პანკისი – ზოგადი და განზოგადებული

პაატა შამუგია

ქართველებს ბედნიერების გვეშინია, ამიტომაც, მუდმივად ვირჩევთ ისეთ ხელისუფლებას, რომლის დროსაც  ეს შიში არ შეგვაწუხებს. – ასე დავიწყე ერთ-ერთ აქციაზე ჩემი გამოსვლა. ამ ბლოგსაც ამავე შესავლით დავიწყებ (ამავდროულად, სრულად ვიზიარებ საეჭვო მოსაზრებას, რომ თვითციტირება ცუდი განათლებისა და კარგი მეხსიერების  ნიშანია).

როცა დავბერდები, შვილიშვილებს მოვუყვები, ჩვენმა ხელისუფლებამ როგორ მოიპარა ჩვენი ახალგაზრდობის დრო, როგორ დაახარჯვინა გოგო-ბიჭებს საუკეთესო წლები მიტინგებზე, აქციებზე, საპროტესტო შეკრებებზე იმ დროს, როდესაც პიროვნულ, სულიერ და პროფესიულ თვითგანვითარებაზე ზრუნავდნენ მათი თანატოლები ევროპაში; იმასაც მოვუყვები, როგორ ვერც ერთხელ ვერ მივედი ამ მიტინგებზე მუდმივად მყოფ მალხაზ მაჩალიკაშვილთან, რადგან არაფერი მქონდა სათქმელი – რა უნდა უთხრა შვილმოკლულ მამას, რომელსაც სახელმწიფო უკიდურესი ცინიზმით პასუხობს? განა მარტო მას – მთელ ქვეყანას რომ დასცინეს და ვის წინააღმდეგაც უმძიმესი ბრალდებებით გამოძიება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, ის კაცი პრემიერად რომ დაგვიდეს, იმასაც ვეტყვი. ადამიანური სასამართლო რომ არაფრის დიდებით არ გვეღირსა, ამას როგორ გამოვტოვებ, მაგრამ არც იმას დავუმალავ ჩემს, სავარაუდოდ, ცნობისმოყვარე შვილიშვილებს, რომ თვით ამ ჯიბის სასამართლოს ჩიკატილოებმაც კი ვერ გაბედეს თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტობაზე ხელაღებით ხელის მოწერა; მაგრამ მოკლული ახალგაზრდის გამო პასუხისმგებლობა რომ არ აუღია არავის, ამასაც სიტყვა-სიტყვით მოვახსენებ.

სამთავრობო მედია (თანმომყოლი ბოტებითა და ტროლებით) აქტიურად ცდილობდა, ერის მტრებად წარმოეჩინა არა მხოლოდ მაჩალიკაშვილების ოჯახი, არამედ მთელი პანკისის ხეობის მოსახლეობა. ზიზღისა და გაუცხოების დაუსრულებელი წარმოებით ხელისუფლება შეეცადა, ლეგიტიმაცია მინიჭებოდა ახალგაზრდის თავში ნასროლ ტყვიას. გარკვეული აზრით, ეს შეიძლება, გამოუვიდათ კიდეც. ჩვენი ნაციონალური სპორტი – განზოგადების ვნება – ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა და ხეობაში ერთეული ტერორისტისა თუ „ჩვეულებრივი“ კრიმინალის აღმოჩენა ითარგმნა მთელი ხეობის „ობიექტური სურათის“ წარმოსაჩენად. რასაკვირველია, გარედანაც ჩანს, რომ ხეობაში ბევრი პრობლემაა. უბრალოდ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამ პრობლემებს იარაღით გამკლავებოდა და, როგორც გაირკვა, ეს იარაღი არასწორად იყო დამიზნებული. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ვერ ზიდა ეს ტვირთი და დაივიწყა, ვითომც არ არსებულა. ისევე დაივიწყა, როგორც პოეტის ცემის საქმე, როგორც „ბირჟა მაფიას“ საქმე, როდესაც ახალგაზრდებს სამუდამო პატიმრობას უსჯიდნენ ჩადებული ნარკოტიკებით. კიდევ ბევრი საქმეა. ერთი ბლოგპოსტი რას გასწვდება და შვილიშვილებსაც არ დავღლი ჭარბი ნეგატივით. მათ ჩვენი ცხოვრების ძირითად მომენტებს მოვუყვები, იქნებ, გაკვეთილად გამოადგეთ, ალაგ-ალაგ კი ლიტერატურის კარტებს გავუხსნი. ავუხსნი, რომ ლიტერატურას მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად იდიოტები კითხულობენ, ჭკვიანები კი, სიამოვნებასთან ერთად, ძალაუფლების, სიკეთის, ადამიანური ვნებების უნივერსალურ მოდელებსაც პოულობენ. მერე ჯულიან ბარნსის რომანს „ინგლისი, ინგლისი“ წავაკითხებ. ვეტყვი, რომ ეს არის წიგნი იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ასლი და ორიგინალი ერთმანეთშია არეული, სადაც ისტორიის ასლსაც კი ამზადებენ, სადაც წარსულსაც კი იმიტირებენ, სადაც საქმოსანი სერ ჯეკი ინგლისის ასლს ქმნის, კუნძულს იყიდის და დაარქმევს „ინგლისი, ინგლისის“. მეფესაც დანიშნავს, რომელიც, ცხადია, ნომინალურადაც კი არაა მეფე. ანუ ზუსტად ის ქვეყანაა აღწერილი, რომელშიც ერთმა ოლიგარქმა წლობით ამოგვაყოფინა თავი. სიტყვა „ოლიგარქი“, ალბათ, არ ეცოდინებათ შვილიშვილებს. იმ დროისთვის ეს დრომოჭმული და უსარგებლო ტერმინი იქნება (იმედი მაქვს), მაგრამ ავუხსნი, სურათებსაც ვაჩვენებ, ამათ გაზულუქებულ მზერაზე ვაცინებ. დისტოპია რომ არის, ეგ არ გამომრჩება, რადგან მაგათ, დიდი შანსია, ძალიან უყვარდეთ ჟანრული ლიტერატურა.

ზემოთ განზოგადების ვნება ისე არ მიხსენებია, თითქოს სხვებს ეხებოდეთ და მე სრულიად დაცული ვიყო. თავის დროზე მეც მეგონა, რომ პანკისში მხოლოდ კრიმინალებს დაედგომებოდათ. რაა დასამალი, იქ არასოდეს ვყოფილვარ. დევნილობის შემდეგ, კახეთში  ვიზრდებოდი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ პანკისში  ვერა და ვერ ჩავედი. შევარდნაძის დრო იყო, თანაც, ამ მხარიდან სულ ცუდი ამბები მოდიოდა, სოფლის ბირჟის ზეპირმეტყველება კიდევ უფრო ამუქებდა ვითარებას და როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა გაურკვეველი დროით გადამადებინა იქ ჩასვლა. ზუსტად ამ პერიოდში ჩამოვიდა პანკისიდან მამაჩემის ახალგაზრდობის მეგობარი, სულეიმან გუმაშვილი, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, და სოფლის ბირჟაზე მოსმენილისგან განსხვავებით, საოცრად დახვეწილი ქართულით ლაპარაკობდა; იყო ძალიან განათლებული, ხაზგასმით ზრდილობიანი და რამდენიმე ჭიქის მერე აღმოჩნდა, რომ ბარე ორ პროფესორზე უკეთ ერკვეოდა ქართულ პოეზიაშიც (მერე და მერე გაირკვა, რომ თავადაც პროფესორი ყოფილა). რაღაც მსგავსი რეაქცია დავიჭირე ხალხში, როდესაც მაჩალიკაშვილი პირველად გამოჩნდა ქართულ ტელევიზიებში. მათაც სწორედ ასე გაუკვირდათ მისი მწყობრი საუბარი და თავდაჭერილობა. არ მიკვირს, რადგან თითქმის ყველა ხელისუფლება ცდილობდა საქართველოს ამ მოქალაქეების ეგზოტიზაციას, რაც ჩვენს ცნობიერებაში მძლავრად დაილექა.

შვილიშვილებს აუცილებლად ვეტყვი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, მიუხედავად ამდენი ცილისწამებისა, ცინიზმისა და დამცირებისა, ღირსეულად მოქცევის მასტერკლასი ჩაგვიტარა მთელ ქვეყანას. იქვე იმასაც გავანდობ (სრულიად საიდუმლოდ, რასაკვირველია), რომ დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში ჩვენი ქვეყნის სიმბოლოები იყვნენ მაკო გომური და მალხაზ მაჩალიკაშვილი – გაუტეხლები, მაგრები, ღირსეულები. ახლავე უნდა ჩავინიშნო, რათა არ გამომრჩეს შვილიშვილებისთვის იმის თქმა, რომ ჩვენ არ დავუშვებდით ჩვენი ქვეყნის სიმბოლოები  წამითაც ყოფილიყვნენ ის კომპიუტერული სიმულაციები, რომელთაც ოლიგარქი ხან პრემიერ-მინისტრის კოდური სახელით აინსტალირებდა თანამდებობაზე, ხან პრეზიდენტის, ხანაც მოსამართლისა.

მე მგონი, შვილიშვილები დამეთანხმებიან. ნამდვილად ასე იქნება.

დააკლიკეთ, მოიწონეთ და გააზიარეთ გამოცემა პუბლიკას ფეისბუქგვერდი