რა გვასწავლა კორონამ?

მებო ნუცუბიძე

ახლა ვფიქრობ, აქვე დავწერო კითხვაზე პასუხი, თვალები რომ არ გადაგიღალოთ, ბევრის წაკითხვა რომ არ მოგიწიოთ და როგორც გჩვევიათ ხოლმე, მხოლოდ სათაურითა და პირველი აბზაცით გამოგატანინოთ საკითხში ღრმად ჩახედული ადამიანის დამაჯერებელი პათოსით გაჯერებული დასკვნა თუ, ცოტათი გაგაწვალოთ და სადღაც შუაში გითხრათ ჩემი სათქმელი, ანდაც საერთოდ ბოლომდე გაგტანჯოთ და მხოლოდ დასასრულში გაგიმხილოთ, რა გვასწავლა კორონამ?

როცა ადამიანს კლავ, ძირითადად, ორი მეთოდი არსებობს: ან ეგრევე კლავ, ტანჯვის გარეშე, ან ნელ-ნელა უღებ ბოლოს და მაქსიმალურად მტკივნეულს ხდი მისი სიცოცხლის ბოლო წუთებს. მე რაღაც შუალედურს ავირჩევ: გაგაწვალებთ, ოღონდ, ცოტა ხნით.

საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ არათუ კორონას, არამედ საერთოდ არაფერს არაფერი უსწავლებია ჩვენთვის, ადამიანებისთვის. ვიცი, რომ კაცობრიობაზე გლობალურად საუბრის შემთხვევაში უფრო დამაჯერებელი, საინტერესო და განათლებული გამოვჩნდები, მაგრამ, უფრო თავმდაბლურ, ქრისტიანულ გზას ავირჩევ და მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოზე ვისაუბრებ, სადაც, წესით და რიგით, საერთოდაც ვერ უნდა მოეკიდა ფეხი პანდემიას, მაგრამ, ყველაფერი ხდება და, როგორც ჩანს, ხანდახან თვით მფარველი წმინდანებიც კი გადიან ხოლმე შესვენებაზე, ან მცირე ხნით, სიგარეტის მოსაწევად, ან დიდი ხნით – ევროპული სამზარეულოს რაფინირებული კერძების დასაგემოვნებლად.

მოდით, არ ვიყოთ უიმედო პესიმისტები და დავინახოთ კარგი მხარეები, რაც, რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ დადებითი მხარეების დანახვა ჩვენი ძლიერი მხარეა: რუსეთის იმპერია ცუდი იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, მშვიდობა მოგვიტანა და მტრებთან ბრძოლაში გადაღლილ ქართველ ერს დასვენების, ტახტზე კოტრიალისა და ღიპების მოშვების საშუალება მოგვცა; კომუნისტები ცუდები იყვნენ, მაგრამ, კინო განავითარეს, სახალხო არტისტები შექმნეს და ვაკეში ინტელიგენციური ელიტა დაასახლეს; 90-იანები, შიმშილი და უშუქობა ცუდი იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, ადამიანური ურთიერთობები იყო ფანტასტიკური და არც იტალიური ეზოს საერთო ქვაბში, საერთო ცეცხლზე მოხარშულ ლობიოზე უფრო გემრიელი კერძი გაგვისინჯავს მას მერე.

თუმცა, სანამ კარგ მხარეებს შევაფასებთ, მოდით, მოკლე ექსკურსი გავიაროთ საქართველოში კოვიდ-19-ის შემოსვლიდან დღემდე, მის აღსაყდრებამდე.

ყველაფერი სადღაც დეკემბერში, ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, უცოდველი ღამურის ან პანგოლინის (ზუსტად აღარავინ იცის) სადილად მომზადებითა და დაგემოვნებით დაიწყო. რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც ჩვენგან შორს ხდება, საერთოდ არ გვადარდებს ხოლმე, შესაბამისად, არც ის გვაწუხებდა, რომ გემრიელი კერძის მირთმევიდან შემდეგი ორი თვის განმავლობაში, ჩინეთში რაღაც ახალი და უცნობი დაავადება გავრცელდა, რომლმაც ასობით ან ათასობით ადამიანი მოინელა. და აი უკვე თებერვლის ბოლოს, დასავლურ ცივილიზაციაშიც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვები, რომ ჩინური ვირუსი, რომელიც მხოლოდ ჩინელებს კლავდა და ამით დიდს არაფერს აშავებდა, ევროპისკენაც მოცოცავდა. დასავლური იდილია ნელ-ნელა ირღვეოდა.

ჩვენთან, როგორც ყოველთვის, ყველაფერი უარყოფით დაიწყო: „საქართველოში ვირუსი ვერ შემოვა”, „ქართველებს ვირუსი ფეხებს ვერ მოსჭამს”, „ოსმალებმა ვერაფერი გვიქნეს და კორონა რისი მაქნისია?”, „ჭაჭა და მისი ჯანი!”.

თუმცა, თებერვლის ბოლოს, მაინც დაფიქსირდა კოვიდინფიცირებული პაციენტის პირველი შემთხვევა, მერე მეორე, მესამე, მეათე და ა.შ.

უარყოფის ფაზა ცოტა ხანი კიდევ გაგრძელდა. ქუჩაში შეხვდებოდით შეთქმულების თეორიების მოტრფიალე ადამიანებს, რომლებიც საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის თვალის ახელას ცდილობდნენ: „ვირუსი არ არსებობს, ეს ყველაფერი იმისთვის მოიგონეს, რომ მეხუთე თაობის კავშირგაბმულობა შემოგვაპარონ, რომელსაც შემდეგ აუცილებლად მოჰყვება ჩიპიზაცია და ტოტალური კონტროლი”.

იყვნენ სხვებიც, რეგიონული პატრიოტიზმით აღტკინებულნი: კახელებს კორონა არ გვემართება, მეგრელებს ყველაზე სუფთა სისხლი გვაქვს, აჭარა მწვანე ზონაა, სვანეთში კოვიდს რა ამოიყვანს, ჩვენ ძლივს ავდივართ და ა.შ.

ინფიცირებულთა რაოდენობა კი დღითიდღე მატულობდა.

მერე იყო კომენდანტის საათი და კარანტინი. დაიკეტა მაღაზიები, ბარები, რესტორნები, კინოთეატრები და ზოგადად – თავშეყრის ადგილები. გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი ჩვენს საკეთილდღეოდ, ჩვენივე უსაფრთხოებისათვის კეთდებოდა. რაღაცნაირი ჯადოსნური ძალა აქვს ამ სიტყვებს. საუკუნეებია ჩვენივე საკეთილდღეოდ კეთდება ყველაფერი და ჩვენც გვიხარია, არც კი ვამოწმებთ, მართლა ასეა თუ არა და ალბათ არც ის ვიცით, საერთოდ რა არის ჩვენი კეთილდღეობა.

კარანტინმა სამ თვეს გასტანა. გამოვფითრდით, გავსუქდით, გავგიჟდით და გავაგრესიულდით. განსაკუთრებულად შეგვიყვარდა და მოგვენატრა ადამიანები და მათთან ურთიერთობა. თურმე, რა კარგი მეგობრები, ნათესავები და მეზობლები გვყოლია და როგორ ვერ ვხვდებოდით.

ეს პერიოდი, ტელევიზორიდან, ყოველდღიურ რეჟიმში გვესაუბრებოდნენ ქვეყნის გამორჩეული ეპიდემიოლოგები, გვარიგებდნენ, სისუფთავისა და დისტანციის დაცვისკენ მოგვიწოდებდნენ და თან გვამშვიდებდნენ, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო. მათ მერე ეთერში პიჯაკიანი კაცი გამოდიოდა ხოლმე, ჩაფიქრებული, ჩვენს ბედზე შეწუხებული სახით, ხალხის არჩეული ლიდერი, რომელიც შეკრული წარბებითა და დამრიგებლური ტონით თავმომწონედ აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ყველაფერს იდეალურად ართმევდნენ თავს და ისეთი წარმატებით მართავდნენ ვირუსის მშვიდ და ნაკლებ აგრესიულ ფორმებში გავრცელებას, რომ თვით ევროპული გამოცემებიც კი ამაზე წერდნენ: „აიღეთ მაგალითი პატარა საქართველოსგან, რომელმაც შეძლო დიდი ვირუსის მოთვინიერება”.

მერე რელიგიური დღესასწაულიც მოგვიახლოვდა. გამოვიდა სულიერი მამა და ბრძანა, რომ ღვთისმშობლის წილხევდრ ქვეყანაში პანდემია ფეხს ვერ მოიკიდებდა. გამოვიდნენ სხვა წვერიანი კაცებიც, ერთი საერთო კოვზი ალოკინეს ყველას და ბედნიერი სახით გამოაცხადეს, რომ ღვთის სახლში, რაც არ უნდა ლოკო, ვირუსი არაფრის დიდებით არ დაგემართება. აბობოქრდა ხალხის მეორე ნაწილი: ჩვენ რა დავაშავეთ, ვისაც ღმერთი არ გვწამს და შესაბამისად, დაცვის არანაირი გარანტია არ გაგვაჩნიაო? საბედნიეროდ, ქრისტე მალევე აღსდგა და ეს ყველაფერიც ნელ-ნელა ჩაწყნარდა.

კარანტინი სამი თვის შემდეგ დასრულდა და ურთიერთობებს მონატრებული ადამიანები დიდი ხნის მოწყურებულებივით დაეწაფნენ ერთმანეთს. გაიხსნა რესტორნები, ბარები, სილამაზის სალონები. ყველას დაგვავიწყდა საცოდავი ღამურა, აღარც სტატისტიკას ვამოწმებდით ყოველდღე დაფეთებული და ტელეეკრანებზეც აღარ ჩანდნენ ნაცნობი სახეები. თითქოს დასრულდა კოშმარული სიზმარი და დავუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. საქართველომ, ოსმალების, სპარსელებისა და სხვა, არამართლმორწმუნე მტრების შემდეგ, წვრილთვალება და გაუკუღმართებული ხალხისგან შემოსული საფრთხეც დაამარცხა.

გადაივსო შავი ზღვის სანაპირო, განახლდა კლუბური ცხოვრება, კონცერტები, რა თქმა უნდა, ყველაფერი ღია ცის ქვეშ და დისტანციის დაცვით. საოცარი სანახავი იყო ზღვისპირა კლუბში დისტანციურად მოცეკვავე ადამიანები, რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულნი. ხალხმაც ამოისუნთქა. გაქირავდა ბინები, სახლები. სასტუმროები დამსვენებლებით გაივსო, ამოძრავდა ქვეყნის დაჟანგებული ეკონომიკა და სახელმწფოც, როგორც მას შეჰფერის, სიამაყით აგრძელებდა ვირუსის ეფექტიან მართვასა და მენეჯმენტს.

და აი, ისევ ადამიანის მსუნაგმა ხასიათმა დაგვღუპა! ტორტის სიყვარულმა და ზღვისპირა რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული საკონდიტროს რიგში დგომამ წამოიწყო მეორე ტალღა და აჭარის მწვანე რეგიონი, სადაც, ვირუსი მტირალას მთაზე კაკუნის გარეშე შესვლასაც კი ვერ ბედავდა, დასნებოვანდა. მეორე ტალღაო, გაისმა განგაშის ზარი. კახეთში ვერ შემოვაო, შანსი არააო. აჭარლები როგორმე გადაიტანენო. და აი უკვე სვანეთშიც, იმ ოღროჩოღრო გზაზეც რომ ავიდა კოვიდ-19, ხალხმა ნელ-ნელა დაიჯერა, რომ ჩვენი ღვთიური ანტივირუსის რამდენიმეთვიანი საცდელი ვერსია დასრულებულიყო და აბა, ჩვენს ქვეყანას სადღა ჰქონდა იმის ფული, ოფიციალური ანტივირუსი შეეძინა. დავრჩით ასე, ერთმანეთისა და, ძალიან მინდა ვთქვა, ღმერთის ამარა-მეთქი, მაგრამ, უკვე აღარ ვიცი.

მეორე ტალღა ნელ-ნელა ცუნამის ემსგავსება და ჩვენს წალეკვას აპირებს. ის ხალხი, ვინც ეფექტიან მართვასა და სამაგალითო მენეჯმენტზე საუბრობდა, აღარსად ჩანს. საავადმყოფოები გადავსებულია. ხშირ შემთხვევაში უსიმპტომო ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეზე ქარაფებზე მოხტუნავე ჯიხვივით გადადის და ჩვენც, ნელ-ნელა სიკვდილი გვჭირს, შენგან, ჩვენო ედემო.

და რა გვასწავლა კორონამ?

არც არაფერი.