სახალხო კონტრტროლი

ლევან ღამბაშიძე

ცოტა ხნის წინ ფეისბუქის მიერ ქართველი ფეისბუქ-ინსტრაგრამ ტროლებისა და ყალბი ანგარიშების წერტილოვანი განადგურების შემდეგ, დიდმა გაურკვევლობამ დაისადგურა ქართულ საზოგადოებაში. ხალხი ვერ გაერკვა, რა მოხდა სინამდვილეში: ვინ არიან ეს ტროლები? რა კავშირია ტროლებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის? რატომ ებრძვის ფეისბუქი ტროლებს? რას ნიშნავდა ეს ქმედება საქართველოსთვის? ვიღაც პანდა საერთოდ რა შუაში ამ ყველაფერთან? და ა.შ.

საქართველოში საკმაოდ გავრცელებული უაზრო მოსაზრების (ბოდიში ტავტოლოგიისთვის) თანახმად, ყველა იტყუება, ყველა ბოროტად სუბიექტურია და ამის გამო ჭეშმარიტება ყოველთვის მიუწვდომელია. ანუ ვერასდროს გაიგებ, თუ რა ხდება სინამდვილეში შენ გარშემო. თითქოს არ არსებობდეს საღი აზრი, ლოგიკა, ინტელექტუალური კეთილსინდისიერება, სიმართლის გაგების სურვილი და სხვა რამ ათასი მექანიზმი, რომელთა საშუალებითაც კაცობრიობა უკვე ათასწლეულებია რაღაცნაირად ახერხებს ტყუილ-მართალის ერთმანეთისაგან გარჩევას. სადაც კორპოსკულურ-ტალღური დუალიზმის უნივერსალურობის საკითხში გავერკვიეთ, ფეისბუქის ამბის გარკვევაც რამენაირად უნდა მოვახერხოთ, წესით.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ამბის არსის გაგებაში ყველაზე დიდი როლი არც მეტი, არც ნაკლები – თავად პანდამ შეასრულა. იმისთვის რომ საბოლოოდ მიხვდეთ, რას ერჩოდა ცუკერბერგი ტროლებს, უნდა იხილოთ პანდას უკანასკნელი ვიდეო, რომელსაც ჰქვია „მხოლოდ სიმართლე”. ადრე არსებობდა მგონი რაღაც მსგავსი სათაურის გაზეთი, რუსული იყო მგონი, ოღონდ „მხოლოდ” არ ჰქონდა სათაურში… ვერ ვიხსენებ ზუსტ სახელს, სიმართლეებს წერდნენ იქაც. რამ გამახსენა, არ ვიცი. დავუბრუნდეთ მთავარს.

მაშ ასე, ვიდეოში პანდა გვიყვება:

  1. „ფეისბუქის გამოქვეყნებულ დასკვნაში ჩვენი მხრიდან საუბარია ოპოზიციის კრიტიკაზე”.

არა. ფეისბუქის დასკვნაში საუბარია, რომ არსებობდა ყალბი საინფორმაციო სააგენტოების, პოლიტიკური პარტიების, აქტივისტებისა და სხვათა გვერდები, რომლებიც ავრცელებდნენ ინფორმაციას არჩევნებზე, პოლიტიკაზე, საჯარო პირებზე, ოპოზიციის კრიტიკაზე და ა.შ. გამოძიებამ ეს ყალბი გვერდები დააკავშირა სარეკლამო სააგენტო „პანდასთან“ და „ქართული ოცნების“ მთავრობასთან. პანდა ოპოზიციას აკრიტიკებდაო არსად წერია, მაგრამ, ვფიქრობ, პანდასგან ეს სწორი რიტორიკული სვლა არის, ვინაიდან შემდეგ ის საუბრობს იმაზე, თუ რატომ აკრიტიკებდა ის ოპოზიციას; იმაზე თუ როგორ იდევნებოდნენ მისი წევრები წინა მთავრობის დროს და ა.შ. ამით მაყურებელში პანდას წევრების მიმართ თანაგრძნობა შეიძლება გაჩნდეს. მაგრამ ჩვენ არ წამოვეგებით ამას. არა იმიტომ, რომ არ გვჯერა იმის, რაც მათ თავს გადახდათ, არამედ იმიტომ, რომ თავად ფოკუსი ოპოზიციის კრიტიკაზე არის ტყუილი. ჩვენ ხომ ვიცით, რომ დასკვნა არ ედავება პანდას ოპოზიციის კრიტიკას? ჩვენ ხომ მოგვიანებით ვნახავთ, რომ პანდა მხოლოდ ოპოზიციის კრიტიკას არ ავრცელებდა?

  1. შემდეგ პანდა ერთმანეთს ადარებს თავად ფეისბუქის დასკვნასა და „ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის” დასკვნებს, რომლებიც ერთმანეთს არ ემთხვევა და რომელიც, პანდას აზრით, საფუძველია იმის მტკიცების, რომ სწორედ ატლანტიკური საბჭოს მიერ ფეისბუქის დასკვნის მცდარი ინტერპრეტაცია გახდა პანდას წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის დაწყების მიზეზი. გავყვეთ პანდას ამ მსჯელობაში და დავუშვათ, რომ ატლანტიკური საბჭოს დასკვნა მიკერძოებულია. გვრჩება მხოლოდ ფეისბუქის დასკვნა. პანდას აზრით, ფეისბუქის დასკვნაში წერია:

„ისინი (ფეისბუქი) წერენ, რომ ჩვენ სისტემურად ვმუშაობდით. დიახ, ეს ასეა. ჩვენ სოციალურ ქსელში ვფლობთ და ვაქირავებთ რესურსებს. ფეისბუქი ამბობს, რომ ჩვენ კრიტიკული ვიყავით ოპოზიციის მიმართ. დიახ, ჩვენ ამასაც ვადასტურებთ [….] ფეისბუქს არ უთქვამს, რომ პოსტები შინაარსის გამო დაბლოკა. მან დაგვბლოკა სისტემურობის გამო.[…]”.

ნწ. ნწ. ნწ. ისევ არა. მართალია ის, რომ ფეისბუქს ყალბი გვერდები შინაარსის გამო არ დაუხურავს, მაგრამ ფეისბუქის ანგარიშში არსად წერია, რომ გვერდები სისტემურობის გამო დაიბლოკა. სისტემურად შვიდი ჯუჯაც მუშაობდა ბრილიანტის მოსაპოვებლად მაგრამ ამის გამო მაღარო რომ დაეხურა ვინმეს, ხომ გაუგებარი იქნებოდა? აი სისტემურად ბომბის აწყობაზე რომ ემუშავათ, ეგ უკვე სხვა საქმე იქნებოდა. იგივეა პანდას შემთხვევაშიც. ფეისბუქის დასკვნაში წერია, რომ ყალბი გვერდები კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის (coordinated inauthentic behavior) დახურეს. მოკლე ვიდეოში, ფეისბუქის კიბერუსაფრხოების სამსახურის  ხელმძღვანელი, ნათანიელ გლეიჩერი, განმარტავს, რა არის ეს: კოორდინირებული არაავთენტური ქმედება არის მოვლენა, როდესაც გვერდთა თუ მომხმარებელთა ჯგუფები თანამშრომლობენ, რათა შეცდომაში შეიყვანონ სხვები საკუთარ ვინაობასთან თუ საქმიანობასთან დაკავშირებით. გრძნობთ განსხვავებას „სისტემურობის გამო დაბლოკვასა” და რეალურ მიზეზს შორის? მართალია, საკვანძო წინადადებაა – „სხვათა შეცდომაში შეყვანა”. როდესაც პანდა სისტემურობის გამო დაბლოკვაზე საუბრობს ვიდეოში, ეკრანზე გამოდის ციტატა ფეისბუქის ანგარიშიდან: „ჩვენ ვაუქმებთ ამ გვერდებს, ჯგუფებსა და ანგარიშებს არა მათი შინაარსიდან, არამედ მათი აქტივობიდან გამომდინარე”. და რატომ არ არის აქ სხვათა შეცდომაში შეყვანაზე საუბარი? მე მგონია იმიტომ, რომ პანდამ ვერ შენიშნა, რომ ზუსტად ამ ციტატის წინა წინადადებაში სხვათა შეცდომაში შეყვანა ფეისბუქმა სხვანაირად მოიხსენია. კერძოდ, მანიპულაციად. პანდას სასურველი წინადადების წინა წინადადებაში ფეისბუქი ამბობს, რომ არ მისცემს ვინმეს საშუალებას მისი მომსახურება სხვათა მანიპულაციისათვის გამოიყენოს.

  1. მესამე საკითხი ისევ პირველს უკავშირდება ირიბად. პანდას ვიდეოს რაღაც მონაკვეთში, ატლანტიკური საბჭოს მიერ პანდას საქმიანობის ანალიზისთვის გამოყენებული ერთ-ერთი ფეისბუქპოსტია გამოყენებული, სადაც ერთ-ერთი ამერიკელი დიპლომატის სექსუალური დანაშაულის სკანდალზეა საუბარი. როგორც ჩანს, ატლანტიკურ საბჭოს ეს პოსტი იმის ნიმუშად მოჰყავს, თუ რანაირად უწყობს პანდა საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ხელს. პანდა ამბობს, რომ ეს სიცრუეა, და რომ მათ მიერ მართული გვერდის „Gazzeta.ge”-ის პოსტი ანტიამერიკული ვერ იქნება, ვინაიდან მსგავსი პოსტი ძალიან სანდო BBC-საც ჰქონია გამოქვეყნებული. ეს გასაგებია, მაგრამ, აბა ჩვენო ოპოზიციას ვაკრიტიკებდითო? ამერიკელ დიპლომატზე გამოქვეყნებული პოსტი რა შუაშია? საქმეც სწორედ ეს არის: მსგავსი ინფორმაციის გაზიარებით, ეს ანონიმური ვითომ საინფორმაციო სააგენტო Gazzeta.ge იძენს სანდოობას გარკვეულ მომხმარებელში, წარმოჩინდება, როგორც ნამდვილი სააგენტო და შემდეგ უფრო მარტივი ხდება მის მიერ მის მიმართ ნდობით აღჭურვილი მომხმარებლით მანიპულირება. ფეისბუქი შინაარსს ნამდვილად არ ედავება პანდას, არამედ მსგავს საქციელს, რასაც პანდა თავისივე ვიდეოში ადასტურებს.

  2. რაღაც ნაწილში, პანდა კვლავ უბრუნდება ატლანტიკური საბჭოს „მიკერძოებულ” ანალიზს და ამბობს, რომ ანალიზი მხოლოდ ცალმხრივია და ამის გამო ნაკლოვანი. ცალხმრივი კი იმიტომ არის, რომ მისმა ქართველმა ანალიტიკოსმა „ვერ შეამჩნია, რომ მთავარი არხი და ფორმულა, საერთო რესურსებს ფლობენ ფეისბუქში და კოორდინირებული მუშაობით ავრცელებენ სხვადასხვა ინფორმაციას”. ანუ, მარტო ჩვენ კი არა, სხვებიც არიან ცუდებიო. მაგრამ ჩვენ ხომ უკვე ვიცით, რომ ფეისბუქისათვის კოორდინირებული მუშაობით სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება კი არ არის პრობლემა, არამედ როდესაც ამასთან გამავრცელებლის ვინაობას იტყუები ხალხის მანიპულაციისათვის?

  3. ბოლო ეპიზოდი სხვებთან შედარებით არარაობაა.

„რაც შეეხება ცრუ ლიბერალების დაჯგუფებას, რომელიც ყოველდღიურად ხელს უშლის და დასცინის ტრადიციულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს…” ეს იცით რომელი პანდა ამბობს ამას? აი „ჩამოვკრავდი, მარა ნათლისღებაა”-თი და „სამარხვო ჩალაღაჯი გააქვთ”-ით რომ დასცინოდა უამრავ მომარხულე ქრისტიან ტრადიციულ ადამიანს. რომელ ცრუ ლიბერალებზე საუბრობს, ან დაცინვაში იმაზე მეტს რას გულისხმობს, რითაც თავად გახდა ცნობილი, ნეტა?

ტარიელ ჭანტურიას აქვს ასეთი კარგი ლექსი – „ალბერ კამიუს თუთიყუში“. ადვილი დასამახსოვრებელია:

„სისულელეა ყველაფერი სისულელეა!

სისულელეა ყველაფერი სისულელეა!

სისულელეა ყველაფერი სისულელეა!

სისულელეა ყველაფერი სისულელეა!

სისულელეა ყველაფერი სისულელეა!“

ლექსის გენიალურობა ის არის, რომ როგორც კი ვინმე მკითხველი იტყვის, რომ ეს ლექსი სრული სისულელეა, ლექსი ჭეშმარიტი ხდება. არადა მართლა სულელური ლექსია. აი ისევ!

ყველაფერი, რაც ფეისბუქმა პანდაზე თქვა, პანდამ საკუთარი ქმედებით დაადასტურა: გამოვიდა ნიღბიანი ადამიანი და ფაქტების ჟონგლიორებით ადამიანთა მანიპულაცია, მათი შეცდომაში შეყვანა სცადა. სხვას რას ჩიოდა რო ფეისბუქი? არც არაფერს.

სინამდვილეში ფეისბუქის პოზიცია ასეთია: არ შეიძლება შექმნა მრავალი ყალბი მომხმარებელი და ჯგუფი და მათი კოორდინირებული მართვით შექმნა საზოგადოებაში განწყობების, სიმართლეების, რეალობების ყალბი იმიტაცია. ამით შენ ადამიანებით მანიპულირებ და ფეისბუქი თავისი მომხმარებლების დაცვის მიზნით, არავის მისცემს ამის კეთების საშუალებას. შეიძლება იკითხოთ, მაგალითად, ქართული საინფორმაციო არხებიც ხომ ხშირად მანიპულირებენ ფაქტებით და ხშირად მათაც ხომ შეჰყავთ მაყურებელი შეცდომაში? მაშინ რა განსხვავებაა ტროლებსა და ამ არხებს შორის? ნამდვილად კარგი შეკითხვაა. საქმე რაშია: თუ, მაგალითად, რომელიმე ქართული არხი შეეცდება ფაქტებით მანიპულირებას და მომხმარებელი ამას მიხვდება, ამ კონკრეტული არხის რეიტინგი, რეპუტაცია, სანდოობა დაეცემა, ეყოლება ნაკლები მაყურებელი. თუ ვინმე მანიპულაციის გამჟღავნების შემდეგ მაინც განაგრძობს ამ არხის ყურებას, ეს უკვე მაყურებლის არჩევანი იქნება. იგივე იქნება ნებისმიერი საზოგადო მოღვაწის, არასამთავრობო ორგანიზაციის, ექსპერტისა და სხვათა შემთხვევაშიც. როდესაც მოსაზრებას გამოხატავ საჯაროდ, შენ შენი სახელით წარსდგები აუდიტორიის წინაშე და თუ ტყუილსა და ცილისწამებაში იქნები შემჩნეული შენი სახელი დაზიანდება. მოკლედ, როდესაც ის ხარ, ვინც ხარ, უფრო ფრთხილი ხარ საჯარო პასუხისმგებლობის ამბავში, ხოლო როდესაც ანონიმი ხარ, რეალური პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაც ძალიან მარტივია. არ ენდობიან შენს ერთ ყალბ საინფორმაციო გვერდს, შექმნი მეორეს. ხოლო სანამ ხალხი მიხვდება, რომ არ ხარ სააგენტო და მანიპულირებ, მანამდე კიდევ ცოტა დრო გექნება მანიპულაციისთვის.

შინაარსი რომ მართლა გვერდით გადავდოთ და მხოლოდ ფორმალურად შევხედოთ საკითხს, ფეისბუქმა პანდა და „ქართული ოცნების“ მთავრობა დაადანაშაულა ყალბი გვერდებისა და მომხმარებლების საშუალებით ქართული საზოგადოებით მანიპულაციაში. მაგალითად, რომელიმე უსახელო პრემიერ-მინისტრის ფეისბუქგვერდზე ოდესმე თუ გინახავთ ხალხი, რომელიც გულებს და სიყვარულის ახსნებს წერს ხოლმე, “თქვენს ხელში ქვეყანა აშენდება” პათოსით?

აი, როდესაც მთავრობა თავად ქირაობს ტროლებს, რათა მათ მსგავსი კომენტარები წერონ, რათა დანარჩენ ნამდვილ მომხმარებლებს ეგონოთ, რომ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ამათ ხელში ქვეყანა აშენდება, აი ეგ მიიჩნია ფეისბუქმა არაკეთილსინდისიერ საქციელად. პრინციპში სავსებით მართებულადაც. იმედია, ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება, რათა მომავალში… მარა პრინციპში რა გაკვეთილი, პანდამ ისევ იგივე გააკეთა და „ქართულმა ოცნებამ“ – მივხვდით რა თქვა ფეისბუქმა და მოდით ტელევიზიებში ტყუილი ავკრძალოთო. როგორც ჩანს, მაგათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ საზოგადოებისათვის ეს ნამდვილად გამოსადეგი გამოცდილება შეიძლება იყოს:

პირველ რიგში იმისათვის, რომ მომავალში უფრო ყურადღებით ვიყოთ ინფორმაციის მიღების დროს, ვინაიდან უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ არსებობენ ჩვენი მანიპულაციის მოსურნე აქტორები; და მეორე მხრივ იმისათვის, რომ დავფიქრდეთ, თუ რამდენად სწორია ისეთი მთავრობის ყოლა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებით ასე უტიფრად მანიპულირებს. ამ იმედიან ნოტაზე დავასრულებ დღეს.

ზოგიც მერე იყოს.