საჯილდაო ლისის ტბა

პუბლიკა

თუ ლისის ტბის ტყიან ნაწილზე ასულხართ და  ფერდობზე შემდგარს მთელი სივრცისთვის ერთიანად მოგივლიათ თვალი, უსათუოდ ჩემსავით გაიფიქრებდით – რა კარგი იქნებოდა აქ ტყე-პარკის გაშენებაო. ხომ ასეა? – ყველასთვის არა!

ლისი ძველი დროიდანვე სატყეო, სასოფლო-სამეურნეო და სარეკრეაციო დანიშნულებით გამოიყენებოდა, თუმცა დღეს ეს მიდგომა რადიკალურადაა შეცვლილი. განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ლისი კორპუსების, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, ოფისებისა და კერძო სკოლების სამშენებლო არენად იქცა. ამას წინ ტერიტორიის დანაწევრებისა და გასხვისების პროცესი უძღოდა.

ლისის ტბის მიდამოს გასხვისება 90-იანი წლებიდან დაიწყო, როცა საბჭოთა წყობის დანგრევის შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთები. ეს პროცესი თავიდან შედარებით დუნედ მიმდინარეობდა. თუმცა, 2006-2010 წლებში ამ ტერიტორიას პრივატიზების გაცილებით მსხვილი ტალღა დაატყდა თავს.  გააქტიურდა  სატყეო ფონდის დაცვის რეჟიმის მოხსნის, მიწის ნაკვეთებად დანაწევრებისა და უსისტემო განკერძოების პროცესი.

გილოცავთ, ბიუჯეტში ეგეთი პრივატიზაცია ჯერ არ გქონიათ“ – ცამეტიოდე წლის წინ ჩაწერილ ვიდეოს ვუყურებ. 2007 წელია. აუქციონი დიდ დარბაზში მიმდინარეობს. დარბაზი სავსეა კმაყოფილი კაცებით.  აუქციონის გამარჯვებული – მამუკა ხაზარაძე ენერგიულად ართმევს ხელს ქალაქის მაშინდელ მერს გიორგი უგულავას.  მან საჯარო სივრცის – ლისის ტბის შესაძენად 182 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს. დარბაზში საზეიმო განწყობაა. სევდიანია მხოლოდ ხაზარაძის კონკურენტი ბიზნესმენი ისრაელიდან, რომელმაც ვაჭრობა 180 მილიონ დოლარიან შეთავაზებაზე შეწყვიტა.

პრივატიზების პირობებით, აუქციონის გამარჯვებულს მხოლოდ თანხის გადახდა არ ევალებოდა. აუქციონამდე წინასწარ ცნობილი პირობების თანახმად,  მესაკუთრეს ლისის ტბისთვის წყლის რესურსების მოძიება, მისი შევსება, ირგვლივ არსებული ტყის რესურსის მოვლა-პატრონობა და სარეკრეაციო სივრცის მიხედვაც დაეკისრა.

სავალდებულო ინვესტიციის საერთო თანხამ 30 მილიონი შეადგინა და, როგორც ჩანს, აქ მოვიდა წინააღმდეგობაში შემძენის ნამდვილ გეგმებთან.

აუქციონში გამარჯვების შემდეგ, ინვესტორმა პირობების შეცვლა და  ამ 30 მილიონის ვალდებულებათა სახელმწიფოზე გადაკისრება მოითხოვა. აუქციონში გამარჯვების მიუხედავად, ხელშეკრულება არ გაფორმდა!

თუმცა ლისი მალე გასხვისდა. 2008-2010 წლებში, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებით, ხაზარაძის აფილანტმა კომპანიებმა ჯერ ლისის ტბის ერთი ნაწილი (110 ჰა), შემდგომ მეორე ნაწილი (203 ჰა) – საერთო ჯამში, 2007 წლის აუქციონის ფასზე 127 მილიონი დოლარით ნაკლებად შეიძინა.

სარფიანი გარიგება აქ არ დასრულებულა. ახალი ხელშეკრულებიდან გაქრა ლისის ტბის ტერიტორიის საჯარო ფუნქციით მოწესრიგების ვალდებულებები. მის ნაცვლად გაჩნდა ტერიტორიის განაშენიანების ვალდებულება.

დღეს ამ გარიგების შედეგი ლისის ჩრდილოეთ ფერდს უკვე კარგად ეტყობა. „მწვანე ქალაქი ლისზე“ – ამ მადისაღმძვრელი სახელის ქვეშ უსახურად სტანდარტული კორპუსები, დაუგეგმავი და მოუწყობელი საქალაქო ინფრასტრუქტურა და ერთ დროს სარეკრეაციო სივრცის შეჭმული ნაწილი იმალება.

ამჟამად ლისის ტბის 88,2% (994,28 ჰა) რეგისტრირებული საკუთრებაა. აქედან, ნაკვეთების საერთო ფართობის 65% (646.27 ჰა) – კერძო საკუთრებაა, რაც ლისის შემდგომ განვითარებას მესაკუთრეთა ხედვებსა და წარმოდგენებზე დამოკიდებულს ხდის. მესაკუთრეთა არმია კი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. მიწის ნაკვეთებს თავიანთი მესაკუთრე ჰყავს,  ზოგს მსხვილი – ზოგსაც წვრილი; ლისის ტბის შესავსებად აუცილებელ წყალშემკრებ ავზებს – თავისი; ტბის სატუმბი სადგურის ტერიტორიასაც კი თავისი მესაკუთრე ჰყავს. ცალკე მესაკუთრე ჰყავს ლისის ტბის (სარეკრეაციო და გამაჯანსაღებელი ფუნქციით) წყლით სარგებლობის ლიცენზიას.

ამ მესაკუთრემ, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ჯერ დაკარგა აღნიშნული ლიცენზია, შემდეგ, 2020 წელს, სასამართლო წესით,  უკან დაიბრუნა, რითაც ლისის მესაკუთრეთა ურიცხვ არმიაში საკუთარი საპატიო ადგილი აღიდგინა. მესაკუთრეთა ასეთი სიმრავლის პირობებში, საბაზრო ლოგიკა ლისის ტბას მოწესრიგებულსა და აყვავებულს წარმოიდგენდა, მაგრამ ლისის ტბას უამრავი პრობლემა აქვს:

  • ლისის ფერდები ზრდად  განაშენიანებაში იკარგება. 2018 წელს მიღებულმა თბილისის გენერალურმა გეგმამ ლისის ტბის კვლევისა და შესწავლის განსახორციელებლად, შემდგომ მისთვის პასუხისმგებლიანი დაცვის რეჟიმის დადგენის მიზნით, ზუსტად ერთი წლით შეზღუდა  ყოველგვარი მშენებლობა. 2020 წლის ივლისში ეს ჩანაწერი გაუქმდა. ლისი უკვე ოფიციალურად სამშენებლოდ თავისუფალი ტერიტორიაა. 2020 წლის მარტის მონაცემებით, 2007 წლიდან ლისის არეალზე მშენებლობის 582 ნებართვაა გაცემული, რაც 64 ჰა–ს მოიცავს.  აქედან ყველაზე მეტი – 144 ობიექტზე მშენებლობის ნებართვა – 2019 წელს გაიცა. 2020 წელს კი ნებართვა 36 ობიექტზე გაიცა;
  • ლისის ირგვლივ არსებული წიწვოვანი ტყე თბილისში უკვე ფართოდ გავრცელებულმა სოკოვანმა დაავადებამ შეიწირა – გადამხმარია; ტყის განახლებაზე არავინ ზრუნავს;
  • ლისის ტბა შრება. 2020 წლის მონაცემებით, ტბაში წყლის დონე დაახლოებით 2 მეტრითაა დაწეული. წყლის ზედაპირის ამოშრობის მთავარი ხელშემწყობი მომრავლებული მშენებლობებია. ნარჩენებითა და მცენარეებითაა გატენილი ლისის ტბის შემავსებელი არხები. 1 უჩუმრად წყლის მეზობელი ნაკვეთების სარწყავად გამოყენებაც ხდება, მისი შემვსები ალტერნატიული წყლის მიყვანის ორგანიზება კი ძალიან ჭირს მესაკუთრეთა ასეთი სიმრავლის მიუხედავად, ან სწორედ მესაკუთრეთა სიმრავლის გამო. ამას ემატება კლიმატის ცვლილებების გამო ნალექების ბუნებრივი შემცირება.

ამ ქაოსურ  სურათში სრულიად გადღაბნილია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. რა როლი აკისრია თბილისის მერიას? ვინ უნდა აიძულოს ურიცხვი მესაკუთრე, იფიქროს არა მარტო ლისის ტბის მეშვეობით გამდიდრებაზე, არამედ ამ ტერიტორიის საჯარო ფუნქციაზე, რომელიც ქალაქის არამესაკუთრე არმიას – საზოგადოებას გვჭირდება? ლისის ტბა ქალაქის ფილტვები და განიავების მნიშვნელოვანი წყაროა. ის უმნიშვნელოვანესი საჯარო სივრცეა, ადამიანების დასვენების, სოციალური და პოლიტიკური აქტივობებისთვის. ლისის ტბა სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების ფართო შესაძლებლობებს ქმნის. მაგრამ საზოგადოებას ჩამოთვლილი შესაძლებლობები ნელ-ნელა ეცლება ხელიდან. ისინი სადღაც,  მესაკუთრეთა ურიცხვ არმიასა და მათ ზურგს ამოფარებულ „საჯარო სიკეთის მცველ“ სახელმწიფოს შორის იკარგება.

###

ანანო ცინცაბაძე წარმოადგენს ღია საზოგადოების ფონდის მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამას