კონტრაცეპტივები დემოკრატიისთვის

პუბლიკა

გაგა თუთარაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი

სამართლის მაგისტრი, პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორანტი

 

ვისაც ჯერ არ გინახავთ აუცილებლად ჩართეთ ბანქოს სახლი (House of Cards) და ერთ-ერთ ეპიზოდში იხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ფრენსის ანდერვუდს, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურულ მოსმენაზეა საკანონმდებლო ორგანოში დაბარებული, თითქოს ძალიან დასუსტებული, კუთხეში მიმწყვდეული, მაგრამ მელიასავით ცბიერი და ლომივით დაუნდობელი. მისი გამოსვლის ბოლო ნაწილი ასე ითარგმნება: „მოგესალმებით, მიზეზ-შედეგობრიობის სიკვდილის ხანაში, აქ, აღარ არსებობს მტყუან-მართალი, არსებობს ხელისუფლებაში ყოფნა ან მის გარეთ დარჩენა.“ მაკიაველის მმართველის ასე ხატოვნად წარმოჩენა, სხვა ფილმებიდანაც გვახსოვს, მაგრამ კევინ სპეისის დემოკრატიის საბურვლით ჟონგლიორობა და ხალხის სახელით აპელირება მაინც ჟანრის საუკეთესოდ წარმოჩინდება.

ბანქოს სახლი სატირაა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, მაგრამ ბევრი სხვა ქვეყნისათვის – რეალობა. მათ შორისაა საქართველოც. 

2012 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ცივილიზებული გზით, არჩევნებით დამარცხდა, გაჩნდა პრეცედენტი, რომ საქართველოშიც შესაძლებელია, ხელისუფლება ხალხის მიერ საარჩევნო ყუთებთან ირჩეოდეს – მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების საარჩევნო გზით ცვლილება პოსტსაბჭოთა ბევრი სახელმწიფოსთვის ახალი გახლდათ, 2012 წლის პრეცედენტმა კი, ჯერჯერობით, ვერ გააძლიერა მოქალაქეთა რწმენა მშვიდობიანი გზით ხელისუფლებათა ცვლილების შესახებ. 

არსებობს მოსაზრება, რომ დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის ხელისუფლების ცვლილება ზედიზედ ორჯერაა საჭირო, რათა სახელმწიფოში საარჩევნო დემოკრატიის მიმართ რწმენა და ნდობა ჩამოყალიბდეს. ამ მხრივ კი, ხელისუფლების ავტორიტარულ მიდრეკილებებს რომ თავი დავანებოთ, პრობლემატურია სახელმწიფოს მოწყობის საფუძვლებიც. საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც ფორმალური სახალხო ლეგიტიმაცია ერთმა და იმავე პოლიტიკურმა პარტიამ განუწყვეტლივ შეიძლება მიიღოს – ელექტორალურ აქტიურობას მხოლოდ ტექტონიკური ძვრები თუ გამოიწვევს. 

საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან, 1991 წლიდან, არასდროს  შეფასებულა დემოკრატიად. ქართველ ხალხს მუდმივად უწევდა ხან ავტორიტარული მიდრეკილებების მოთოკვა, ხან ელექტორალური დემოკრატიის დაცვა, რამაც მნიშვნელოვანწილად წარმოშვა ზოგადი უიმედობა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების შესაძლებლობის მიმართ. 

არჩევნებისადმი გაჩენილ უიმედობას, რიგ შემთხვევაში, ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამაც შეუწყო ხელი, როდესაც ყოველი არჩევნების შემდეგ არშემდგარი ბოიკოტის შედეგებზე სცადა პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება, მაგრამ „გაყალბებული“ არჩევნების შედეგად შექმნილ პარლამენტში მანდატები შეინარჩუნა. 

ამასთანავე, შეუძლებელია, შეუიარაღებელი თვალით არ ჩანდეს, თუ როგორი მიზანმიმართულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ზოგადად არჩევნების მიმართ სკეფსისის გაღვივება. ამას წინათ ერთ-ერთ თანამდებობის პირს ჰკითხეს, თუ როდის გაგრძელდებოდა რომელიღაც ინფრასტრუქტურული პროექტი, რაზეც მან თქვა, რომ – 2023 წელს, რადგანაც ამ წელს არჩევნები არაა და მეტ დროს დაგახარჯებთ მოქალაქეებსო. 

„ქართული ოცნებისათვის“, არჩევნები მხოლოდ ფორმალური ლეგიტიმაციის წყაროა და არა ახალი იდეების, პროცესების, ცვლილებებისათვის მოქალაქეთა მხარდაჭერის მოპოვება, რადგანაც ავტორიტარული აზროვნების მმართველებს არჩევნები „უტვინო“ მოქალაქეებისაგან ქაღალდზე უბრალო ხელმოწერად აქვთ დახურდავებული. 

შესაბამისად, საარჩევნო გარემოც ისეთივე გზითაა მოწყობილი, როგორც ცირკი, სადაც მაყურებლის წინაშე მოთამაშე ცხოველებს გასართობ, მშვენიერ, ლაღ არსებებად ვხედავთ, მათ უკან კი აუტანელი, ბრუტალური მოპყრობა დგას. ასეთივე ცირკულია კონსტიტუციით დემოკრატიული, აზროვნებით და მოქმედებით კი, ავტორიტარული საქართველოს ხელისუფლება. არჩევნები ფასადია, რომელმაც ოლიგარქისა და მისი დაცვის წევრების (პარლამენტარები, მინისტრები და სხვები) ძალაუფლება კვლავ უნდა განაახლოს. 

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო დემოკრატია ავტორიტარი მმართველების ხელში დემოკრატია სულაც არ არის, საქართველოს პარტნიორები ქვეყნის გარეთ არჩევნებს მაინც ცნობენ, მაშინ ეს როგორ ხდება?

მრავალ მიზეზთაგან ოლიგარქისა და მისი დაცვის წევრების მიერ შემუშავებული ძალიან ჭკვიანური მეთოდები უნდა გამოიყოს: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფლობს ადმინისტრაციულ რესურსს, ზრდის ბიუროკრატიის მოცულობას, აკონტროლებს სასამართლოს, სამართალდამცავ ორგანოებსა და მედია საშუალებების უმნიშვნელოვანეს ნაწილს. 

2012 წელს ჯერ კიდევ ახალი სოციალური ქსელები და ინფორმაციის უსწრაფესად გაცვლის შესაძლებლობები „ნაციონალურ მოძრაობას“ დამოკლეს მახვილად ექცა, დღეს კი „ქართულ ოცნებას“ სოციალური მედია და სატელევიზიო არხები ერთხმად, უნისონში ჰყავს ამღერებული. მეორე მხრივ, სულს ღაფავენ ოპოზიციური მედიასაშუალებები, რადგანაც მათი დამფინანსებლები/მფლობელები ან ქვეყნიდან გარბიან, ან ციხეში ხვდებიან. შესაბამისად, კითხვა, ყალბდება თუ არა არჩევნები იმ ზომით, რომ რეალური შედეგები არ დადგეს, აზრს მოკლებულია, რადგანაც დღემდე, ამ ტიპისა და მასშტაბის გაყალბება „ქართულ ოცნებას“ არ დასჭირვებია, ზუსტად იმიტომ, რომ მის ხელშია ინფორმაციის ორი მესამედი, შეიძლება მეტიც. 

ამგვარ დაბინძურებულ, ძალმომრეობით, ავტორიტარულ გარემოში რთულია, შენ, როგორც ერთი მოქალაქე არ დაინფიცირდე იმავე ინფექციით, რაც ავტორიტარიზმს ასაზრდოებს. სამწუხაროდ, ხელისუფლების ბოლო ცვლილებიდან 10 წლის შემდეგაც, ჯერ კიდევ არ გავლებულა გამყოფი ხაზი ხელისუფლებასა და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს/პოლიტიკოსებს შორის, რადგანაც, თუ ერთი მხარე მეორე მხარის დამარცხების შემდგომ იმავე ტიპის მმართველობას ჰპირდება მოქალაქეებს – ისინი სტატუს კვოს აირჩევენ. 

ავტორიტარიზმს სწორედ ამგვარი აღრევა კვებავს. თუ მოქალაქეები განსხვავებას ვერ ხედავენ ოლიგარქსა და მის მოწინააღმდეგეს შორის, გარდა ფულისა, მაშინ მოქალაქეები თავს არ შეიწუხებენ არც არჩევნებზე მისვლით და არც ერთი სახის მეორით შეცვლით. 

ავტორიტარიზმს კიდევ ერთი ვიტამინი სჭირდება. არსებობს მოსაზრება, რომ ახლა უბრალოდ „ცუდი“, „გაუნათლებელი“ პოლიტიკოსები მართავენ და სწორედ ამიტომ გვჭირს ის, რაც გვჭირს. ეს არგუმენტი მხოლოდ მცირედითაა საფუძვლიანი, დიდი ნაწილით კი – მცდარი, რადგანაც შესაძლებელია პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა იტყუებოდეს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვედეთში თუ აშშ-ში, მაგრამ, რატომღაც, როდესაც არჩევნებში იმარჯვებენ, ისეთივე მორჩილები ხდებიან, როგორც ოლიგარქის დაცვის წევრები, იმ განსხვავებით, რომ ისინი ხალხს ემორჩილებიან, ესენი ერთს. ხანდახან მათი თანამდებობა ქეიფსაც ეწირება, საქართველოში კი, ასეთი რამ არ ხდება. 

რატომ? 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ავტორიტარულია, მის საპირისპიროდ წონიანი მოთამაშე არ შეიძლება ავტორიტარულ მომავალს, წარსულსა თუ აწმყოს ყიდდეს. ავტორიტარიზმს ეფექტიანად მხოლოდ დემოკრატია ამარცხებს, ისევე, როგორც ძირგამომპალი ავტორიტარები დაამარცხეს მშვიდობიანმა, არაძალადობრივმა საპროტესტო კამპანიებმა სერბეთში, საქართველოში, უკრაინაში, არაბულ ქვეყნებსა და სხვაგან. ასევეა დემოკრატიაც, რთულია, კომპლექსურია, დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ მისი ალტერნატივა უარესია. 

შესაბამისად, დემოკრატიის კონტრაცეპტივი ისეთივე აჯაფსანდალია, როგორც ავტორიტარიზმი. ტყუილი, ძალადობა, შფოთვა, უპრინციპობა და მორჩილება. 

თუ გვინდა ავტორიტარიზმის საბოლოოდ დამარცხება, უნდა ვთქვათ სიმართლე, ვიყოთ გამჭვირვალეები, პრინციპულები და მდგრადები. ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა ოპოზიციური პარტიების ირგვლივ გააჩინა მოსაზრება, რომ, თუ პოლარიზაცია არ გაიზარდა და შესაბამისად მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ მიზიდულობის ცენტრი არ შეიქმნა – ხელისუფლება ვერ დამარცხდება. ამ აზრს, მეტ-ნაკლებად აქვს საფუძველი, მაგრამ იგი მაინც თავს არიდებს მთავარ კითხვას, თუ რა იდეების, როგორი ხედვისა და მომავლის პერსპექტივის ირგვლივ უნდა შეიკრას ოპოზიცია? 

დაბოლოს, როგორც ზემოთაც აღინიშნა, მიზიდულობის ცენტრებსა და პოლარიზებულ კიდეებს აზრს მხოლოდ შინაარსი სძენს. შინაარსი კი, ერთადერთია – ლიბერალური დემოკრატიის პერსპექტივა.


*ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.