კურიერების შრომა | როდესაც კომპანია თავს დამსაქმებელს არ უწოდებს

პუბლიკა

ქეთი შუბაშვილი – თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, სახალხო დამცველის აპარატი;

თვითდასაქმებული? როგორ არის თვითდასაქმებული?

                დღეში 14 საათს, კვირაში 7 დღეს მუშაობდა თქვენთვის.

თქვენთვის მუშაობს, როგორ არის თვითდასაქმებული?!

ამას როგორ არიდებთ თავს?

თქვენი კომპანია როგორ არიდებს თავს მისნაირი ადამიანების მკურნალობას?

ები რიკი დამსაქმებელს

„ბოდიში, გამოგვრჩით“ (Sorry We Missed You) 2019, კენ ლოუჩი

სახალხო დამცველის აპარატს „ბოლტ ფუდის“ (Bolt Food) 25-მდე კურიერმა მოგვმართა. ისინი ფიქრობდნენ, რომ სამსახურიდან დისკრიმინაციულად გაათავისუფლეს, რადგან შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ცოტა ხნით, სამსახურს მოსწყდნენ და საპროტესტო აქციები გამართეს. შედეგად – კომპანიამ მათ აპლიკაციაზე წვდომა შეუწყვიტა. 

ჩვენც დავიწყეთ საქმის განხილვა, როგორც წესი და რიგია. ესე იგი, პირველ რიგში, უნდა გაგვერკვია, შეზღუდა თუ არა „ბოლტმა“ კურიერების შრომითი უფლება. პასუხი იყო – შეზღუდა. ფაქტია, კურიერები ვეღარ აგრძელებენ აპლიკაციის გამოყენებას და შესაბამისად – მუშაობას. შემდეგი კითხვა – რის გამო მოხდა ეს? პასუხი – იმიტომ, რომ კურიერებმა კომპანიისგან განსხვავებული აზრი და პროტესტი გამოთქვეს. შემდეგ გავარკვიეთ, რას ასახელებდა კომპანია კურიერებისთვის აპლიკაციის დაბლოკვის მიზეზად. მივიღეთ პასუხი, რომ… 

უი, უკაცრავად, სულ თავიდან უნდა დავიწყოთ განხილვა, რაღაც გამოგვრჩა, კურიერებისთვის უნდა გვეკითხა – თქვენ იცით, რა ურთიერთობაში ხართ?!

დიახ, სანამ დისკრიმინაციამდე მივიდოდით, უნდა გაგვერკვია, რა შრომითი ურთიერთობა არის „ბოლტსა“ და კურიერებს შორის. უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ ამ ურთიერთობას ნამდვილად შრომითი ურთიერთობა და არა პარტნიორობა ჰქვია, როგორც ამას თურმე „ბოლტი“ თვლის.

ესე იგი, კურიერი აკეთებს საქმეს – ატარებს კომპანიის ბრენდის ტანსაცმელს, თერმოტომარას და ეკრძალება კონკურენტის აქსესუარების ტარება; იღებს ჰონორარს „ბოლტის“ მიერ გამოთვლილი წესით და ფორმით; მისი სახელით, კომპანიას შეუძლია გააუქმოს ან შეზღუდოს შეკვეთა; კომპანია აკონტროლებს შეკვეთის მიტანის ხარისხს, გადაადგილების მარშრუტს, შეკვეთის მიტანის დროს; განიხილავს მომხმარებლების საჩივრებს კურიერის წინააღმდეგ და აკისრებს პასუხისმგებლობას (მაგალითად, აპლიკაციის გამოყენების შეზღუდვა დროებით ან სამუდამოდ); კომპანია აკონტროლებს, რომ ის იცავს ჰიგიენის წესებს, პერიოდულად გადის ტრენინგებს; კომპანია ადგენს კურიერის მიერ კლიენტთან კომუნიკაციის წესებს…

…მაგრამ კურიერს ეუბნებიან, რომ ეს შრომითი ურთიერთობა მაინც არ არის; ურთიერთობის ყველა წესს კომპანია კი ადგენს ცალმხრივად, მაგრამ ეს სუბორდინაცია კი არა, თანასწორი ურთიერთობა, პარტნიორობააო.

როდესაც კომპანია საკუთარ თავს დამსაქმებელს არ უწოდებს და, შესაბამისად, არც დამსაქმებლისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულება უწევს, თავს მეტად კომფორტულად გრძნობს, ვიდრე შრომითი კანონმდებლობით დადგენილი  მინიმალური გარანტიების შესრულების პირობებში. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, „ბოლტს“ ურჩევნია, არ იყოს კურიერების დამსაქმებელი და, შესაბამისად, არ ჰქონდეს, მაგალითად, ანაზღაურებადი შვებულების, შესვენების, ზეგანაკვეთური ანაზღაურების ვალდებულება.

ჰო, ასევე, მაგალითად, პასუხისმგებლობა შეკვეთის მიტანისას მომხდარ რაიმე შემთხვევაზე „ბოლტს“ არ ეკისრება, პასუხისმგებლობას სრულად იღებს კურიერი, როგორც „თანასწორი პარტნიორი“.

მეორე მხრივ, რას განსაზღვრავს კურიერი, როგორც „თანასწორი პარტნიორი“? კურიერი, როგორც „თანასწორი პარტნიორი“ ცხოვრობს სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში, სადაც რთულია სამსახურის შოვნა ადამიანის ღირსებისთვის შესაბამისი პირობებითა და ანაზღაურებით; დაახლოებით 2009 წლიდან მსოფლიოში გააქტიურდა, ე.წ., ციფრული ეკონომიკა ან პლატფორმით მუშაობა (gig economy), რაც გულისხმობს Uber-ის, Glovo-ის ან Airbnb-ის მსგავსი აპლიკაციებით მუშაობას. ასეთი კომპანიების საქმიანობის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ყოველთვის საჭიროა, ერთდროულად ბევრმა ადამიანმა აკეთოს ბევრი საქმე. მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში მცხოვრები „თანასწორი პარტნიორი“ კურიერისთვის ეს კარგი შესაძლებლობაა, იპოვოს სამსახური, ნორმალური ანაზღაურებით, უბრალოდ, სანაცვლოდ, არ უნდა იყოს უმადური – რა დროს შრომითი გარანტიების მოთხოვნაა, როცა კურიერს, როგორც „თანასწორ პარტნიორს“ სტაბილურად ანაზღაურებადი საქმე აქვს.

სხვათა შორის, ტერმინი gig 1915 წელს პირველად ჯაზის შემსრულებლებმა უწოდეს საკუთარ წარმოდგენებს. უკვე 1995 წელს აშშ-ის მოსახლეობის 10% დასაქმებული იყო დროებით სამუშაოზე ან როგორც, ე.წ., მუშაკები გამოძახებით. 2005 წელს Amazon Mechanical Turk-მა მიმართა, ე.წ., მასობრივ დასაქმებას ისეთი საქმეებისთვის, რასაც ხელოვნური ინტელექტი ვერ უმკლავდებოდა. ასევე 2005-ში მეგობრებმა გააკეთეს Airbnb, რომ ბინის ქირის ხარჯები შეემცირებინათ, 2010-ში კი მგზავრობის გასამარტივებლად Uber შეიქმნა. 

ე.წ., პლატფორმის მუშაკის მარტივად საკეთებელი და ხელმისაწვდომი, თუმცა, ხანდახან საფრთხის შემცველი საქმიანობა, სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაოს ბევრი მაძიებლისთვის საინტერესო გახდა. ბოლო წლებში, მსგავსმა კომპანიებმა საქართველოშიც მოიკიდეს ფეხი. ასეთი კომპანიები არსად ჩქარობენ მშრომელებთან შრომითი ურთიერთობის აღიარებას. პრობლემაც მაშინ იჩენს თავს, როცა მშრომელს, ბუნებრივად, შრომითი გარანტიით სარგებლობის საჭიროება ექმნება. აქედან გამომდინარე, ბევრ ქვეყანაში სასამართლოებს უკვე მოუწიათ, ემსჯელათ, რა ურთიერთობაა კომპანიებსა და მუშაკებს შორის.

მაგალითად, საფრანგეთის სასამართლომ თქვა, რომ ადგილზე მიტანის, ტრანსპორტირების და დასუფთავების სფეროში მომუშავე ადამიანებზე შრომითი გარანტიები უნდა ვრცელდებოდეს; იტალიაში Glovo, შვეიცარიაში  კი – Uber დამსაქმებლად მიიჩნიეს. ესპანეთის სასამართლომ, იმისთვის, რომ Glovo დამსაქმებლად მიეჩნია, კომპანიის მიერ პირობების განსაზღვრის შესაძლებლობასა და კურიერის გადაადგილების კონტროლზე გაამახვილა ყურადღება. დიდი ბრიტანეთის სასამართლოს აზრით, Uber-სა და მძღოლებს შორის ურთიერთობის სპეციფიკა შრომითი ურთიერთობის ელემენტებს აკმაყოფილებდა.

ჩვენს კითხვაზე – რატომ დაუბლოკეს კურიერებს აპლიკაცია – „ბოლტმა“ გვიპასუხა, რომ კურიერებს აპლიკაციაზე წვდომა პროტესტის და უკმაყოფილების გამო კი არ შეუზღუდეს, არამედ იმ ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილეობის გამო, რომლებმაც „ბოლტისა“ და პარტნიორი რესტორნების ბიზნესოპერაციებს ხელი შეუშალეს. ჰოდა, კურიერებიც მაგას არ ამბობდნენ?!

ადამიანის ხარჯზე ეკონომიკის განვითარების მსგავსი შემთხვევაა მოყოლილი  ბრიტანელი კენ ლოუჩის ბოლო, უტაქტოდ რეალისტურ დრამაში – „ბოდიში, გამოგვრჩით“. გამოუვალი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რიკი მუშაობას საკურიერო კომპანიაში იწყებს, სადაც ეუბნებიან, რომ იმუშავებს როგორც თვითდასაქმებული, არ მიიღებს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე სარგებელს, უნდა მისდიოს კომპანიის მიერ მკაცრად დადგენილ წესებს, კომპანია მის გადადგილებას ელექტრონულად გააკონტროლებს, სამუშაოდ მინივენის ყიდვაც ამავე კომპანიისგან მოუწევს და ვინაიდან დაზღვევა ყველანაირ ზარალს არ ფარავს, გარკვეული ზიანის ანაზღაურება რიკისაც მოუწევს.

საბოლოოდ, მივიჩნიეთ, რომ „ბოლტ ფუდის“ კურიერები შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, აპლიკაციაზე წვდომის დაბლოკვა მათ სამსახურიდან გათავისუფლებას, ამის გაკეთება კურიერების პროტესტის გამო კი – განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციულ გათავისუფლებას ნიშნავდა. არ გაგვკვირვებია, როცა „ბოლტმა“ პასუხად კიდევ ერთხელ, მკაფიოდ და ნათლად, მოგვწერა, რომ კურიერებმა პარტნიორი რესტორნების ბიზნესოპერაციებს ხელი შეუშალეს. 

ახლა მსგავს დავას, თუ არ ვცდები, Wolt-ის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოც განიხილავს და იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილებას კურიერის შრომითი უფლებების სასარგებლოდ მიიღებს.


განახლებული შრომის კოდექსის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით კამპანია „შრომის ლექსიკონის“ ფარგლებში, „პროგრესული ფორუმი”, გამოცემა „პუბლიკა“ და platforma.ge მკითხველს ბლოგების სერიას სთავაზობთ.

კამპანიის მიზანია განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; დასაქმებულთა და დამსაქმებელთათვის შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ორგანიზატორთა შეხედულებებს.