საბავშვო პოეზიის გადასარჩენად

ვასო გულეური

რა დროს ლექსი და საბავშვო პოეზიაა, როცა ქვეყანაა გადასარჩენიო, მეტყვის ვიღაც. იქნებ, მართალიც იყოს, მაგრამ მე მგონია, რომ ქვეყანა ბევრი ისეთი აგურისგან შენდება, რაც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს. ქვეყანას ადამიანები აშენებენ, ადამიანები კი, ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, ბავშვობიდან მოდიან. სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რას და როგორ მივაწვდით ბავშვობაში.

ბოლო წლებში ერთი უჩვეულო ფენომენი შეინიშნება საქართველოში – საბავშვო პოეზიასა და საბავშვო ავტორებზე მასიური, აგრესიული შეტევა. თანამედროვე ავტორებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ისეთი თავგამოდებით უტევენ ქართველ საბავშვო კლასიკოსებს და მათ საუკეთესო ლექსებს, რომ ზოგჯერ ვფიქრობ – ნუთუ, ბავშვობაში მათთვის წიგნი არავის წაუკითხავს? ნუთუ „ჩიტო, ჩიტო ნაცარა…“, „ზღარბო, ზღარბო ქაცვია…“, „როცა ავად ვიყავი…“ და სხვა ლექსები არც კი გაუგონიათ? აღარაფერს ვიტყვი ქართული ხალხური პოეზიის მარგალიტებზე „სანთლის გუთანს ავაშენებ“, „საბრალო დედაბრისასა“ და სხვა.

რა თქმა უნდა, თუ ვინმეს უნდა, გააკრიტიკოს თუნდაც კლასიკოსი ავტორების შემოქმედება, არავინ დაუშლის, მაგრამ კრიტიკას განათლება და ცოდნა სჭირდება, ლანძღვა და გინება კი უბირი ადამიანის ერთადერთი იარაღია. როცა სრულიად დაუსაბუთებლად, უარგუმენტოდ მხოლოდ ლანძღავ და დასცინი სრულიად საოცარ საბავშვო ტექსტებს, ამით თავს იმასხარავებ. არადა, რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს ადამიანები არა მხოლოდ შვილებს ზრდიან, ზოგჯერ სხვა ბავშვების მასწავლებლებიც არიან. ამიტომაც ასწავლიან ბავშვებს ხშირად საოცრად უგემოვნო ან თუნდაც კარგ, მაგრამ სრულიად არასაბავშვო ტექსტებს; ასწავლიან და აზეპირებინებენ, აწყობენ ინსცენირებულ დადგმებს, სადაც მეორე-მესამეკლასელები რიხით და შემართებით გაჰყვირიან მათთვის სრულიად გაუგებარ სიტყვებს – მთავარია, ხშირ-ხშირად ახსენონ წინაპრები, სისხლი, ღმერთი; მთვარია, მუშტები შეკრან, მტერს მოუღერონ და პირჯვარი გადაიწერონ.

უკვე ვხედავ, ამ სიტყვების წაკითხვაზე რამდენი შეჭმუხნის წარბებს, მრისხანებით აივსება და ამის დამწერს ათასი ეპითეტით შეამკობს. მაგრამ, „ვით თქვენ ბავშვები, მეც წყრომა თქვენი ფეხებზედ მკიდია.“

საბავშვო პოეზიას დავუბრუნდები – კიდევ ერთი რამ მგონია ამ ყველაფრის მიზეზი: თავად საბავშვო პოეზიის მიმართ დამოკიდებულება.

საქართველოში ხომ ყველა პოეტია და საბავშვო პოეზია, მით უფრო, ისე ხელწამოსაკრავი რამაა, ხშირად გამიგონია – ამის დაწერას რა უნდა, ასეთს დღეში რამდენსაც გინდა, დავწერო.

ჰოდა, წერენ.

ისე არ გამიგოთ, ვინმეს წერას ვუშლიდე – „მე რა გამგე ვარ მაგისა“, მაგრამ როგორც პირზე მომდგარ ყველა სიტყვას არ უნდა თქმა, ისე ყველა დაწერილს – გამოქვეყნება. დღეს გამოქვეყნებას რა უნდა – გინდა, წიგნიც გამოეცი. თუ არადა, აგერ არაა სოციალური ქსელები? მეგობრებს შორის მაქებარი არ დაილევა, გულებსაც დაგიხატავენ და „შედევრია-საოცარიაც“ ბლომად დახვავდება. მერე დამწერიც იჯერებს, რომ მართლა კარგი რამ დაწერა, მართლა საბავშვო პოეტია და უკვე თავაწეული მოითხოვს დაფნის გვირგვინს.

შეიძლება, უხერხულიც იყოს, ამ ყველაფერზე მე რომ ვწერ, მაგრამ უკვე ძალიან ცუდი სახე მიიღო საბავშვო პოეზიის ასე აბუჩად აგდებამ. დიახ, აბუჩად აგდებამ, რადგან, როცა საბავშვო ლექსი სრულიად ამოვარდნილია რიტმიდან, როცა ტექსტში გვხვდება ღვარჭნილი სიტყვები მხოლოდ იმიტომ, რომ იქ დამატებით ერთი მარცვალი დასჭირდა ავტორს, როცა საჭიროების გარეშე, უცებ საიდანღაც მოაქვს ბავშვების სახელები, რათა ტყემალს ჯემალი გაურითმოს, ჭუბერს – ჯუმბერი და წაყვანას – მაყვალა, ეს ყველაფერი სწორედაც საბავშვო პოეზიის აბუჩად აგდებაა.

იქნებ, სწორედ აქედან იწყება ის დამოკიდებულება მართლაც კარგი საბავშვო პოეზიის მიმართ, რაზეც დასაწყისში ვწერდი? იქნებ, ფიქრობენ, რაკი ვარდთა და ნეხვთა მზე სწორად მოეფინების, კარგი და ცუდი საბავშვო ლექსებიც ერთნაირად გავასაღოთო? არა, ბატონებო – როცა საქმე ბავშვებს ეხება, იქ, ყბადაღებული საბჭოთა ლოზუნგისა არ იყოს, მართლაც ყველაფერი საუკეთესო უნდა იყოს, თორემ, არა მხოლოდ გემოვნებას ვუმახინჯებთ ბავშვებს, კარგისა და ცუდის გარჩევის უნარსაც ვაკარგვინებთ. მერე კი, როცა ქვეყანას დიქტატურის აჩრდილი დაადგება, როცა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს ფეხქვეშ გათელავენ და თან დაგამუნათებენ, ამას შენივე კეთილდღეობისთვის ვაკეთებთო, ნუ გაგიკვირდებათ, არათუ ქვეყანა, სახლიც რომ თავზე დაგენგრეთ.