„მანჩესტერის“ ეფექტი

ნიკა ნანუაშვილი

არა, ფეხბურთზე არ ვწერ და არც არასოდეს დავწერ.

ამიტომ, თუ სათაურიდან გამომდინარე არასწორი მოლოდინები გაგიჩნდათ, მომიტევეთ.

მე-19 საუკუნის ინდოეთში ბრიტანეთის კოლონიალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა იმ დროისათვის „ინოვაციური“ მეთოდით შებრძოლებოდა დედაქალაქ დელიში მომრავლებულ ქვეწარმავლებს და ფულადი ჯილდო დააწესა ყველასათვის, ვინც დაიჭერდა და ხელისუფლებას მკვდარ კობრას ჩააბარებდა. საქმე კარგად წავიდა, ინდოელები იჭერდნენ კობრებს და აქედან შემოსავალსაც იღებდნენ, თუმცა ძალიან მალე ამ ქვეწარმავლის პოპულაცია შემცირდა და საქმეში ყველაზე საზრიანები ჩაერთნენ – მათ ქვეწარმავლების მოშენება დაიწყეს, რომელთაც შემდგომ ხელისუფლებას აბარებდნენ შესაბამისი გასამრჯელოს სანაცვლოდ. რასაკვირველია, კოლონიალურმა ხელისუფლებამ მალევე „გაშიფრა“ ეს სქემა და უარი თქვა ფულადი ჯილდოების გაცემაზე, „ხელოვნურად“ მომრავლებული კობრები უსარგებლოები გახდნენ და ისინი უბრალოდ გაუშვეს, რის შედეგადაც მათი პოპულაცია იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე ეს დასაწყისში იყო.

დაბეჯითებით ვერ გეტყვით, რამდენად ზუსტადაა ეს ისტორია ჩვენამდე გადმოცემული, მაგრამ „კობრას ეფექტი“, რომელსაც მან საფუძველი დაუდო, ძალიან ცნობილი ამბავია და იმ ძალისხმევის შესაფასებლად გამოიყენება, რომელიც კარგი მიზნებისათვის წამოვიწყეთ და უარესი შედეგი მივიღეთ.

დღეს მსოფლიოში ერთი მილიარდი ადამიანი მოიხმარს თამბაქოს და მოწევა სიკვდილის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს. წვის შედეგად გამოყოფილი თამბაქოს კვამლი 4 000-მდე მავნე ნივთიერებას შეიცავს, საიდანაც 40 ნივთიერება განსაკუთრებით მავნე კანცეროგენი და სხეულის სხვადასხვა ორგანოს სიმსივნის გამომწვევი უშუალო მიზეზია.

მოწევა მწეველთა დაახლოებით ნახევარის სიკვდილის უშუალო ან ირიბი მიზეზი გახლავთ, 8 მილიონი ადამიანი წელიწადში  – ასეთია სიგარეტის კვამლის „მონაგარი”.

ხომ საკმარისი არგუმენტია იმისათვის, რომ დაბეჯითებით ვიმსჯელოთ სიგარეტის მავნებლობაზე და დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადოთ? – დიახ!

ამ ყველაფრის ფონზე ბევრი გაბედავს თუნდაც შეკითხვის დასმას, როდესაც საუბარი იწყება მოწევის შემცირების გზებსა და ხერხებზე? მათ შორის სიგარეტზე ხელმისაწვდომობის შემცირების მიზნებისათვის ათასგვარ რეგულაციაზე, იქნება ეს კოლოფზე დატანილი, შიშისმომგვრელი ანომალიის ამსახველი ფოტო, გამაფრთხილებელი წარწერა, რომ „მოწევა კლავს“, ხილვადობის აკრძალვა და „ზეწრის ჩამოფარება“, საჯარო სივრცეებში მოწევის აკრძალვა ან მისი უდიდებულესობა – აქციზის გადასახადის ზრდა?!

შევთანხმდებით ჩვენ ამაზე თუ არა, ფაქტია, რომ სიგარეტის კვამლი კლავს და მასთან ბრძოლა აუცილებელია, თუმცა არა ნებისმიერი ხერხით, ნებისმიერ ფასად და „ინკვიზიციის“ ფორმით, რასაც მოქმედებაში მოჰყავს „კობრის ეფექტი“.

თეთრსა და შავს შორის არჩევანი ყველაზე მარტივია, თუმცა ყოველთვის ბევრი გადაწყვეტილება ასე მარტივად მისაღები არაა.

2013 წლიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი რამდენჯერმე გაიზარდა, რასაც გარდაუვლად მოჰყვა შესაბამის ნაწარმზე ფასების ეტაპობრივი ზრდა და დღეს ერთი კოლოფი სიგარეტი 5-7 ლარი ღირს.

აქციზის ზრდას, ერთი მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული ვალდებულებების შესრულება განესაზღვრა საბაბად, მეორე მხრივ კი, ზურგს უმაგრებდა თამბაქოს ნაწარმთან ბრძოლის და მწეველთა რიცხვის შემცირების ლეგიტიმური და ჰუმანური მიზანი – ყველაფერი ცალსახა და აშკარაა, მშვენიერია!

წესით, პროდუქტზე ფასის ზრდას აუცილებლად მოჰყვება მასზე ხელმისაწვდომობისა და მისი მოხმარების შემცირება.

თუმცა, როგორც ჩემი ბავშვობის ყველაზე საყვარელი მეგობარი, ბატონი შერლოკ ჰოლმსი იტყოდა – „არაფერია აშკარა ფაქტზე მეტად მატყუარა“.

ქმედებას ყოველთვის აქვს ტოლი და საწინააღმდეგო უკუქმედება.

ნიუტონის მესამე კანონია ეს.

რაც შეეხება „მანჩესტერს“  – ის ფილტრიანი სიგარეტის გაურკვეველი, საეჭვო წარმოშობის ბრენდია, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან საქართველოში კონტრაბანდულად შემოდის.

ამ ქვეყნის თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე (განსაკუთრებით მამრობითი სქესის) მეორადი, ნაავარიები მანქანის „ექსპერტები“ ვართ და ავტომობილის მფლობელთა 99%-ს სწორედ ასეთი მანქანა გვყავს.

განა იმიტომ, რომ ვინმე ახალი მანქანის ყოლას გვიკრძალავს ან განსხვავებას ვერ ვხედავთ ახალსა და მეორადს შორის?! – არა, მეტი სახსარი და საშუალება არ გვაქვს და ვყიდულობთ იმას, რაზეც ფული გვყოფნის.

ზუსტად ასეა ნებისმიერი საქონლის შემთხვევაში – ვყიდულობთ იმას, რისი საშუალებაც გვაქვს და იქ, სადაც არსებობს მოთხოვნა, ყოველთვის ჩნდება მიწოდებაც.

აქციზის ზრდიდან და სიგარეტის გაძვირებიდან ძალიან მოკლე დროში, იაფფასიანი სიგარეტის კონტრაბანდამ (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში)  წაშალა ყველანაირი (სა)ზღვარი და ლეგალური, აქციზიანი პროდუქტი თითქმის სრულიად გააქრო დახლებიდან.

არ ღირს არცერთი უწყებისა თუ სამსახურისაკენ თითის გაშვერა. ყოველთვიურად ათეულობით ფაქტს ავლენენ, მაგრამ ზღვას კოვზით ვერ დალევ და ვერც შეაკავებ. როდესაც არათუ მავთულხლართის, ოფიციალური და ყველა წესის დაცვით მოწყობილი საზღვრის ორ მხარეს შორისაც კი ფასების ასეთი დისბალანსი და შესაბამის საქონელზე მოთხოვნაა, იქ კონტრაბანდას ზესახელმწიფოებიც კი ვერაფერს უხერხებენ და უფრო დიდია შანსი, მაგალითად, თბილისის „დინამომ“ შეაჩეროს „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდასხმის ხაზი, ვიდრე შესაბამისმა უწყებებმა კონტრაბანდული „მანჩესტერი“.

დროის ამავე პერიოდში, ლიხს აქეთ, შედარებით ლეგალურ, მაგრამ არანაკლებ საზიანო „გამოსავალს“ მივაგენით იაფფასიანი, უხარისხო და არანაკლებ საეჭვო წარმომავლობის თუთუნის სახით.

მოკლედ რომ შევაჯამოთ – მოთხოვნა ადგილზე დარჩა, თუმცა პროდუქტზე ფასის ზრდის გამო ხელმისაწვდომობა შეიზღუდა, რასაც შედეგად მოჰყვა, ერთი მხრივ, იაფფასიანი და უხარისხო, ხოლო მეორე მხრივ, არალეგალური პროდუქტით ბაზრის გაჯერება, თუმცა ეს ჯერ ყველაფერი არაა, საქართველოს ბაზარი ბოლო პერიოდამდე დახურული რჩებოდა თამბაქოს ახალი, გახურებადი ნაწარმისათვის, რომელიც ევროკავშირის ჩათვლით ჯამში 50-მდე განვითარებულ ქვეყანაში თავისუფლად იყიდებოდა (და იყიდება), როგორც ტრადიციული სიგარეტის ჩამნაცვლებელი, მოწევით გამოწვეული რისკების შემამცირებელი პოტენციალის მქონე ალტერნატივა. შესაბამისად, ეს პროდუქტიც ქართველ მომხმარებლამდე მხოლოდ არალეგალური გზით აღწევდა.

საბოლოო შედეგები?

წმინდა ფინანსური თვალსაზრისით, მხოლოდ გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტმა 200 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო;

მომხმარებლის მნიშვნელოვანი ნაწილი „გადაერთო“ იაფფასიან, უხარისხო და საეჭვო წარმოშობის პროდუქტზე, რაც მათ ჯანმრთელობაზე დადებითად ნამდვილად არ ასახულა.

შემცირდა მწეველთა რიცხვი? – შეგვიძლია ვიდავოთ, ან შემიძლია ყოველგვარი დავის გარეშე გითხრათ, რომ  – არა!

ესეც ჩვენი, ეროვნული და განუმეორებელი „მანჩესტერის ეფექტი“.

მიზანი კეთილშობილური და ჰუმანური იყო და არის, რადგან მწეველთა რიცხვის  და მისგან გამომდინარე სიკვდილიანობის შემცირება გლობალური გამოწვევაა, რასაც კარგად გააზრებული, ათწლეულზე გათვლილი რაციონალური პოლიტიკა უნდა დავუპირისპიროთ, მათ შორის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის და არა მხოლოდ მისი სახით. მხოლოდ ასე შევინარჩუნებთ სასურველი შედეგის მიღწევის შანსს.

ერთი მცირე მინიშნება – მწეველთა 80% დაბალშემოსავლიან, ღარიბ ქვეყნებში ცხოვრობს.

ძალიან მდიდარ დიდ ბრიტანეთშიც კი, სადაც თამბაქოს კონტროლის მიზნებისათვის ყველაზე მკაცრი კანონმდებლობაა, ყველაზე მეტი მწეველი ბლექპულშია – დიდი ბრიტანეთის უღარიბეს მხარეში.

დასაწყისში ვთქვი, რომ ეს ყველაფერი არ იყო ფეხბურთზე.

ბოლო-ბოლო არც სიგარეტზეა.

ნებისმიერ სფეროში, ყველაზე კეთილშობილურ მიზნებზე ორიენტირებული ყველაზე აშკარა გადაწყვეტილებები ხშირად შეცდომის ყველაზე დიდი რისკის მატარებელია, რადგან მათ ყველაზე ნაკლები მოკირკიტე და „მოკრიტიკე“ ჰყავთ.

ბლოგ-პოსტების სერიას წარმოგიდგენთ საინვესტიციო კომპანია – სინერჯი კაპიტალი