კორონასავით უხილავი ლიტერატურული პროცესი

ნენე გიორგაძე

ამ წერილს თავიდან შედარებით მოკლე Facebook-სტატუსის ფორმა ჰქონდა. მასზე ლიტერატურულ პროცესებში და მის მენეჯმენტში ჩართული რამდენიმე ადამიანი დავთაგე. სტატუსის ქვეშ განთავსებულმა კომენტარებმა უფრო მეტად დამარწმუნა, რომ ლიტერატურული პროცესის მენეჯმენტი საქართველოში დახვეწასა და მეტ გამჭვირვალობას საჭიროებს. უმადური ადამიანის პოზიციიდან რომ არ ვწერო, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ამ მხრივ ბოლო ხანებში გარკვეული წინსვლაა.

რეგულარულად შევდივარ მწერალთა სახლის ვებგვერდზე და ვკითხულობ ინფორმაციას ახალ-ახალი ინიციატივების შესახებ, იქნება ეს ლიტერატურული კონკურსები, მთარგმნელობითი რეზიდენციები, ავტორთა და მთარგმნელთა წამახალისებელი სტიპენდიები თუ სხვა. მიხარია, რომ მწერალთა სახლსა და კულტურის სამინისტროში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის ჰაერივით საჭიროა ასეთი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა მხოლოდ ეს არაა საკმარისი. „თვალსაჩინოებისათვის” მხოლოდ ერთი მაგალითის მოყვანაც კმარა: არ არსებობს ჟანრული ლიტერატურული პერიოდიკა, როგორიცაა ლიტერატურული კრიტიკის, თარგმანის ან თუნდაც პოეზიის თეორიებსა და პრობლემატიკაზე მომუშავე ჟურნალები, რომელთა დაფინანსებაც სახელმწიფოს იმაზე მეტი ნამდვილად არ დაუჯდება, რასაც იმ ავადსახსებელ საახალწლო განათებებსა თუ მთავრობის წევრების ვოიაჟებზე ხარჯავს…

თუმცა ერთია ფორმა და მეორე – შინაარსი (თუ პირიქით). გავიმეორებ, კულტურის ისეთი სფეროს განვითარება, როგორიცაა ლიტერატურა, გასაგები მიზეზების გამო, არ საჭიროებს დიდ ფინანსებს, როგორსაც მაგალითად, – კინოინდუსტრია, და უცნაური ტერმინი რომ ვიხმაროთ – „ხარჯეფექტურია”. მიუხედავად ამისა, საჭიროებს დიდ ცოდნასა და გემოვნებას, ასათვისებელ ბიუჯეტთან ერთად ლიტერატურული პროცესის სწორად დაგეგმვასა და განკარგვას, და მის ყველა მიმართულებაში პროფესიონალების ჩართვას.

ამ პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსები და პრემიები, რომლებიც, გასაგები მიზეზების გამო, ერთგვარ ფუფუნებას წარმოადგენს ავტორებისა და გამომცემლებისათვის, და სტიმულია მწერლებისა და მკითხველებისათვისაც. მაგრამ ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ პრემიების უპირველესი როლი ლიტერატურული პროცესის გამოცოცხლებასთან ერთად, ინტრიგებისა და კლანურობის ნიშნების წახალისებაცაა და დაჯილდოებების სერიალთა ამ მოდურ-შატოურ რიტუალებში თავად ლიტერატურული პროცესი და მასზე რეფლექსია იდევნება. რატომ?  პასუხი არცთუ ისე რთულია: არ იმართება დისკუსიები თუნდაც შორთლისტებში შესული ავტორების ტექსტებზე, ვერ ვხედავთ თავად ლიტერატურული პროცესის სხვადასხვა მხარეს, ან თუნდაც – იმ ავადსახსენებელ „კულუარებს“, ასე ხშირად რომ იხმარება პრემიების კონტექსტში. პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საწყენი ისაა, რომ „პოეტების ქვეყანაში” პოეზიაში ცალკე კონკურსი არ არსებობს და პოეზია ამა თუ იმ პრემიაზე მხოლოდ ნომინაციის დონეზე განიხილება.

ამ მხრივ, უნიკალური იყო ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემია პოეზიის მთარგმნელებისათვის, რომელიც წელს მწერალთა სახლის მიერ კურირებული პრემიების სიიდან გაქრა და გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ კურირებული, შეცვლილი ფორმით მოგვევლინა მთარგმნელთა 35 წლამდე ასაკის შეზღუდვით. მოკლედ, როგორც იტყვიან, „გაახალგაზრდავდა”. პოეზიის მთარგმნელთათვის ასეთივე ასაკობრივი შეზღუდვა დააწესა მწერალთა სახლის ახალმა პრემიამ „ლიტერა მთარგმნელებისათვის”. ცხადია, მთარგმნელთა დამოუკიდებელი პრემია წინ გადადგმული ნაბიჯია იმ ფონზე, როცა თარგმანი მხოლოდ ნომინაციის სახით არსებობდა ამა თუ იმ კონკურსზე. მაგრამ ამ პრემიების ორგანიზატორებმა რატომღაც არ გაითვალისწინეს ერთი გარემოება: „ლიტერაში” პოეზიის თარგმანი მხოლოდ ერთ ნომინაციაშია წარმოდგენილი – მთარგმნელის 35 წლამდე ასაკობრივი ბარიერით, მაშინ, როცა პროზა ცალკე, დამოუკიდებელ ნომინაციაშიცაა წარმოდგენილი. 

მოკლედ, პოეზიის თარგმანი „კოტეტიშვილის” პრემიის მსგავსად, „ლიტერაშიც” დაისაჯა, რადგან მთარგმნელებს, რომელთაც 35 წელს გადააბიჯეს, თავიანთი თარგმანების წარდგენის საშუალება არ მიეცათ. ეს პრემიის მენეჯმენტში დაშვებული შეცდომაა.

შემომეკამათებით და მეტყვით, რომ ახალგაზრდა მთარგმნელების წახალისება საჭიროა. უმალვე დაგეთანხმებით, რომ საჭიროა და აუცილებელი, რადგან ახალი თარგმანი ახალი ენა და რიტმია, წიგნის ახალი სიცოცხლეა და კულტურული ქვეყნის სტატუსი თუ გვინდა, თარგმანებს აუცილებლად სჭირდება არაერთი სუბსიდია, რადგან ეს სფერო კომერციულად მომგებიანი არაა. სამაგიეროდ, როგორც იტყვიან, მოგება გრძელვადიანია, რადგან კარგად თარგმნილი წიგნი ეროვნულ ლიტერატურას ამდიდრებს და ახალ სისხლს გადაუსხამს. ამ მხრივ, განსაკუთრებული სიფაქიზით უნდა მოვეპყროთ პოეზიის თარგმანს, რადგან ამქვეყნად თუკი რამეა არაკომერციული, ეს დიდი ძალისხმევითა და სკრუპულოზური შრომით შექმნილი პოეზიის თარგმანია.

შეცდომები იმას მოსდის, ვინც საქმეს აკეთებს. უბრალოდ, უნდა ვისწავლოთ შეცდომების აღიარება და ვიფიქროთ მათი გადაჭრის საუკეთესო გზებზე. ეს კულტურა საქართველოში ახლა მკვიდრდება და ამ დისკუსიებს ხელშეწყობა უნდა. სწორედ ამიტომ არაჩვეულებრივი იქნებოდა შეგვექმნა ღია, ონლაინ ლიტერატურული პლატფორმა,  რომ თავად ლიტერატურული პროცესი არ ყოფილიყო უხილავი; რომ არავის ჰქონდეს შეგრძნება, რომ ამ პრემიებზე წარდგენილი წიგნების კორპუსებს მხოლოდ ავტორთა სახელები აწერია ფასადზე. შიგნით კი – ვინ რა ცხოვრებით ცხოვრობს, ვერ შევიტყობთ, მანამ, სანამ არ დავიწყებთ რეფლექსიას თავად პროცესზე, არ ჩავატარებთ დისკუსიებს, ჟიური მოკლე დასკვნის სახით მაინც არ დადებს თავის აზრს შორთლისტის ამა თუ იმ ნომინანტზე, არ შეიქმნება საერთო ონლაინპლატფორმა ტექსტების შესახებ გამოთქმული მოსაზრებების განსათავსებლად, სანამ ჟიური ერთხელ და სამუდამოდ არ ჩამოიხსნის „ანონიმურობის” იდუმალ ჩადრს და გახდება სრულიად კონკრეტული, ექნება არაერთი ბერკეტი, რომ დაასაბუთოს თავისი ფავორიტის ღირსება და ა.შ. ამ ციფრულ ეპოქაში, ასეთი პლატფორმის შექმნა სულ მცირე ხარჯითაა შესაძლებელი. მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვკარნახობს მისი შექმნის აუცილებლობას. არაერთი ასეთი პლატფორმა არსებობს, და შორს რომ არ წავიდეთ, მოკლედ მოგიყვებით ჩვენი მეზობელი ქვეყნის მაგალითზე, ქვეყნის, რომლის ლანძღვა ახლა „პროდასავლურობის” იარლიყის მიკერების მასკულტურის ნიმუშია.

სანკტ-პეტერბურგში, რომელიც რუსეთის ფედერაციის კულტურულ დედაქალაქად მოიაზრება, უკვე ექვსი წელია არსებობს არკადი დრაგომოშენკოს სახელობის პრემია. ესაა ექსპერიმენტული ახალგაზრდული პოეტური პრემია, რომელიც მიზნად ისახავს „მონოლითური” რუსული პოეტური კორპუსის შერყევას და გარკვეულწილად მის დეკონსტრუქციას. უბრალოდ რომ ვთქვათ, ახალი,  თანამედროვე პოეტური ფორმების ძიებითაა დაკავებული. პრემიას ერთობ არასტანდარტული ფორმატი აქვს: ჟიურისთან ერთად არსებობენ ნომინატორები, რომლებიც, open call-ში შემოსული ტექსტების გარდა, პრემიაზე სხვადასხვა ავტორს წარადგენენ. ოც ნომინატორთა შორის არიან კურატორები, პოეტები, კრიტიკოსები, გამომცემლები და ლიტერატურული სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები.

საიტზე პრემიის ფარგლებში ჩატარებული დისკუსიებისა თუ კონფერენციების უამრავი ვიდეომასალაა. ყოველწლიურად იდება არა მხოლოდ მოკლე სიაში შესული ავტორების ტექსტები და ბიოგრაფია, არამედ – გრძელ სიაში შესული ავტორებისაც. თითოეულ პოეტს წარადგენს ერთ-ერთი ნომინატორი მისი შემოქმედების ორიენტირისა და ღირსებების მოკლე მიმოხილვით. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია შევიდეს პრემიის საიტზე და წაიკითხოს ახალი თუ საარქივო მასალა, მოუსმინოს პრემიის ფარგლებში ჩატარებულ დებატებს და ა.შ.

როგორც აღვნიშნე, ესაა სრულიად ახალგაზრდა, სულ რაღაც ექვსი წლის წინ დაარსებული პრემია. ეს არის წარმატებული მოდელი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი და პატარა ბიუჯეტი; მოდელი, რომლის მუშაობა პოეზიაზე შეყვარებული ადამიანების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც შესაძლებელია მსგავსი ონლაინპლატფორმის შექმნა. შესაძლებელია ინტერაქტიული პლატფორმაც, სადაც ჟიურის წევრების არგუმენტრებულ ერთაბზაციან ტექსტს მაინც წავიკითხავთ ლიტერატურის მოყვარულები, გვექნება ინტერაქტივის, ამა თუ იმ თემაზე დისკუსიის საშუალება, და ეს ყველაფერი იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორც „ცა-ფირუზ-ხმელეთ ზურმუხტი“.