„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“, როგორც საშვი დანაშაულის ჩასადენად

ლელა კოდალაშვილი

ერთი ნახატის ცამეტი მსხვერპლი… მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ მუჰამედის უწყინარი შარჟი, რომელიც მხოლოდ ადამიანთა გასაღიმებლად იყო დახატული და რომლის  გამოქვეყნების გამო 2015 წლის 7 იანვარს, პარიზში, შეიარაღებულმა პირებმა ,,შარლი ებდოს’’ 12 თანამშრომელი იმსხვერპლეს, თითქმის ექვსი წლის შემდეგ კიდევ ერთ ადამიანს შეიწირავდა. მაგრამ სწორედ ასე მოხდა. საფრანგეთში, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი, სამუელ პატი, მოსწავლეებთან სიტყვის თავისუფლებაზე საუბრისას სწორედ ამ კარიკატურის ჩვენების გამო 18 წლის მუსლიმმა ბიჭმა ჯერ მოკლა,  შემდეგ კი გვამს თავი მოჰკვეთა.

ყოველთვის, როცა ევროპაში ვიღაცას ან ვიღაცებს, ე.წ. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო კლავენ, აფეთქებენ (დიახ,  ბოლო დროა, ძალიან გახშირდა ამ შინაარსის ტერაქტები),  ჩვენი საზოგადოების აზრი  ორად იყოფა. ერთი ნაწილი  აღშფოთებულია მომხდარით და გმობს მკვლელს, მეორე ნაწილი კი  გმობს იმას, ვისმა საქციელმაც ადამიანი იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ მკვლელობა ჩაედინა.  ამ მეორე ნაწილს თითქოს  ავიწყდება ჩადენილი სისხლიანი დანაშაული და მკვლელისადმი, როგორც ვითომდა  საკრალურის და სათაყვანებელის შელახვის გამო წონასწორობადაკარგული ადამიანის მიმართ   ემპათიით ივსება.

ეს ადამიანები, ანუ ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები ,,მეორე კატეგორია’’, თანამედროვე სამყაროში მომხდარ ტერორისტულ აქტებს, მკვლელობებს, ძალადობას, რასიზმს,  სექსიზმს, ჰომოფობიას, ქსენოფობიას თითქმის ყოველთვის ღმერთის სახელთან კონფლიქტს უკავშირებენ, ხოლო ,,რელიგიური გრძნობები’’, რის მიმართაც ისინი არნახულ მოწიწებას იჩენენ, სწორედ იმისთვის სჭირდებათ, რომ გაამართლონ ამ ,,გრძნობების’’ ,,შეურაცხყოფის’’ გამო ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული.

ამით ისინი  მკვლელს ვითომდა თანაუგრძნობენ, რეალურად კი, როგორც თავის, ისე სხვების მიერ ჩადენილ სხვადასხვა ძალადობას ალეგიტიმურებენ, მწვანეს უნთებენ, ფეისბუკზე პოსტავენ, იცავენ, დაზარალებულად, გაუპატიურებულად, ღირსებაშელახულად გამოჰყავთ, მერე კი შემობრუნდებიან და აგინებენ ყველას, ვინც სხვანაირად ფიქრობს. ანუ, მოკლედ რომ ვთქვა, მინი-ტერორისტულ აქტს სჩადიან, მხოლოდ  – უსისხლოდ.

მათ არ აინტერესებთ, რეალურად რა მოხდა და რამდენად შეილახა მართლაც ვინმეს რელიგიური რეპუტაცია. მთავარია, რომ ევროპული ლიბერალიზმის, ანუ, როგორც თვითონ უწოდებენ, ლიბერასტიზმის, ლანძღვის მიზეზი გაუჩნდათ და სადღაც, პარიზის გარეუბანში, ერთ პატარა კლასში  ნაჩვენები მუჰამედის კარიკატურიდან დაწყებული, ჩვენთან, ილიაუნიში გამოფენილი ლია უკლებას  ნახატით (,,ფეხმძიმე ღვთისმშობელი პისტოლეტით ხელში’’) დამთავრებული, ყველგან ერთსა და იმავე განმაიარაღებელ სიტყვებს იმეორებენ: ,, ესაა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა’’.

ამ ყველაფრის ფონზე, ,,რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას’’, ჩემი ნება რომ იყოს, ბოლო წლების  ყველაზე ტრენდული გამონათქვამების სიაში შევიტანდი. ეს სიტყვები  პოტენციური დამნაშავისთვის ჯადოსნური ბარიერია, რომლის ვითომ მგრძნობიარე ნერვზე შეხება მის არაადეკვატურ ემოციებს იწვევს. და ასე  მართლდება ყველაზე სასტიკი ჰორორი მსოფლიოში.

ეს წმინდა შინაარსის და ეჟვნისებრი ჟღერადობის სიტყვები, რომლებიც ისე არიან ჩასახულნი, რომ თავი უბიწოდ წარმოაჩინონ, რეალურად  ყველა ჯურის დამნაშავეს იწებებენ – დაწყებული პოლიტიკოსებიდან, დამთავრებული ფანატიკოსი ახალგაზრდებით. „რელიგიურ გრძნობათა“ სახელით ხდება თანამედროვე მსოფლიოში ომებისა და ტერორიზმის დაკვეთა და შესრულება, ძალადობა ოჯახში და ოჯახს გარეთ, ძალადობა საზოგადოებაზე. რელიგიის ბობოლები და პოლიტიკოსები კი სწორედ ამ ,,რელიგიური გრძნობებით’’ მანიპულირებენ.

აქვე ვახსენებ  ძმები დარდენების ლამის წინასწარმეტყველურ ფილმს, ,,ყმაწვილი აჰმედი’’(2019წ.) სადაც არაბი მოზარდი, რომელიც საფრანგეთშია მიგრირებული,   მოლას ჩაგონებით, რომელიც ყურანის ექსტრემისტული ინტერპრეტაციით გაჟღენთს ბიჭის გონებას, თავისი მასწავლებლის მკვლელობას გეგმავს, რომელიც ფილმის მიხედვით ცოცხალი გადარჩება, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ გადარჩა სამუელ პატი. რეალობის ცინიზმი კი ის არის, რომ ის გაცილებით მკაცრია და ტრაგიკული, ვიდრე კინო. თითქოს ცხოვრება დამძიმდა, ხელოვნება კი გამსუბუქდა.

სხვათა შორის, რაკი ჩემი დღევანდელი სამიზნე ძირითადად  ადამიანთა ზემოთ ნახსენები „მეორე კატეგორიაა’’, არ გამომრჩება აღვნიშნო, რომ სწორედ  ამ კატეგორიის აზრით (და ასეთი საკმაოდ ბევრია), „ყმაწვილი აჰმედი’’ ისლამოფობიური ფილმია. არადა, უბრალოდ, ყურადღებით ნახვაა საჭირო, რომ ადამიანი მიხვდეს  კადრებში ცხადად ნაჩვენებ ფუნდამენტალიზმის კრიტიკას, ობსკურანტიზმისა და ფანატიზმის ნგრევის სურვილს. მეტიც – ბელგიელი ძმებისთვის სულერთია, მუსლიმს ეხება ეს თვისებები,  ქრისტიანს თუ იუდეველს.

და მართლაც, თავისუფალი, მშვიდობიანი სამყაროსთვის სულერთია, მუჰამედის კარიკატურა გამოიწვევს ტერორისტულ აქტს, ღვთისმშობლის არანორმატიული პორტრეტი თუ ძროხა, რომელიც, სხვათა შორის, ინდუისტისთვის საკრალური ცხოველია. მთავარი უბედურება აქ თვით ტერორიზმიც კი არ არის, მთავარი უბედურება სწორედ  ადამიანების ის ,,მეორე ნაწილი’’ მგონია, რომელიც კულისებიდან აპლოდირებს და თუ ტერორისტი ფიზიკურად კლავს ერთს, ეს ადამიანები მენტალურად კლავენ ათასებს.

„ევროპა ღირსია, ევროპა ვალშია აღმოსავლეთთან და ამიტომ ახია მასზე“. – იქნევს თითს ადამიანთა ის „მეორე ნაწილი“.

„ევროპა ლიბერალობანას თამაშობს, შეყარა არაბები. ჰოდა, ღირსია“, – ისმის ისევ ამ ხალხისგან.

„რომელმა მუსლიმმა გაჟუჟა მილიონები გაზის კამერებში ჰიტლერის მსგავსად. ჰოდა, ააფეთქონ, დააჭრან თავები. სამართალმა უნდა იზეიმოს“.

„აბა, რატომ აუფრიალა ამ  მასწავლებელმა მუჰამედის კარიკატურა, პორნოგრაფიაზე რომ ელაპარაკა, პორნოგრაფია უნდა ეჩვენებინა ბავშვებისთვის, რომ უკეთესად გაეგოთ?“ – სვამს კითხვას მესამე და მეოთხე.

ჩვენ ამ ადამიანებთან ერთად ვცხოვრობთ, ვინც ზემოთ ჩამოწერილ ფრაზებს წარმოთქვამენ. მათაც უყვართ, უხარიათ, სტკივათ და ა.შ. მათი უმეტესი ნაწილი, ე.წ.  სამოყვარულო რელიგიურობის მიმდევარია: არ იზარებს სახალისო რიტუალებს – კვერცხების ღებვას, საშობაო ღვეზელების ცხობას, შიგადაშიგ ზიარებას, მარხვასა და ავტობუსებში პირჯვრის გადაწერას, მაგრამ არ იცის, რომ რელიგიურ ფანატიზმთან ადგილი არა აქვს „რელიგიურ გრძნობებს“ და მით უმეტეს, ამ გრძნობების „შეურაცხყოფას“.

უფრო სწორად, გრძნობებზე აქ საერთოდ შეუძლებელია, იყოს ლაპარაკი. გრძნობების ადგილი რომ იყოს, რელიგია იქნებოდა ფიქრის, გააზრების, ზეგრძნობითთან მიახლოების მცდელობა, წიგნის, თუნდაც ლოცვების კითხვა,  მხოლოდ არა მკვლელობა, არა სხვების დასჯა, სისხლი, ცეცხლი და სასტიკი განაჩენი ყველა იმის მიმართ, ვინც უბრალოდ სხვანაირად უდგება ამ სამყაროს მოწყობის საკითხს, ვინც ისევე ხუმრობს  ქრისტეზე, ღვთისმშობელზე, როგორც მუჰამედზე და არაფერს აშავებს, გარდა იმისა, რომ ლაღია და თავისუფალი.  …და ეს არ არის ევროცენტრიზმი. ეს თანაცხოვრების სურვილია. ეს არ არის ლიბერალობანა, არამედ  ლიბერალიზმია, სადაც კარს უღებ იმას, ვინც, შეიძლება, ხვალ ყელი გამოგჭრას, მაგრამ შენ შანსს აძლევ მასთან ერთად უამრავ სხვას, საწინააღმდეგოდ მოიქცეს და იღებ მეგობრად (როგორც აკეთებს დასავლეთი) და არა როგორც  მხეცს (როგორც მიიჩნევს „მეორე ნაწილი“), რომელსაც უნდა დაუმალო შენი თავისუფლებისმოყვარე „სათამაშოები“.

ამ ყველაფრის მიღმა, რა თქმა უნდა, დგას პოლიტიკა, მაგრამ მთელი ჯადოსნობა სწორედ ისაა, რომ პოლიტიკის უკან ადამიანია, ინდივიდი, კრებსითი ევროპელი თუ კრებსითი არაბი, ქრისტიანი, იუდეველი, მუსლიმი თუ ზოროასტრისტი, რომელიც ჩვენი ხელშეწყობით არ უნდა გახდეს ბრმა იარაღი არც ტერორიზმის, არც სიბნელის, არც სისასტიკის ხელში.