ჩვენ, პუდელები საქართველოსი

ალექს ჩიღვინაძე

ამ ადამიანს წესიერად არც კი ვიცნობდი, თუმცა ერთადაც გვივახშმია. დიდი ხნის წინ, თბილისური ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს, მასთან სახლში. ასეთ ვახშამზე გაზიარებული შემწვარი კარტოფილი და ახალი ტყემალი, ძმადნაფიცობის რიტუალივით არის. გული ჩამწყდა, რომ გავიგე მისი სიკვდილის ამბავი. ეს მხოლოდ ნოსტალგიის ბრალი არ იყო. ამ ადამიანის ოჯახის ყველა წევრს ძალიან ვაფასებ. მათზე ვფიქრობდი, ახლა ალბათ როგორ აიტუზებიან-მეთქი, სადარბაზოში. როგორ გააბოლებენ და უხერხული სიჩუმის დასარღვევად ახალ ამბებს გადასწვდებიან. სინამდვილეშიც ხომ ამ ყველაფერს, მართლა არა აქვს იმაზე მეტი მნიშვნელობა, რასაც პანაშვიდის დროს, სადარბაზოებში ატუზულები მივანიჭებდით. მთელი ეს ხმაურით და მძვინვარებით დატენილი ისტორიები ხომ მხოლოდ სიტყვის მასალაა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებთან შედარებით. ამაზე ფიქრისას, დაკარგულ დროსაც გადასწვდები, იმას თუ როგორ გვირევს ტვინს, ყოველდღიურად, აბებივით გამოწერილი ისტერია და პოლიტიკური ვაკჰანალია. რამდენ აქციაზე ვმდგარვართ უშედეგოდ, პროტესტის გამოსახატად თუ საკუთარი იმიჯის გასამტკიცებლად, ჩვენ, პუდელები საქართველოსი. 

რა შეიძლება იყოს იმაზე უმნიშვნელო, ვიდრე გაავებული, ზიზღით სავსე მინისტრია პარლამენტის ტრიბუნასთან. მინისტრი, რომელიც იმით ტრაბახობს, როგორ უთვალთვალებენ, აბეზღებენ და აკონტროლებენ მისი თანამშრომლები სხვა თანამშრომლებს და პარალელურად მის წინააღმდეგ მიმართულ აქციას, პუდელების აქციად მოიხსენიებს. ეს ხომ „პუდელების კოლექტიური ჯგუფიაო” – ამბობს ადამიანებზე. და მერე როგორი ამრეზით ამბობს?! აბა, რა, მინისტრს ხომ პუდელი ეზიზღება. სამაგიეროდ მტაცებელი ცხოველებით არის აღტაცებული. ისეთი მტაცებლებით, როგორიც მაგალითად, ოლიგარქი ივანიშვილია. და მხოლოდ ივანიშვილი? ურჩხულებით არ არის სავსე მთელი ქართული პოლიტიკა, ეკონომიკური ელიტა, სამღვდელოების ჩათვლით?! მინისტრი ვერ მალავს, რომ თან უფრთხის და თან აღმერთებს ამ მტაცებლებს. ემორჩილება და ჰბაძავს მათ. როგორ თქვა? „გზაზე ნუ გადამეღობებით! ახლა კულტურისთვისაც მოვიცალეთო.” ისე პუდელი იქით იყოს და ვაჟა ფშაველა, საერთოდაც, ცხვარი ვარო, ამბობდა: 

„ბალახი ვიყო სათიბი, 

არა მწადიან ცელობა; 

ცხვრადვე მამყოფე ისევა, 

ოღონდ ამშორდეს მგელობა.” 

ის რაც ღირებულია ქართულ კულტურაში, ისეთი „ცხვრების“ შექმნილი მგონია, ვისაც სიხარბე კი არ ძლევდა, ფულზე კი არ ყიდდა ყველაფერს, მგლობას კი არ ნატრობდა, არამედ იმას იხვეწებოდა, ნეტავ დაჩაგრულების მცველი ვიყო მუდამ და ღრმა და მწვავე ფიქრის დრო და საშუალება მქონდესო. მინისტრისთვის კი, რომელიც რაღა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული პოლიტიკური ცირკისთვის ფასდაუდებელი ჟონგლიორია, სამსახურებიდან უსამართლოდ გათავისუფლებული ადამიანების პროტესტი, მხოლოდ აბეზარ წკავწკავად აღიქმება. რადგან ეს ერთი მუჭა ჩვეულებრივი, უბრალო მოქალაქეები, მისი აზრით, ძალაუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. 

ჩვენს ქვეყანაში იშვიათია პროტესტი, რომელიც იმ საცირკო სანახაობის ნაწილი არ ხდება, რომლითაც ჩვენი ფეოდალურ-მაფიოზური ხელისუფლება რეალური პრობლემების გადაფარვას ცდილობს. იმის დაფარვას რომ მოსახლეობის უმრავლესობას, ფიზიკური გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა და სიტუაცია სულ უფრო მძიმდება. ხელისუფლება კი ფაქტიურად სამოქალაქო ომის ზღვარზე ამყოფებს ქვეყანას და საკუთარი კლანის ფინანსური ინტერესების დასაცავად არასოდეს ერიდება ბრუტალურ ძალადობას.

ამ დროს მნიშვნელოვანია პროტესტის ისეთი კერების გაჩენა, რომლებიც ძალაუფლების მქონეთა საცირკო პროგრამას არევს. ჩემი აზრით, ასეთი პრეცედენტი იყო, თუნდაც ოთხასზე მეტი პროფესიონალის ბოიკოტი, კინოცენტრის ამბის შემდეგ. ეს ადამიანები იდგნენ იმ ე.წ პუდელების აქციაზეც, სადაც დოკუმენტალისტმა, ნინო გოგუამ ძალიან საყურადღებო რამ თქვა: „რამდენჯერ გავუშვითო შანსი, რომ სოლიდარულები ვყოფილიყავითო? იქნებ ერთად დგომის გამოცდილებამ ის გვასწავლოს, როგორ ვიყოთ სოლიდარულები ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც ითხოვენ სახალხო ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფო პოლიტიკასო. იმედია ვსწავლობთ სოლიდარულობას სხვა მოძრაობების მიმართ, რომლებიც იბრძვიან ჭიათურის გადასარჩენად, ბალდის კანიონის თუ რაჭის ტყეების გადასარჩენადო…” 

ზუსტად ეს არის გასაკეთებელი. მინისტრები და ყველა მოწვევის მილიონერი დეპუტატები, მხოლოდ მაშინ შეშინდებიან, თუ ჩვენ გავიაზრებთ თუ რისთვის ვიბრძვით და როგორ? შეიძლება რამე გამოვიდეს, თუ აქციებზე მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით კი არ უნდა შევეხებით სოციალურ თემებს, არამედ ამით დავიწყებთ? მხოლოდ შორიდან, აბსტრაქტულად კი არ ვიყეფებთ, არამედ თანმიმდევრულად და პერმანენტულად ვიყმუვლებთ, რომ ბავშვებს შიათ, 16 წლამდე ასაკის ბავშვების მეოთხედი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს და ამ დროს, 70 მილიონი, კონცერტების მოსაწყობად არ უნდა იხარჯებოდეს, სკოლაში უფასო კვების პროგრამის გაკეთების ნაცვლად. ვერ უნდა გვიბედავდნენ ამას. 

ვიყმუვლებთ, რომ უამრავი ქართველი გარბის „თბილ ქვეყნებში”, მიუხედავად არალეგალურ გზებზე სასიკვდილო საფრთხეებისა. რომ ხელისუფლება ოლიგარქის  ინტერესების დაცვაზე კი არა, იმაზე უნდა ფიქრობდეს, რით შეუმსუბუქოს ცხოვრება იმ რეგიონების მოსახლეობას, სადაც ყოველი მეორე სოციალურად დაუცველია და ფაქტიურად, მძევლად არის აყვანილი ადგილობრივი ფეოდალების მიერ. როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ, ვინც უკვე დააზარალა კლიმატურმა ცვლილებებმა და მომავალში კიდევ უფრო დიდი საფრთხე ემუქრება. მაგრამ ვხვდებით, რომ ეს ხელისუფლება ამგვარ ნებას არ გამოიჩენს, რადგან მისი მიზანი პოლიტიკური ცირკის კვლავწარმოება და ამ საცირკო წარმოდგენის გახანგრძლივებაა, რათა დიდ მტაცებლებს ნადირობაში ხელი არ შეეშალოთ.

ყველა ხელოვანი ოცნებობს, რომ რაღაც უფრო სოციალური, საერთო ძალისხმევით შექმნილი და იმაზე რეალური რამე გააკეთოს, ვიდრე ხელოვნებაა. და რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ნამდვილი, ვიდრე ბრძოლა დაჩაგრულთათვის? ვიდრე ბრძოლა ჩვენი გარემოსთვის? ჩვენი უფლებებისთვის? როგორ შევიდეთ ამ ბრძოლაში? როგორი შეიძლება იყოს ჩვენი სტრატეგია? ქვეყანაში, სადაც გლოვის დღეებს შორის მანძილები სულ უფრო მცირდება, თითოეული ჩვენგანი ხომ ჭირისუფალია, რომელმაც აღარ უნდა გაუშვას იმის შანსი, რომ სიტყვას „სოლიდარობის” მიღმა, რეალური მნიშვნელობა აღმოაჩინოს.

„კულტურას დაცვა სჭირდებაო”, – თქვა ჩემმა მეგობარმა. ოღონდ თან კულტურის მკაფიო განსაზღვრაა საჭირო. მართალია კულტურა ყველგან არის, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. თავისთავად კულტურა გვეხმარება ცვლილების მოხდენაში და გავრცელებაში, მაგრამ ეს ცვლილებები თითოეული ჩვენგანიდან უნდა დაიწყოს. და იმედია, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენი წკავწკავი, ჩვენი ყეფა, ჩვენი ყმუილი, შიშისმომგვრელ პროტესტად გადაიქცევა, შეიკრიბება უსამართლობით გამოწვეული ყველა ბრაზი, ყველა ქმედება, იქნება ეს პირადი დაუმორჩილებლობის მაგალითები თუ ეკოლოგიური და სოციალური მოძრაობები. მგონია, რომ უბრალოდ სხვა გზა არ არსებობს.