სახელების გარეშე

პუბლიკა

სანდრო ნავერიანი

რეჟისორი, სცენარისტი 

ქართული კინო საფრთხეშია. მოცემული სიტუაციის ეს ძალიან ზუსტი შეფასება ბუნებრივად იქცა იმ გაერთიანებისა და მოძრაობის სლოგანად, რომელმაც ურთულესი ამოცანა დაისახა მიზნად – იხსნას ქართული კინო საფრთხისგან.

ქართული კინო მართლა საფრთხეშია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კარგ დღეში არასდროს ყოფილა, მაგრამ მეტაფორებისა და გაპრანჭვის გარეშე, იმ მყიფე ფუნდამენტსაც ემუქრება დანგრევა, რომელიც მწირი დაფინანსების პირობებში, წლების განმავლობაში შენდებოდა.

ისტორიამ, ჩვენმაც და სხვისამაც, გვასწავლა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ არის ერთობა. შინაარსიანი, იდეური ერთობა ადგილს არ ტოვებს მერკანტილიზმისა და  პრეფერენციებისთვის, იქმნება სინერგია, რომელიც მიმართულია სწორი, პერსპექტიული ნაბიჯებისკენ და ძალიან რთულია ამ სინერგიის შეჩერება. მთავარი, ამ ეტაპზე სწორედ ამ სინერგიის დაქოქვა უნდა იყოს და ეს არ გამოვა, თუ არ იქნება ერთობა.

არასდროს არ უნდა გვეშინოდეს ადამიანების, რომელთა ყიდვაც შეიძლება. დღეს, ვინც კინოცენტრში პრობლემას ქმნის, ყველა გაყიდულია. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვერ ვუშვებ მოცემულობას, სადაც ვინმე, ვისი ყიდვაც შეიძლება, რამეში დამამარცხებს. ვიცი, სადღეგრძელოსავით ჟღერს, მაგრამ შინაარსს ზუსტად გადმოსცემს – ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი არის ერთობა, რომელიც არასდროს არ ჰქონია კინოსექტორს.

ბევრჯერ მომხდარა, რომ ვიწრო ინტერესების, ნეპოტიზმის, ბუნდოვანი პერსპექტივისა და ძალიან გულისამრევი მიზეზების გამო, კინოსექტორის წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართ სოლიდარობას არ გამოხატავდნენ, რადგან ერთმანეთში ხედავდნენ კონკურენტებს, მაგრამ ვერ ხედავდნენ რეალურ პრობლემას, რომელსაც თავისსავე მოქმედებით ან უმოქმედობით ქმნიდნენ.

როგორც ერთი ქართველი კომკავშირელი იტყოდა, ვერ ხედავდნენ სპილოს. ასე იყო მაშინ, როცა მე პირველად შევყავი ცხვირი ამ სფეროში და ასე იყო რამდენიმე დღის წინაც. დღეს,საპირისპიროს ვხედავ. არა, აბსოლუტურ ერთობას ვერა, მაგრამ, მაგალითად, პირველად ვნახე, როგორ უსმენდა კინოში ჭიპმოჭრილი 50-მდე ადამიანი სტუდენტს, რომელმაც გამოსვლა ასე დაიწყო: თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ  მე ყველას გიცნობთ.

გამოუსწორებელ ოპტიმისტებს, როგორადაც თავს მივიჩნევ, ერთი ძალიან სევდიანი თვისება აქვთ – იმედგაცრუებულები კვდებიან, მაგრამ სიცოცხლეში არ ვარდებიან დეპრესიაში, არ იპყრობთ ნიჰილიზმი და არასდროს არ უშვებენ აზრს, რომ თავიანთ ცხოვრებას თავად ვეღარ გააკონტროლებენ.

ახლაც – თავზე კონტროლი ჯერ არ დაგვიკარგავს და ისევ შეგვიძლია, პროცესზე გავლენა მოვახდინოთ. არ მაქვს არანაირი რეცეპტი, როგორ შეიძლება გადარჩეს კინოცენტრი – ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ყოველგვარი უტრირების გარეშე ქმნის ქართულ კინოს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ერთად გამოსავალს ვიპოვით იმიტომ, რომ ჩვენმაც და სხვისმა ისტორიამაც გვასწავლა – გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მით უფრო მაშინ, როცა მართალი ხარ და სიმართლის მხარეს დგახარ.

კინოცენტრი თავისი იდეით არის ძალიან სასარგებლო ორგანიზაცია. ამის მისახვედრად არ არის საჭირო, მაინცდამაინც რეჟისორი ან ოპერატორი იყო. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ხელოვნების სფეროში ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტის შექმნაში უწყობს ხელს თავის მოქალაქეებს. ამიტომაც, ამ ორგანიზაციაში არ უნდა ინიშნებოდნენ თანამდებობებზე  პროპაგანდისტი ტელეწამყვანები, ციხის ბადრაგი ან აუდიტის წარმომადგენელი.

ეს უნდა ესმოდეს ყველას, კინოსექტორის ყველა წარმომადგენელს და ეჭვიც არ მეპარება, რომ ესმით, მაგრამ მერკანტილიზმი, პოლიტიკური პრეფერენციები და რაც მთავარია – შიში, არ აძლევთ საშუალებას, უკვე მერამდენე დღეა, ხმა ამოიღონ. უბრალოდ, თქვან, რომ ის, რაც ხდება, არის ბოროტება და სფეროზე კონტროლისა და ცენზურის დაწესება.

ყველა, ვისაც ევალება ხმის ამოღება და ხმას არ ამოიღებს, არ აქვს მნიშვნელობა, ის დიდი რეჟისორია, კინომხატვარი თუ ლოკაციის მენეჯერი, ძალიან მალე დაერქმევა შესაბამისი სახელი. ახლაც დიდი სიამოვნებით ჩამოგთვლიდით ეპითეტებით, მაგრამ შანსს გაძლევთ. თუ შესაბამის მომენტს ელოდით, ეს არის ის მომენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ისევ დარჩებით ადამიანად, რომელმაც შანსის გაშვების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და სიკვდილის შემდეგ თქვენს საფლავზე რამდენი ვარდიც არ უნდა თესონ, მაინც ყლე ამოვა.

ყველამ, ვისაც კი რამე შეხება აქვს კინემატოგრაფთან, უნდა დაივიწყოს ყველაფერი, რაც აქამდე ამ მოედანზე მომხდარა და ერთი მარტივი მოცემულობა გაიაზროს – არ ვიდგებით დღეს ერთად? ხვალ ვეღარავინ გადაიღებს კინოს ან გადაიღებს და მონა ცენზორის მაკრატელი  ამოჭრის შინაარსს.

ერთი სიტყვით, ერთობას არ აქვს ალტერნატივა.

ჯერჯერობით, სულ ეს იყო.