მე ის სტუდენტი ვარ, რუსული კანონი მიღების შემთხვევაში წესით რომ არ შეეხება

ნანუკა კოხოძე

მე ის სტუდენტი ვარ, რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, წესით, რომ არ შეეხება, მაგრამ, თან რომ ჟურნალისტია და გამოდის, რომ თუ სტუდენტია და დასაქმებულია თავისივე პროფესიით, ესე იგი, წარმატებულთან ერთად, რასაც ალბათ ზოგიერთი თქვენგანი მაინც გაიფიქრებდა, ამ კანონპროექტის მიხედვით, უცხო ძალის ინტერესების გამტარიცაა.

მე ის სტუდენტი ვარ, რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, წესით, რომ არ შეეხება, მაგრამ ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და რომლებმაც შეიძლება მისი სამომავლო სწავლის გადასახადი დაფაროს, რადგან ბევრი იშრომა და უნდა, რომ კიდევ მეტი იშრომოს, რომ მერე საქართველოში დაბრუნდეს და ქვეყნისთვის მაქსიმუმი გააკეთოს, შეიძლება, საერთოდ გაქრნენ, რადგან, ამ კანონპროექტის მიხედვით, უცხო ძალის ინტერესების გამტარები არიან და აბა, ასე იარლიყმირტყმულს (რომელიც, ანუ, არ ვიცი, რამე დიდ სხვაობას ხედავთ უცხო ძალის ინტერესების გამტარსა და აგენტს შორის? უბრალოდ, ცოტა მეტი სიტყვაა და ის ხუმრობა თუ სტატისტიკური მონაცემი ხომ გახსოვთ, ქართველებს წაკითხულის გააზრება რომ გვიჭირს – ამათ ეგ მართლა დაიჯერეს და ახლა ასე ცდილობენ, გვაჯობონ) დიდხანს ვინღა გააჩერებს და ეს წინასწარმეტყველება არ გეგონოთ, უბრალოდ, რუსეთში ამ კანონის ფარგლებში რაც ხდება, მაგ ქრონოლოგიით ვმსჯელობ.

მე ის სტუდენტი ვარ, რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, წესით, რომ არ შეეხება, მაგრამ კარგად რომ იცნობს რუსეთს და იცის,  რომ 2012 წელს რუსეთშიც მიიღეს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონი და იცის, რომ ის კიდევ უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე ის, რისი მიღებაც ახლა უნდათ ჩვენებს და რომ იცის, რომ ეს კანონი ნაბიჯ-ნაბიჯ გამკაცრდა და რომ იცის, რომ ადამიანებს აგენტის იარლიყის გამო დევნიან და რომ იცის, რომ როცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ფურცლიდან გვიკითხავს რუსეთში ამჟამად მოქმედ კანონს ოდნავ განსხვავებული დასახელებით, გვატყუებს – არა იმაში, რომ ასეთი წესები ქართულ კანონმდებლობაში არ არის, არამედ იმაში, რომ 2012 წელს არც რუსეთში ყოფილა ასეთი მძიმე შეზღუდვები და რომ კანონის ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობაა და არა, მართლა, რაღა გამჭვირვალობაზე ლაპარაკობთ, როდესაც წესით ყველაზე სამართლიანი მოსამართლეების კეთილსინდისიერება ვერ შეგვიმოწმებია ქვეყანაში და ბანკი საიდან იღებს დაფინანსებას ამაზე ვერ გაუცია პასუხი პარლამენტის თავმჯდომარეს.

მე ის სტუდენტი ვარ, რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, წესით, რომ არ შეეხება. მაგრამ შარშან მარტში, სამსახურში წასვლამდე, დილით პარლამენტის წინ რომ იდგა, მერე რომ მოატყუეს, განხილვა გადაიდოო და ოფისში რომ წავიდა, ერთ საათში განხილვა რომ დაიწყეს, გიჟივით რომ გამოიქცა უკან, მერე გვიანობამდე რომ დარჩა და დარბევა რომ დაიწყო და რომ სციოდა და მეგობრებს რომ ვეღარ პოულობდა და რობოკოპების არა, მაგრამ დედის ანერვიულებული ზარის რომ შეეშინდა და მეორე დღეს მაინც კიდევ რომ გავიდა და თავისი კურსელების ანერვიულებულ ვიდეოებს რომ უყურებდა გულგახეთქილი, რადგან წიწაკის სპრეის და ცრემლმდენი გაზის ღრუბლებიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ და მერე კანონი რომ გაიწვიეს და რომ იზეიმა, მაგრამ 9 მარტსაც პირბადით რომ მივიდა პარლამენტთან, რადგან ამათ არ ენდობოდა და თურმე სწორადაც არ ენდობოდა, რადგან როგორც ტიკტოკის ერთ-ერთ ცნობილ საუნდშია „შემდეგ ჯერზე, როდესაც ვინმე გეტყვით, „მთავრობა ამას არ გააკეთებს“, ოჰ, ისინი ამას აუცილებლად იზამენ“…

მე ის სტუდენტი ვარ, რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, წესით, რომ არ შეეხება. მაგრამ 22 ევროპარლამენტარის განცხადება რომ წაიკითხა, სადაც ამბობენ, რომ შეიძლება ერთადერთი ეროვნული სიხარული და გამარჯვება, რომელიც ამ 21 წლის განმავლობაში ცხადად ახსოვს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, უკან წაიღონ, რადგან ვიღაც დგას და დაჟინებით იძახის, რომ ეს კანონი რუსული კი არა ამერიკულია და რომ 2023 წლის მარტი იყო საუკუნის აფიორა და რომ ჩვენ, გულანთებული ახალგაზრდები და არამარტო ახალგაზრდები, რადგან იქ იდგა ყველა, ვისაც საქართველო გულწრფელად უყვარს, ვიღაცის დაქირავებულები და გონებაარეულები ვიყავით.

მე ის სტუდენტი ვარ, რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, წესით, რომ არ შეეხება. მაგრამ აი, მაგრად რომ უკვირს, როცა მთელი ცივილიზებული დასავლური სამყარო გეუბნებათ, რომ ეს კანონი არის რუსული და ქართველ ხალხს არ უნდა და ერთადერთი, ვინც თქვენივე ნარატივს სიტყვასიტყვით იმეორებს და ამბობს, რომ ეს კანონი ამერიკულია პუტინის პრესსპიკერია, როგორღა გჯერათ, რომ ფეისბუქისგან მცდარ ინფორმაციად მონიშნული ქარდებით და ნახევარსაათიანი ბრიფინგებით ვინმეს კიდევ მოატყუებთ…

ამას რომ ვფიქრობ, ჯერ მეცინება, მერე მეტირება, მერე სტაბილურ მდგომარეობაში ვბრუნდები, წარბს ვჭმუხნი და ვფიქრობ, უბრალოდ ძალიან, ძალიან ბევრს ვფიქრობ ყველა დიალოგში, ყველა ხუმრობაში, ყველა სპექტაკლში, ყველა სერიალში, ყველა წიგნში, ყველა მეგობრებთან გასვლის დროს, ყველა საყვარელი საჭმლის მომზადებისას, ყველა გამოცდისთვის მეცადინეობისას, ყველა მოკლე ჩანახატის დაწერისას, ყველა განტვირთვის მცდელობისას  – არა… რატომ ვარ უცხო ძალის ინტერესების გამტარი, თუ: ქართულ ფილმებს ვუყურებ; ქართულ მუსიკას ვუსმენ; ქართულ ლიტერატურას ვკითხულობ; საქართველოს ისტორიას ინტერესით და სიყვარულით ვსწავლობ; გამორჩეულ ქართველ ქალებს, მუსიკალურ, სპორტულ, ლიტერატურულ მიღწევებს ყოველთვის უდიდესი სიხარულით ვეცნობი; თუ 26-ში, როცა ჩვენი ნაკრები ევროპაზე გავიდა, ბედნიერებისგან ვიტირე და მერე ძალიან ბევრი ვირბინე; თუ ვდგავარ აქციებზე, ვაფიქსირებ ჩემს სამოქალაქო პოზიციას; თუ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში; თუ 2008 წლიდან მახსოვს, რომ რუსეთი მტერია; თუ 2004 წლიდან ვიცი, რომ საზოგადოების ყველა წევრს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი და პოლიტიკური შეხედულებები; თუ ვიცი, რომ, რასაც ვისწავლი და გავაკეთებ, აუცილებლად საქართველოს უნდა მოვახმარო; თუ ვამბობ, რომ აქედან წასვლა არ მინდა…

მე ის სტუდენტი ვარ, რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში რომ შეეხება და რომ იცის – ეს კანონი ყველას გვეხება.