როგორ დავადასტუროთ აღმსარებლობა

არჩილ მეტრეველი

ჩვენში ეშმაკების ზუსტი ადგილსამყოფელის აღმოჩენის დაუოკებელ სურვილს დიდი ისტორია აქვს. ეშმაკს ხან დეტალებში ვეძებთ, ხან უპატრონო ეკლესიებში, ხან ტელეფონის სიმ-ბარათებში, ხან საბანკო ბარათებში, ხან სუნამოებსა და საღეჭ რეზინებში, ხან კიდევ მათ კრებას მიწის გულში, ზუსტად 550 მილის სიღრმეში წავადგებით თავზე დაუკითხავად. მოკლედ, ისეთი ამბავია, ეშმაკი ჩვენ შეგვიჩნდა თუ ჩვენ მას, მარტო თვითონ თუ გაარკვევს. ეს აღმა-დაღმა უთავბოლო ძებნა ერთი ძველი ანეგდოტის სიუჟეტს ჰგავს. „გეპეიშნიკი“ (ამ ტერმინს ვერანაირი პატრიოტიზმი და ნაციონალიზმი ვერ დაძლევს) რომ თავს იწონებს, ცოლს საყვარელთან ვგონივარ, საყვარელს – ცოლთან, მე კი მთელი ღამე მშვიდად ვხაზავო. მგონი, ეშმაკის საქმეც ეგრეა, ჩვენ აქეთ-იქით დავეძებთ, ის კი ალბათ იქ არის, სადაც უნდა იყოს და იმას აკეთებს, რასაც უნდა აკეთებდეს. მოკლედ, ამხელა გამოცდილების ერს ეშმაკის მიგნება არც ID ბარათებში გაგვიკვირდებოდა და ამ აღმოჩენით გამოწვეული აღფრთოვანებაც მალე ისევე განელდებოდა, როგორც წინა შემთხვევებში, მის ავტორებს ეშმაკობა რომ არ ეხმარათ და საკონსტიტუციო სასამართლოს არ მისდგომოდნენ.

ხუმრობა და იუსტიციის მინისტრისთვის თავსდამტყდარი კარმული ირონია იქით იყოს და ეს საქმე მრავალი ასპექტით უდავოდ მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მე მხოლოდ ერთ მათგანს –  კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის დადგენის მიზნით „აღმსარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის“ მოთხოვნას, შევეხები.

დავიწყოთ ფაქტებით. 2019 წლის 25 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს ნანა სეფაშვილმა და ია რეხვიაშვილმა და საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები გაასაჩივრეს, რომელთა თანახმადაც პრინციპულად შეუძლებელია ელექტრონული პირადობის მოწმობისგან – ID ბარათისგან, განსხვავებული არაელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მიღება. სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები გამოხატავენ საკუთარი რელიგიური მრწამსით (მართლმადიდებლობაზე დაყრდნობით ისინი აცხადებენ, რომ ID ბარათი წარმოადგენს „ანტიქრისტეს ბეჭედს“) მოტივირებულ კეთილსინდისიერ წინააღმდეგობას და უარს აცხადებენ ID ბარათების მიღებაზე და რადგან სხვა ტიპის ალტერნატიულ პირადობის მოწმობებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არ გასცემს, ისინი ვერ სარგებლობენ მთელი რიგი უფლებებით, თავისუფლებებითა და სახელმწიფოს მომსახურებით. 2019 წლის 26 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არსებითად განსახილველად (ნაწილობრივ) მიიღო და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედება შეაჩერა. ამის საპასუხოდ იუსტიციის სამინისტრომ, მინისტრის ბრძანებით, განსაზღვრა, რომ ალტერნატიული ე.წ. „უჩიპო პირადობის მოწმობის“ გაცემა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელიც საკუთარი რწმენის გამო უარს აცხადებს პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებაზე, „წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც დასტურდება მისი აღმსარებლობის კუთვნილების ფაქტი“.

ამ მოთხოვნის მიზანშეწონილობის კრიტიკისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ, რომ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზევე მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარემ საკმარისი დამაჯერებლობით ვერ დაასაბუთა რელიგიური წინააღმდეგობის არსებობა ელექტრონულ დოკუმენტებთან მიმართებით, რადგან მოსარჩელეებს მართლმადიდებლური რელიგია არ ავალდებულებს, უარი თქვან ID ბარათებზე. (სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთივე არგუმენტი გამოიყენა საქმის მეორე მოპასუხემ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა). ამგვარად, მან წარმოადგინა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, რომლის თანახმადაც, კერძო პირს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს, თუკი ამ წინააღმდეგობის საფუძვლის ლეგიტიმურობა მისი რელიგიური თემის ან ინსტიტუტის მიერ დადასტურდება.

საქმე იმაშია, რომ მსგავსი მიდგომა პრინციპულად ეწინააღმდეგება რელიგიისა და რწმენის თავისუფლების არსს, რადგან კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება, არსებითად, ინდივიდუალური ბუნებისაა და ამ უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაშინაც კი, როდესაც კერძო პირი, მისივე რელიგიური თემის სხვა წევრებზე უფრო მკაცრ რელიგიურ პრაქტიკას მისდევს.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ID ბარათებს „ანტიქრისტეს ბეჭდად“ ოფიციალურად არ აღიარებს, ამ ეკლესიის წევრ კერძო პირებს, მაინც აქვთ ამგვარი შეხედულების ქონის უფლება და თუკი ეს მათი გულწრფელი რწმენაა, ის სრულიად საკმარისი საფუძველი უნდა იყოს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების აღიარებისთვის. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ უფლების აღიარება მისით ავტომატურად სარგებლობის შესაძლებლობას არ ნიშნავს. ის, ისევე, როგორც ზოგადად რელიგიისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლება, შეიძლება შეიზღუდოს უპირატესი მიზნის, მაგალითად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მიღწევის აუცილებლობით.  თუმცა, ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო მომავალში იმსჯელებს და შესაბამისად, არც მე გავუსწრებ მოვლენებს.

ჩვენს რეალობას რომ გავცდეთ და ეს კრიტიკაც უფრო არგუმენტირებული გახდეს ადამიანის უფლებათა ევროპული (სტრასბურგის) სასამართლოს პრაქტიკას გავიხსენებ. 2017 წელს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე – Osmanoğlu and Kocabaş v. Switzerland. ამ საქმეში განმცხადებლები იყვნენ მუსლიმი მშობლები, რომელთაც საკუთარი რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე სურდათ, რომ სახელმწიფო სკოლის მოსწავლე მათი არასრულწლოვანი ქალიშვილები გათავისუფლებულიყვნენ ცურვის სავალდებულო ერთობლივი (გოგოებისა და ბიჭების) გაკვეთილებიდან. მას შემდეგ, რაც შვეიცარიის შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, განმცხადებლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს და სახელმწიფოს მხრიდან მათ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაში ჩარევა გაასაჩივრეს.

სასამართლომ აღიარა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ნამდვილად ჩაერია  განმცხადებლების რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაში, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ყურანის მოძღვრების თანახმად საკუთარი სხეულის დაფარვა ქალებისთვის მხოლოდ სქესობრივი მომწიფების შემდეგ არის სავალდებულო, მშობლების სურვილი, რომ საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილები წინასწარ მოემზადებინათ ამ ვალდებულებისთვის, უდავოდ მათი გულწრფელი რწმენით იყო მოტივირებული. ამის აღიარების მიუხედავად, სასამართლომ არ დაადგინა განმცხადებლების უფლების დარღვევა. მან გაიზიარა შვეიცარიის სახელმწიფოს არგუმენტები და ხაზი გაუსვა სკოლის სპეციალურ როლს მოსწავლეთა სოციალური ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა, რომ ბავშვების ინტერესი, მიიღონ სრულფასოვანი სასკოლო განათლება, აღემატებოდა მათი მშობლების რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას.

მართალია, სასამართლომ, ამ შემთხვევაში, სარჩელი არ დააკმაყოფილა მაგრამ უდავოა, რომ მან მართლაც პრეცედენტული მნიშვნელობის მიდგომა გამოავლინა. საქმე იმაშია, რომ ამ გადაწყვეტილებამდე ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიაც და სასამართლოც თანმიმდევრულად (უმნიშვნელო მოდიფიკაციით) იცავდა ე.წ. „ეროუსმიტის ტესტს“, რომლის თანახმადაც რელიგიისა და რწმენის გამოხატვად ითვლებოდა მხოლოდ ის ქმედება, რომლიც იმ რელიგიით ან რწმენით ნაკისრ პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა, რომელსაც ამ ქმედების ავტორი მიაკუთვნებდა თავს. ამ საქმეში კი სასამართლომ პრაქტიკულად თქვა, რომ მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას თუ რა წერია კონკრეტული რელიგიის წმინდა წიგნებში და რამდენად ზუსტად შეესაბამება ადამიანის ქცევა ამ რელიგიის წმინდა ვალდებულებებს, არამედ, ასევე, თავად რწმენის ფაქტს, ანუ პირის გულწრფელ რწმენას, რომ ის კონკრეტული ქმედების განხორციელებისას საკუთარი მრწამსის შესაბამისად მოქმედებს. ამ ახალი მიდგომით, სასამართლომ მკაფიოდ გაუსვა ხაზი რწმენის სუბიექტურ ბუნებას და რელიგიის გამოხატვის ინდივიდუალური თავისუფლება კონკრეტულ დოქტრინალურ დოგმებთან და ქცევის წესებთან ზუსტი თანხვედრის ვალდებულებისა და შესაბამისად, რელიგიური ინსტიტუტების კოლექტიური ძალაუფლებისგან გაათავისუფლა.

ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უკანასკნელი პრაქტიკის თანახმად, რელიგიისა და რწმენის გამოხატვად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ქმედებაც, რომელიც არ წარმოადგენს მითითებული მრწამსის პირდაპირ ვალდებულებას, მაგრამ მისი ავტორის გულწრფელი რწმენით ასეთად აღიქმება. რელიგიისა და რწმენის გამოხატვას კი აქვს, როგორც პოზიტიური ასპექტი – საკუთარი მრწამსის ღვთისმსახურებით, სწავლებით, რიტუალების აღსრულებითა და პრაქტიკით გამოხატვის უფლება, ასევე, ნეგატიური ასპექტი -კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა ანუ პირის უფლება არ მოიქცეს საკუთარი რწმენისა და სინდისის საწინააღმდეგოდ (ისევე, როგორც, რელიგიური პრაქტიკის არ ქონის უფლება). შესაბამისად, ადამიანს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება აქვს მაშინაც, როდესაც ის რელიგიური თემი ან ინსტიტუტი, რომელსაც თავად მიეკუთვნება, ამ წინააღმდეგობის საფუძველს არ განმარტავს, როგორც პირდაპირ და საყოველთაო რელიგიურ ვალდებულებას.

ზოგადად, ურთიერთობები რელიგიურ თემსა (რელიგიურ გაერთიანებასა) და მის წევრებს შორის, მათ ავტონომიურ სფეროს განეკუთვნება და დაუშვებელია თემის (გაერთიანების) წევრობას სახელმწიფო კერძო პირების რელიგიისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლების ინდივიდუალური უფლებით სარგებლობის პირობად განიხილავდეს. გარდა ამისა, ზოგადად დაუშვებელია, რომ სახელმწიფო აფასებდეს რელიგიურ მოძღვრებათა ლეგიტიმურობას ან კონკრეტული რელიგიური მრწამსის მხოლოდ იმ ინტერპრეტაციას ანიჭებდეს ლეგიტიმურობას, რომელსაც ამ რელიგიის ავტორიტეტული ინსტიტუტი აყალიბებს.

ამ ყველაფრის ფონზე ცხადი ხდება, რომ იუსტიციის სამინისტროს პირველადი პოზიციით ID ბარათების სავალდებულო ფლობასთან დაკავშირებით მართლმადიდებელი მოქალაქეების კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა დასაშვები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ID ბარათებს ოფიციალურად აღიარებდა „ანტიქრისტეს ბეჭდად“. ეს ნიშნავს, რომ სამინისტრო პრინციპულად (სულ მცირე, ამ საკითხში) არ აღიარებს რელიგიისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლების ინდივიდუალურ უფლებას და მას მთლიანად კოლექტიური ნებართვებით ბოჭავს.

„აღმსარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის“ მოთხოვნას რომ დავუბრუნდეთ, გაუგებარია რა სახის დოკუმენტს მიიჩნევს სამინისტრო აღმსარებლობის კანონიერ მოწმობად. ვივარაუდოთ, რომ ასეთ დოკუმენტად სამინისტროს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გაცემული ოფიციალური მოწმობა მიაჩნია. მაგრამ რა შეიძლება ეწეროს ამ მოწმობაში? დავუშვათ იუსტიციის სამინისტროს აქვს მოლოდინი, რომ მასში ეწერება შემდეგი: „ეკლესიამ გამოიკვლია და დაადგინა, რომ კონკრეტულ პირს გულწრფელად სწამს, რომ ID ბარათი არის „ანტიქრისტეს ბეჭედი“. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ სახელმწიფო, ერთი მხრივ, აიძულებს კერძო პირს დაარწმუნოს კონკრეტული რელიგიური ინსტიტუტი, რომ მან დაადასტუროს ისეთი მრწამსის არსებობა, რომელიც მისი ოფიციალური პოზიციით მცდარია, ხოლო, მეორე მხრივ, რელიგიურ ინსტიტუტს სამოქალაქო უფლების მინიჭების უფლებამოსილებით აღჭურვავს. ეს ორივე ასპექტი უკიდურესად რთული შესათავსებელია რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან.

სხვა შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს მოლოდინი ამ მოწმობაში მხოლოდ კონკრეტული პირის მართლმადიდებელი ეკლესის წევრობის დადასტურებაა, ეს მაინც არ იქნება საკმარისი საფუძველი კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის დასადგენად, რამდენადაც, ასეთი წინააღმდეგობა ეკლესიის ყველა წევრს არ აქვს. გარდა ამისა, ამ პირობით იზღუდება იმ ადამიანების კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება, რომლებიც შესაძლოა არ მიეკუთვნებოდნენ მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ აღიარებდნენ ამ მრწამსს და ეკლესიის ზოგიერთი წევრის მსგავსად, მათაც გულწრფელად სწამდეთ, რომ ID ბარათი „ანტიქრისტეს ბეჭედია“. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა ძნელი წარმოსადგენია სამინისტრო ამ მოწმობების გამცემად სხვა ქრისტიანულ ეკლესიებსაც რომ მოიაზრებდეს.

ამ საკითხზე გაცილებით მეტის თქმა შეიძლება, თუმცა, ვფიქრობ ესეც საკმარისია იმის წარმოსაჩენად თუ რამდენად არასწორად ესმის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და უშუალოდ, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება.

რაც შეეხება ამ საკითხის უფრო ზოგად პერსპექტივას, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიზანი პირის იდენტობის უტყუარი და გაუყალბებელი დადგენაა და თუ ამ მიზნის მიღწევა სახელმწიფოს ელექტრონული ID ბარათების გარეშე, თუნდაც უფრო რთული მექანიზმებით, შეუძლია, მან ეს ტვირთი უნდა იკისროს, რადგან არ შეიძლებამ, რომ სახელმწიფო საკუთარი ვალდებულებების შესრულებას მოქალაქეთა თავისუფლებისა და უფლებების შეზღუდვის ხარჯზე იმსუბუქებდეს.

P.S. პირადად ჩემთვის განსაკუთრებით ღირებულია ჯანსაღი რელიგიური აზრი და უკიდურესად არასწორად მიმაჩნია წმინდა წიგნების სიტყვასიტყვითი გაგება და ცხოვრებაში გადმოტანა. ხოდა, იმის წარმოდგენაც კი მთრგუნავს, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, მის კომპეტენციაში გაუთვითცნობიერებელი მორწმუნეები, როგორი აღტაცებით იქადაგებენ, რომ სახელმწიფომ  ID ბარათი „ანტიქრისტეს ბეჭდად“ აღიარა. არავინ დაიჯერებს, რომ სასამართლომ უბრალოდ მათი რწმენის თავისუფლება დაიცვა და არა ამ რწმენის აბსურდული შინაარსი.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ თავისუფლება სწორედ ასეთ ღირებულებით მრავალფეროვნებასა და დაძაბულობაში ცხოვრებას გულისხმობს.