საქართველოს ხელახლა აღმოსაჩენად

გიორგი ხასაია

რამდენიმე წლის წინ ქუთაისში გვქონდა ფოტოგამოფენა – „ვისია ქალაქი?“ – საერთო ადგილების, საერთოს და კერძოს ურთიერთმიმართებების, თავისუფალი დროის გამოყენების შესაძლებლობათა გააზრების მცდელობა.

რამდენიმე შესანიშნავ ფოტონამუშევარს შორის იყო იყო ირაკლი ბიგვავას ფოტო, მასზე აღბეჭდილი ოთხი არასრულწლოვანი ბალერინით, რომლებიც თეთრი ხიდის მოაჯირთან ზურგით დგანან. ზურგით მდგომი ბალერინების ეს სახე (ანგელოზის სახის გავლით) საინტერესო ნათესაობას ამჟღავნებდა ისტორიის ანგელოზის ფიგურასთან – შემზარავისა და რადიკალური იმედის ამაღელვებელი ერთდროულობით.

სიმსუბუქე, რომელიც ქუთაისის ამ მონაკვეთში ტრიალებს და რომელიც ბალერინებმა ფოტოგრაფს წამით შესანიშნავად მოახელთებინეს, ერთი მხრივ, თეთრი ქვების დეკორატიული იერით, რომელსაც თვალი მსუბუქად აწონის, მეორე მხრივ მდინარე რიონთან სანაპიროს ნაძვებისა და ჭადრების თანამშრომლობის შედეგად გაჩენილი ნიავით და, მესამე მხრივ, სანაპიროს სახლების სიმჩატით აღიძვრება. თეთრი ხიდი ამ სიმსუბუქეში გაჭრილი დერეფანია. მაგრამ ამ დერეფანს ლითონის იატაკი დააგეს – ასე გადაწყდა ხიდის რეაბილიტაციის დროს. ლითონს რომ ლაპარაკი შეეძლოს, იტყოდა, რომ აქ მისი ადგილი არაა.

ლითონის ხრიალით სიმსუბუქის  დამრღვევი, ამავე სიმსუბუქის გარეთ იმყოფება – ანუ ვერ გრძნობს ქუთაისს. ან იქნებ გრძნობს, მაგრამ ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად მისი ქცევის ვნება ისეთი დიდია, (ქუთაისის ყოფილი მერი ამბობდა, რომ ტურისტული ატრაქციები ხიდს მიმზიდველს გახდიდა უცხოელი ვიზიტორებისთვის) რომ გადაწყვეტილების მიმღებმა ჯერ სცადა, გამოეცნო ტურისტის მზერა, შემდეგ ეს მზერა მოირგო და თეთრ ხიდზე ლითონის იატაკი დააგო. ვითომ მაინცდამაინც ეს უნდოდა ტურისტს? ალბათ არა, მაგრამ ტურისტის მზერა ტურისტისგან დამოუკიდებლად იწყებს არსებობას, როცა ხელისუფლებები და კაპიტალები ცდილობენ, გამოიცნონ, რა მოეწონება ტურისტს და შემდეგ ამ მათი ფანტაზიის განსახორციელებლად იტაცებენ ან თავიანთ ჭკუაზე გარდაქმნიან საჯარო სივრცეებს.

ეს კი ხშირად, შეიძლება ჩვენს კოლექტიურ  ინტერესებს  ეწინააღმდეგებოდეს. ედუარდო გალეანო იტყოდა, რომ წვიმა ცუდი ამბავია ტურისტებისთვის, მაგრამ კარგია ფერმერებისთვის. ზოგიერთი  მკვლევარი სამართლიანად ფიქრობს, რომ თანამედროვე საჯარო სივრცეს მედია და თანამედროვე ტურიზმი აყალიბებს. სწორედ ისინი ქმნიან ვირტუალურ საჯარო სივრცეს, რომელშიც ყველა და ყველაფერი ექვემდებარება გამოფენას, ხოლო ამ გამოფენილს „ავთენტურობა“ და „ნამდვილობა“ მოეთხოვება – ორნამენტები „თეთრი ხიდის“ იატაკზე, როგორც ჩანს, ამ ფუნქციას ასრულებს. გადავიდეთ „თეთრ ხიდზე“, ჩამოვჯდეთ საბაგიროს შენობის კიბეზე და ტურიზმზე ლაპარაკი გავაგრძელოთ.

2018 წლისთვის მსოფლიო ტურისტების რაოდენობამ 1 მილიარდ 400 მილიონს მიაღწია. ადამიანების გიგანტური მასის გადაადგილებას, კვებას, გართობასა და დასვენებას შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში არნახულად ფართოვდებოდა, ისევე როგორც ტურისტებისთვის საინტერესო ადგილების წარმოება და მოხმარება (ჯონ ური). თუ შავი ჭირის ბაქტერიამ „აბრეშუმის გზა“ გამოიყენა გასავრცელებლად, ესპანურმა გრიპმა – ჯარების მოძრაობის ტრაექტორია, კორონავირუსი  ტურისტული ინფრასტრუქტურის გავლით გავრცელდა. მსოფლიო ტურიზმმა რამდენიმე კვირაში საკუთარი ბრწყინვალება სიღატაკედ შემოაბრუნა.

2018 წელს ჩვენი ქვეყნის მშპ-ში ტურიზმის წილი 9,3% იყო, ხოლო დასაქმებაში ტურიზმის სფეროს წილი 27%-ს აღწევდა, რაც თითქმის ნახევარ მილიონ სამუშაო ადგილს ნიშნავდა – ასეთ მონაცემებს გვთავაზობს მსოფლიოს ეკონომიკისა და ტურიზმის საბჭო.

ტურიზმმა საქართველოში უდავოდ აჩვენა მზარდი დინამიკა, მაგრამ აჩვენა შეზღუდულობა და ლიმიტებიც, რომლითაც ის საერთოდ ხასიათდება, და რომლის გამოც მასზე დიდი იმედების დამყარება, მის მხრებზე დიდი სიმძიმის აკიდება ეკონომიკურად მტკივნეული შედეგების მომტანი შეიძლება იყოს.

პანდემიით გამოწვეული ტურიზმის ვარდნის პირობებში, პრემიერ-მინისტრი და სხვა მინისტრები აქტიურ პროპაგანდას უწევენ შიდა ტურიზმს, რათა „ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო. ყველა ის ადგილი, რომელიც შესაძლებელია იყოს დავიწყებული, ჩვენს ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთად, ხელახლა უნდა ვნახოთ, რათა როდესაც ტურიზმი სრულად აღდგება და უცხოელი სტუმრები ჩამოვლენ, თითოეული ჩვენგანი საუკეთესო გიდი იყოს და მოვუყვეთ ჩვენს სამშობლოზე“.

გახარიას აზრით, სამშობლო იმიტომ უნდა აღმოვაჩინოთ, რომ შემდეგ მომავალ წელს ჩამოსულ ტურისტებს გიდებად გამოვადგეთ. მაგრამ ვის მიმართავს გახარია? უმუშევრად დარჩენილი ან დაბალშემოსავლიანი ახალგაზრდების არმიას ნამდვილად არა. მათ სამშობლოს ხელახლა აღმოჩენის  ფუფუნება არ აქვთ.

სლოვენიის არაპროგრესულმა მთავრობამაც კი, ტურიზმის ვარდნის პირობებში, შიდა ტურიზმის გამოსაცოცხლებლად ტურისტული ვაუჩერების პროგრამა აამუშავა – სლოვენიის ყველა სრულწლოვანი მოქალაქე 200 ევროს, ხოლო არასრულწლოვანი 50 ევროს ღირებულების ვაუჩერს მიიღებს, რომლის დახარჯვა დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასტუმროებში, აგრო-ტურისტულ ფერმებში, კერძო სახლებში და სხვა ადგილებში შეეძლებათ. ამ პროგრამას აქვს თავისი მინუსებიც, რომელთა ჩამოთვლა აქ არ ღირს, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს ბევრ სლოვენიელს დასვენების ხარჯებს შეუმსუბუქებს.

ასეთი შემსუბუქება სჭირდება ჩვენი თანამოქალაქეების უმეტესობას, რათა დასვენების გარდა, მართლაც ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, რომელსაც რაჭაში, ლეჩხუმში, პანკისსა თუ სვანეთში კაპიტალი ბუნების ხელით დახრჩობას უპირებს.

აღმოვაჩინოთ, რას და რატომ ვერ თმობენ იქ მცხოვრები ქართველები და რას ეწინააღმდეგებიან. ვნახოთ და აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, რომელსაც მთავრობისა და დიდი ფულის კოალიციები განუვითარებლობას ავითარებინებენ და ადამიანების მცირე ჯგუფის გამდიდრებას საყოველთაო გამდიდრების ყალბი დაპირებით ფარავენ.

უნდა აღმოვაჩინოთ, აბა რა უნდა ვქნათ, საქართველო, რომელიც სოლიდარობას ითხოვს, რომ თავი გადაირჩინოს და ეს საქართველო ხშირად ქალების პირით მეტყველებს და ამის გამო მისი მეტყველება კიდევ უფრო უკომპრომისო და ეჭვმიუტანელია. ქალაქსა და სოფელს, აგრარულ და ურბანულ საქართველოს, ვენახსა და ვაჭრობის სფეროში მომუშავეს, მაღალ ტექნოლოგიებსა და ბიო მეურნეობებში ღირებულების შემქმნელს ერთმანეთის ხელახლა აღმოჩენა გვჭირდება. ამ აღმოჩენამ შესაძლებელი უნდა გახადოს პოლიტიკური კოალიცია, რომელსაც დიდი ჰესების (და არა მხოლოდ) საწინააღმდეგო მოძრაობის საერთო საქმედ გადაქცევა შეუძლია. უდავოდ, უნდა აღმოვაჩინოთ და აღმოგვაჩინონ და ეს ტურისტებისთვის მოსაყოლად კი არ გვჭირდება, არამედ თანაცხოვრებისა და განვითარების საერთო ჰორიზონტის დასახვისთვის.

აქამდე ხელისუფლებები გვარწმუნებდნენ, რომ ხალხისთვის კარგია ის, რაც კარგია ინვესტორისთვის. აწი ხალხმა უნდა თქვას, თავად რას ფიქრობს ამაზე.