საქართველოს საპატრიარქოს

ბექა ყორშია

სამწუხაროდ, ბოლო ამბებმა საქართველოს სასულიერო ელიტასა და ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის არსებული განსხვავების მქრქალი ხაზიც წაშალა.

რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანებს ისეთი რამისკენ უბიძგებ, რომელიც მათ სიცოცხლეს უთუოდ განადგურებას უქადის, თუ ტერაქტს მოაწყობ ხალხმრავალ ადგილას?

უნდა შევთანხმდეთ, რომ ორივე ტერორიზმია. ქრისტიანობა კი, როგორც, ჩემდა გასაკვირად, გუშინ ერთმა მეუფემ აღნიშნა, გვეუბნება, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი.

და მაინც, რამდენი ვილაპარაკეთ და ვწერეთ, რომ საქართველოში მართლმადიდებელი მღვდელმსახურებიც კი ვერ გადაურჩნენ თავის დროზე ქოლერის პანდემიას. ისიც ითქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდეც ზემოხსენებულ პანდემიას ემსხვერპლა 1921 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არავინ არ არის დაცული ამ საშინელებისგან.

სულ ახლახან საწყალი მღვდელი დაავადდა და მგონი, მასთან ერთად სტიქაროსანიც.

დღეს რაღაც ვიდეო ვნახე, პატარა ბავშვი დგას და ამბობს, რაც საპატრიარქოს კურთხევა იქნება, მაგას ვიზამთო. მერე შუა ხნის მამაკაცი გამოვიდა – თუ წირვა შეწყდება, სულიწმინდა დაგვტოვებს და ცეცხლის წვიმა წამოვა ციდანო.

რატომ ატერორებთ ამ თქვენზე ბრმადმინდობილ ხალხს ათასი აპოკალიპტური კონსპირაციით, რომელსაც არც რელიგიასთან აქვს რაიმე კავშირი და, მით უმეტეს, არც – ღმერთთან?

რატომ ქმნით ქრისტესგან უსულო კერპს, რომელიც დროდადრო მსხვერპლშეწირვას მოითხოვს?

რატომ დაგყავთ ყველაფერი საკრალური, რისთვისაც ის ევნო, პროფანულ ბოდვებამდე?

რატომ უწამლავთ ამ ხალხს გონებას?