ნაცის წერილი

პუბლიკა

სანდრო ნავერიანი

რეჟისორი, სცენარისტი 

ისე დალაგდა, რომ ჩემი ბოლო აქტივობა პრესაში ერთიანობას ეხებოდა, ისევე, როგორც – ეს წერილი. ‘ერთიანობა’ რომ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ტრაფარეტულად კი გვაქვს გამოტანილი სახელმწიფო გერბზე, მაგრამ სიტყვების სიღრმეს, ალბათ, ჯერაც ვერ ვხვდებით. 

ძალა მართლაც არის ერთობაში, არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებ, ტრაფარეტულად რომ ვთქვა, კარგს თუ ცუდს – თუ არის ერთიანობა, შედეგიც იქნება გაცილებით დიდი, ვიდრე იქნებოდა. 

ორი დღის წინ გიორგი ქოჩორაშვილმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, პირად ინსტაგრამგვერდზე დადო მეტაფორული ფოტო, რომელზეც გამოსახულია მისი დისშვილი (თუ არ ვცდები), ევროკავშირის დროშით ხელში. პოსტი ეძღვნებოდა ხელისუფლების მცდელობას, რუსული კანონი „დააქამბექოს“. 

ნორმალურ ქვეყანაში ქოჩორას საერთოდ არ მოუწევდა იმ ფოტოს გამოქვეყნება. ქოჩორა არ ცხოვრობს ნორმალურ ქვეყანაში, არც გაზრდილა ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ ხვდება, რომ, თუ ის არ იაქტიურებს, ნორმალურ ქვეყანაში ვერც მისი შვილი იცხოვრებს. მიუხედავად ამისა, ქოჩორას როგორ უყვარს თავისი არანორმალური ქვეყანა, ყველამ ვნახეთ 26 მარტს. პირადად ჩემთვის კი ქოჩორას პოსტი ბევრად მეტს მეტყველებს მასზე, ვიდრე ის, რომ ცხენივით ირბინა 120 წუთი და სადაც კი რამე შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. 

მტკიცედ მჯერა, რომ სამი წლის ქართველსა და სამი წლის დანიელს ბურთი რომ გაუგორო, სხვადასხვანაირად მიიღებს და გამოგიგორებს უკან. მტკიცედ მჯერა, რომ ქართველებს ფეხბურთის განსხვავებული ნიჭი და სიყვარული გვაქვს. ფეხბურთი ძალიან მიყვარს, ერთადერთი სპორტია, რომელიც მიყვარს და, ზოგადად, ჩემთვის ფეხბურთი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთ ბურთს ადევნებული 22 კაცი.

26 მარტს ამას ისინიც მიხვდნენ, ვისთვისაც მანამდე ფეხბურთი ერთ ბურთს ადევნებული 22 კაცი იყო. ჩემთვის ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილია. თერაპიაა. სიამოვნებაა. ზღვა ემოციაა. ყოველ ჯერზე სიურპრიზი და გაოცებაა. ცნობილი ფრაზის პერიფრაზი რომ გავაკეთო, ჩემთვის ფეხბურთი მეტია, ვიდრე – ფეხბურთი, მაგრამ შევეცი ფეხბურთს, თუ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთის ადგილი აღარ არის. 

და კი, ჩვენ თუ ამ გზით წავედით, რა გზითაც დღეს მივდივართ, აუცილებლად დადგება დღე, როცა ფეხბურთის კი არა, არც შენი ადგილი იქნება ამ ქვეყანაში, არც – ჩემი. შენც დაგიჭერენ და ტრიფონსაც. ერთადერთი ხსნა არის ერთიანობაში, ისეთ ერთიანობაში, როგორიც 26 მარტს გვაჩვენა საქართველოს ნაკრებმა და არა ისეთ ერთიანობაში, როგორც დღეს, მორიგ მელანქოლიურ დღეს გვაჩვენა სოლომონ კვირკველიამ, რომელმაც კახა კალაძის მხარდამჭერი ფოტო გამოაქვეყნა პირად ინსტაგრამ გვერდზე.

სოლომონს, რომელსაც ყველა ლოგიკით უნდა დაეცვა თავისი გუნდელი, თანამებრძოლი, რომელთან ერთადაც მინიმუმ სამი დიდგორი ელოდება წინ, დაიცვა ქალაქ თბილისის მერი, რომელმაც, თავის მხრივ, წინა დღეს სოლომონის გუნდელის, ქოჩორაშვილის მამას ნაცი უწოდა იმიტომ, რომ ის გახარიას პარტიაშია. 

აი, ამ *** თუ ვინმე რამეს გაუგებს, ძალიანაც კარგი. 

კალაძეზე საუბარი საერთოდ არ მინდა, არც კვირკველიაზე. ეგ ორნი ჩემთვის უკვე ერთ სექტორში სხედან და არა მგონია, თაფლის წასმამ და კოხტაზე წამოგორებამ უშველოთ. ჩემმა მეგობარმა ვახტანგ დავითაშვილმა თქვა, კალაძეს კოლეგიალობის ნატამალი აღარ დარჩენია, არც როგორც ყოფილ ფეხბურთელს და არც როგორც ყოფილ ნაცმოძრაობის აქტივისტს, რომელიც რვა ნოემბერს 7 ნოემბერს აპრავებდა.

ვახო არაა ჩემსავით ყიამყრალი, კორექტული ადამიანია, თუმცა შინაარსში – ცუნამი. აქ დავამთავრებ ქალაქის მერსა და ერთ დროს ყველა ქართველისთვის საყვარელ ფეხბურთელზე საუბარს და გადავალ მთავარზე.

არ ვიცი, რამდენს და როგორ კითხულობენ ქართველი ფეხბურთელები, მაგრამ მაინც მინდა, მათ მივმართო, იქნებ სადღაც გაჟონოს ვიკილიქსივით და ნაკრების ერთ ფეხბურთელამდე მაინც მივიდეს ეს სიტყვები: ბიჭებო, მთელი საქართველოს კაცობა და 26 მარტის შემდეგ ქალობაც ოღონდ თქვენ ადგილას იყვნენ და ყურს მოიჭრიან; საოცნებო ცხოვრება გაქვთ; ვიღაცებისთვის ახლა იწყება ყველაფერი; ათასჯერ მოიგებთ და წააგებთ; ძალიან ბევრ იმედგაცრუებას და გამართლებას ნახავთ; ახვალთ-ჩახვალთ – ასეთია ცხოვრება და შესაბამისად, ფეხბურთიც, არაფერი არ იცვლება ამ სამყაროში, ეს არის კანონზომიერება – ეიფორია, დარდი, მელანქოლია, სიხარული, ტრალი ვალი.

ნებისმიერ შემთხვევაში, როცა კარიერას დაასრულებთ, გეცოდინებათ, რომ ყველაფერი გააკეთეთ საიმისოდ, რომ ყველაზე მაღალი მიზნებისთვის მიგეღწიათ ფეხბურთში და ეს აუცილებლად შვებას მოგგვრით, რადგან თქვენ თავთან მართლები იქნებით. და დამიჯერეთ, რომ ეს სასიამოვნო იქნება, გულდასაწყვეტიც, მაგრამ სასიამოვნო, რადგან გეცოდინებათ, რომ არც ერთხელ თქვენი გულშემატკივარი არ მოგიტყუებიათ. ჰოდა, აი, მწვანე ბალახს რომ ბოლოჯერ დატოვებთ, თქვენი ნამდვილი ცხოვრება მერე დაიწყება, იქ, სადაც მხოლოდ რჩეულების ადგილი არ არის, იქ, სადაც თქვენი გულშემატკივრებიც ცხოვრობენ და ისე გააკეთეთ, რომ ამ, მოკვდავების სამყაროში თავი ისევე გქონდეთ აწეული, როგორც მინდორზე. 

არ ვიცი, ამდენი პათეტიკა საიდან, მაგრამ ახლა ზუსტად ასე ვგრძნობ თავს, სიტყვებს რომ ხელები ჰქონდეთ, წინადადებებს შორის დაინახავდით ჩემს ემოციებს, მაგრამ ეს უმნიშვნელოა, მნიშვნელოვანია რომ თქვენ, ყველამ, ადგეთ და ჯერ თქვენს გუნდელს დაუჭიროთ მხარი, პრივატულ „მესიჯებში“ კი არა, საჯაროდ, ყველას დასანახად და მერე უბრალოდ გაიაზროთ, რომ თქვენს სიტყვას ახლა გაცილებით დიდი წონა აქვს, ვიდრე ჩემსას ან ვახოსას. თქვენ გაქვთ შანსი, უთხრათ უარი მომავალს, რომელიც ყველას გვეუბნება, რომ როგორც უნდა, ისე მოგვექცევა.

დესერტად მამუკა მდინარაძის სიტყვებს გაგახსენებთ, დღეს თუ გუშინ რომ თქვა, რომ გვინდოდეს, ნახევარ ნაკრებს გამოვიყვანდით და ჩვენს სასარგებლო პოსტებს დავაწერინებდით, მაგრამ არ ვიკადრებთო. ჰოდა, გაქვთ ახლა შანსი, რომც იკადრონ, რომ არ გამოუვიდეთ.