„მე ვეღარ ვსუნთქავ“ და COVID-19: ამერიკის დღევანდელი კრიზისი ფსიქოტრავმატოლოგიური პერსპექტივიდან

ჯანა ჯავახიშვილი

პანდემია რომ დაიწყო, მარტში, მე და ჩემს მასწავლებელს, ჰოლანდიელ პროფესორს ბერთოლდ გერსონს, რომელთანაც რეგულარულად ვათანხმებ ფსიქოტრავმის ევროპული საზოგადოების სტრატეგიას (ESTSS-ის ერთერთი დამფუძნებელი მამაა), პროფესიული კამათი მოგვივიდა. მე ვამბობდი, კოვიდი – დიდი მასშტაბის კატასტროფაა და ფსიქოტრავმის საზოგადოებამ უნდა ჩვენი პროფილის მიხედვით რეაგირება გავაკეთოთ-თქო (მაგ., შემუშავებული გვაქვს ე.წ. TENTS Guidelines on psychosocial care during major incidents and disasters, და ამ სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით მოქმედებას ვგულისხმობდი). ბერთოლდი მეუბნებოდა – არ არის ინფექციური დაავადებები ჩვენი საქმე, დამშვიდდიო.

მოკლედ, რა დამამშვიდებდა, და როგორც კატასტროფის დროს, ისე ვმუშაობდით მთელი ეს პერიოდი კოლეგებთან ერთად – აქაც და ევროპის ფსიქოტრავმის საზოგადოებაშიც (კრიზისული ფსიქოლოგიური კონსულტირების სერვისები, პანდემიის დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის რეკომენდაციები, სიტუაციის შესასწავლი კვლევა და ა.შ.).

გუშინ ბერთოლდმა მომწერა = გადავსინჯე ჩემი მოსაზრება, მგონია რომ ეს რაც ხდება დიდი მასშტაბის კატასტროფაა და ახლა ჰოლანდიის მთავრობამ წიგნი დამიკვეთა კატასტროფებზე და დროებით ჩემს პენსიონერულ მშვიდ ცხოვრებას თავს ვანებებო (ხატვა დ როიალზე დაკვრა ისწავლა, საკმაოდ კარგად, რაც პენსიაში გავიდა და ბოლო დროს, ძირითადად, ამით იყო დაკავებული<3:). მეტსაც გეტყვიო – რაც ამერიკაში ხდება, იმასაც კოვიდის შედეგად განვიხილავო. მოკლედ, სამთვიანი კამათი შევწყვიტეთ, რადგან ამ მომენტიდან ჩვენი მოსაზრებები უკვე დაემთხვა ერთმანეთს.

რაც ამერიკაში ხდება – პანდემიას ამაში დიდი წვლილი მიუძღვის. რასაკვირველია, არის ბევრი სხვა განზომილებაც და ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი – ფერადკანიანი მოსახლეობის ღრმად ფესვგამჯდარი სისტემური ჩაგვრა, მაგრამ ამაში არ ვარ კომპეტენტური და არ დავიწყებ მსჯელობას.  ვილაპარაკებ მხოლოდ ჩემი სპეციალობის კუთხიდან: კოვიდ-19 არის დიდი მასშტაბის კომპლექსური სტრესორი, რომელიც სიცოცხლეს ემუქრება. კომპლექსურობაში ვგულისხმობ იმ ღონისძიებების დესტრუქციულ გავლენასაც, რაც პანდემიასთან ბრძოლას მოყვა – “სოციალური იზოლაციიდან” დაწყებული, სამუშაო ადგილების დაკარგვითა და ანტიდემოკრატიული პროცესებით დამთავრებული. ასევე, კოვიდმა ლაკმუსივით გამოავლინა საზოგადოებაში არსებული უსამართლობა და ჩაგვრა.

რამდენადაც ადამიანის სიცოცხლეს ემქურება, COVID-19, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, მატრავმირებელი სტრესორია. ინდივიდუალურ დონეზე, სხვა პანდემიების (მერსი, სარსი, ებოლა) შედეგები შესწავლილია და მაღალია მოსახლეობაში დეპრესიის, შფოთვის, ადაპტაციური აშლილობებისა და პოსტ ტრავმული აშლილობების გავრცელება; განსაკუთრებით, რისკის ჯგუფებში: ვინც გადაიტანა დაავადება, ვისაც ოჯახის წევრი გარდაეცვალა, ვისაც წარსულში ძალადობის გამოცდილება აქვს და იძულებით კარანტინს დაექვემდებარა, სამედიცინო პესონალს და ა.შ. მაგრამ როდესაც კოლექტიურ დონეზე მსჯელობ, ჩემს პროფესიულ თემში ყოველთვის გეუბნებიან – დადე მტკიცებულება, გაზომე, და მერე ილაპარაკე.

ხოდა, ძალიან ძნელია კოლექტიური რეაქციების გაზომვა – აქ ანალიზია საჭირო, ყველაფერს ვერ გაზომავ. მაგალითად, რა უნდა გაზომო ახლა ამერიკაში, რა უნდა იყოს დამოუკიდებელი ცვლადი და რა – დამოკიდებული. მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ის პრობლემები რაზეც ხალხი ახლა ასე ბობოქრობს, საზოგადოებაში არსებობდა, ხოლო პანდემიის კატასტროფულმა კონტექსტმა ლაკმუსივით გამოავლინა.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ჩაგვრა არსებული კრიზისის საკვანძო მიზეზია, ამერიკის დღევანდელი კრიზისის ტრავმული განზომილება მაღალია. კერძოდ, ხალხის სიცოცხლეს ემუქრება COVID-19 – მატრავმირებელი სტრესორი. ხალხი განიცდის შიშს, შფოთვას, ჰიპერაგზნებულია (ეს სულ ტრავმული რეაქციებია). ბრაზი და რისხვა – ტრავმული ჰიპერაგზნების ვექტორის ტიპიური გამოვლინებაა.

COVID-19-ის მიმართ ბევრად უფრო დაუცველი სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობა, რომლის უმრავლესობას ამერიკაში შავკანიანი და ლათინური წარმოშობის მოსახლეობა წარმოადგენს. აქაც, საქართველოში, თუ ეპიდემიამ დიდი მასშტაბი მიიღო, ყველაზე მოწყვალდი ფენა – სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება. და სწორედ ეს ავლენს იმ სოციალურ უსამართლობას, რომლის არსებობას ბევრი აქაც უარყოფს და ამერიკაშიც.

ამერიკაში COVID-19-ის ვითარებამ ღრმად ფესვგამჯდარი უსამართლობა გამოავლინა: მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობას წარმოადგენენ, გარდაცვლილების ორი მესამედი სწორედ შავკანიან და ლათინოამერიკული წარმოშობის მოსახლეობაზე მოდის. პროტესტიც სწორედ ამ მოწყვლადმა მოსახლეობამ დაიწყო – უსამართლობის განცდისა და დაუცველობის გამო.

თუმცა, პროტესტს ფორმა კოვიდის მიმართ შიშმა და შფოთვამ მისცა, რომელიც კოვიდზე ვერ  მიიმართება – ერთი უჩინარი პატარა ნაწილაკია, ზომით მიტკლის უხილავ ნაჩვრეტებზე უფრო მცირე. ამიტომ, ამ შიშისა და უსუსურობის განცდის საპასუხოდ აღმოცენებული კოლექტიური ბრაზი პროეცირდება უახლოეს ხელმისაწვდომ გარემოსა და ობიექტებზე – ადამიანებზე, მანქანებზე, სახლებზე და ა.შ. სოციალური უსამართლობის განცდა ამ რისხვის მიზეზია, მაგრამ მისი “საწვავი” – COVID-19-ის შიში, და მისგან თავის დაცვის უუნარობისა და უსუსურობის განცდის საპასუხოდ აღმოცენებეული კოლექტიური აგრესია.

ჩემთვის, ამ ანალიზის ერთერთი ბიძგისმომცემი ის მომენტი იყო, როცა გავაცნობიერე, რომ პოლიციის მიერ მოკლული ჯორჯ ფლოიდის სიტყვები “მე ვეღარ ვსუნთქავ”, რომელიც კოლექტიური პროტესტის მთავარ ნიშან-გზავნილად იქცა, ერთი ერთზე ემთხვევა, სარკისებურად ასახავს COVID-19-ის მთავარ სიმპტომს – სუნთქვის გართულებას. ის ზუსტად არეკლავს კოლექიურ შიშსა და უსუსურობის განცდას, რასაც პანდემიის სიტუაცია იწვევს საზოგადოებაში. რასაკვირველია, არსებულ ვითარებას ბევრი სხვა განზომილებაც აქვს, მე უბრალოდ ფსიქოტრავმატოლოგიური პოზიციიდან ვაანალიზებ, რომლის გათვალისწინებაც საჭიროა მოგვარების გზებზე ზრუნვისთვის, მას კი ხშირად უგულებელყოფენ, ფსიქოტრავმატოლოგებიც კი, რადგან “ვერ იზომება”. . .