ნაჩო და ნინო, ანუ ციმბირში პუანტების გარეშე

დავით ბუხრიკიძე

გულზე ხელი დაიდეთ, ან თუ გნებავთ ნუ დაიდებთ, ისე თქვით, რამეს თუ გეუბნებათ სახელი და გვარი – ნაჩო დუატო? სტაჟიან ბალეტომანებს, მრავალგზის პუანტგაცვეთილებს, თანამედროვე ცეკვით გატანჯულებს, ჟიზელის საფლავზე აღმართული ჯვარცმიდან გარდამოხსნილებს და კირკიტა კრიტიკოსებს, მაინცა და მაინც არ ვგულისხმობ… ასე ვთქვათ, ხალხის ხმა – Vox Populi გვაინტერესებს, რომელსაც ტელევიზია და პრესა ქუჩაში ასე ხშირად  მიმართავს.

და ვთქვათ, ჟირი კილიანი, ფრედერიკ ეშტონი, თრეი მაკინტაირი, სტენტონ უოლში, ჯერომ რობინსი, ჰანს ვან მანენი, ტეტ კასკი, მედი ვალენსკი?…

ეს იმ ცნობილი დასავლელი ქორეოგრაფების ნაწილობრივი ნუსხაა, რომლებითაც ოდესღაც მოსკოვის სახელოვანი „ბოლშოის“ პრიმა, ბრიტანული Daily Telegraph-ის მიერ ყველა დროის საუკეთესო 12 ბალერინას შორის აღიარებული და 2004 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი, ნინო ანანიაშვილი 16 სეზონის განმავლობაში ცდილობდა ოპერის და ბალეტის თეატრი თავისებურად შეეცვალა, გადაეხალისებინა, ექსპერიმენტებით გაემდიდრებინა.

ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით დაახლოებით სამოცი საბალეტო სპექტაკლი და მინიატურა დაიდგა თუ აღადგინეს. პანდემიის დაწყებამდე თეატრის რეპერტუარში იყო როგორც კლასიკური სპექტაკლები და მათი ახალი რედაქციები, ისე თანამედროვე ქორეოგრაფიული ოპუსები, რომელთა უმრავლესობა 2004 წლამდე არასოდეს დადგმულა საქართველოში.

განვლილ წლებსა და ხშირად სარისკო ექსპერიმენტებს პრესაში შლეიფივით მოყვებოდა ნინო ანანიაშვილის სამართლიანი თუ უსამართლო კრიტიკა. თუმცა ახლა ეს ყველაფერი გადავიწყებულია, მათ შორის, სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოსწავლეთა სასახლის მითვისება-ათვისების მცდელობა, რამაც მისი და მისი მეუღლის იმიჯი საგრძნობლად შეარყია. არანაკლებ ხმაურიანი აღმოჩნდა მისი აშკარა დაპირისპირება ქორეოგრაფული სასწავლებლის ხელმძღვანელთან, თამაზ ვაშაკიძესთან, რასაც თან სდევდა პოლიტიკური მიზეზებიც. რის გამოც თეატრის ყოფილი სოლისტი და ქორეორაფი თამაზ ვაშაკიძე უბრალოდ იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო.

თუმცა ახლახან გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ 2021 წლის იანვრის ბოლოდან ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს, გაცილებით დიდი და პოლიტიკური რეზონანსი შეიძინა.

„კონკრეტული გეგმა ჯერ არ მაქვს, რადგან დასს კარგად არ ვიცნობ. რამე რომ შესთავაზო, ჯერ პერსონალურად უნდა იცნობდე მსახიობებს და შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო… მათ უკვე ჰქონდათ თავიანთი გეგმა და ცხადია, ჯერ ეს გეგმა უნდა ვნახო, შევისწავლო და უკვე შემდგომ მივიღო გადაწყვეტილება“ – აცხადებდა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში სახელოვანი მოცეკვავე.

ამას მოჰყვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პირობებში, ანანიაშვილის გადაწყვეტილებას გამართლება არა აქვს“. თუმცა არც ნოვოსიბირსკის თეატრიდან დააყოვნა პასუხმა: „მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში. თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე – დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე“.

საბოლოოდ პასუხი იანვრის ბოლოს გაირკვევა, როცა ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უნდა შეხვდეს.

და მაინც, შეკითხვები გრძელი და დაუსრულებელი „ბატმანივით“ ჰაერში ჰკიდია: რატომ მაინცა და მაინც ნოვისიბირსკი, რატომ, რუსეთი და არა ვთქვათ, ლონდონი, კოპენჰაგენი ან ჰამბურგი?.. სადაც ის უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდში, 90-იან წლებში, ვარსკვლავის სტატუსით გამოდიოდა. სხარტი პასუხი გულისხმობს, რომ დასავლეთში ყველა ადგილი დაკავებულია და თან მაღალხარისხოვანი ქორეოგრაფების მიერ. ანანიაშვილი კი უფრო კლასიკითა თუ მოდერნით შთაგონებული რესტავრატორია, რომელსაც რეპერტურის დაგეგმვა და მოდერნიზება უფრო შეუძლია, ვიდრე რაიმე ახალის დადგმა.

სხვათა შორის, ამის პრეტენზია არცა აქვს. ალბათ, უფრო ახალი პროექტებით იქნება დაკავებული და დასავლეთიდან გამორჩეული ქორეოგრაფების მოზიდვას მაინც მოახერხებს… თუ რასაკვირველია, ამ სკანდალის შემდეგ მაინც დანიშნავენ საბალეტო დასის ხელმძღვანელად. არც ისაა გამორიცხული, მათ შორის ცნობილი თანამედროვე ესპანელი ქორეოგრაფი, ნაჩო დუატოც ვიხილოთ, რომლის ჩამოყვანაც თბილისში მას ძალიან უნდოდა და აქამდე ვერ მოახერხა.

რუსეთში კარგად უწყიან, რომ მისი სახელი და კავშირები დასავლეთთან და ამერიკასთან (ანანიაშვილი წლების განმავლობაში ამერიკული ბალეტის სოლისტიც იყო) უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც სანიმუშო ჩინოვნიკის არტ-მენეჯერული გარჯა. თუმცა არც დიდი თეატრის მიერ გაღებულ ამაგს უვიწყებენ (ანანიშვილის პედაგოგები თავის დროზე იყვნენ – რაისა სტრუჩკოვა, მარინა სემიონოვა და ნატალია ზოლოტოვა). რაც ქმნიდა და ქმნის პირობას, თუ რატომაა მისი „გადასროლა“ ციმბირში ასე მნიშვნელოვანი. სხვა საკითხია რამდენად შესაძლებელი იქნება „დეკაბრისტ-ბალერინას“  მოულოდნელი გადახვეწა ნოვოსიბირსკში.

უნდა ითქვას, რომ ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობა საბჭოთა არქიტექტურის, უფრო ზუსტად სტალინური კლასიციზმის ბრწყინვალე ნიმუშია. ეს არის რუსეთში ყველაზე დიდი თეატრალური შენობა, რომელიც 1935- 41 წლებშია აგებული. 2005-2006 წლებში ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ ის  ყველაზე თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა, ხოლო საოპერო და საბლეტო სპექტაკლების დასადგმელად ხშირად იწვევენ  დასავლეთიდან რეჟისორებსა და ქორეოგრაფებს. თეატრს გამორჩეული საბალეტო და საოპერო დასი ჰყავს, ხოლო ნოვოსიბირსის საოპერო თეატრში დადგმულ სპექტაკლებს ლამის ყოველ წელს ანიჭებენ  ნაციონალურ და ყველაზე პრესტიჟულ თეატრალურ პრემიას – „ოქროს ნიღაბს“.

ყველაზე სკანდალური და მნიშვნელოვანი ამბავი ბოლო წლებში მაინც 2015 წელს, ცნობილი რეჟისორის, ტიმოფეი კულიაბინის მიერ დადგმულ ოპერა „ტანჰოიზერს“ უკავშირდება. პრემიერის შემდეგ ნოვოსიბირსკის მიტროპოლიტმა ტიხონმა რეჟისორის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღძრა „რელიგიური გრძნიბების შეურაცხყოფის“ გამო. რასაც რუსეთის თეატრალურ წრეებში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

მოკლედ, „დეკაბრისტობა“ ძნელია, განსაკუთრებით როცა ჯერ არ ხარ არც „დანიშნული“ და არც „გადასახლებული“. მანამდე კი იმის იმედად უნდა ვიყოთ, გამონახავენ თუ არა საერთო ენას ბატონი ნაჩო და ქალბატონი ნინო. ჰო მართლა, ვის გინახავთ და მოგწონთ ნაჩო დუატოს ქორეგრაფია?