დაუსრულებელი არქიტექტურული ხედვა

ფასიანი განთავსება

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე უმასპინძლებს გამოფენას – „ლადო ალექსიმესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“.

თიბისი კონცეფტის მულტიფუნქციური სივრცე დაახლოებით ერთ კვირაში გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის, ლადო ალექსიმესხიშვილის (1915 – 1978) მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.  ეს მართლაც გამორჩეული მოვლენაა, რადგან გამოფენა ნიჭიერი, გამორჩეული ხედვის ქართველი არქიტექტორის თითქმის ორმოცწლიან შემოქმედებას, მის დასრულებულ თუ დაუსრულებელ პროექტებსა და უნიკალურ მხატვრულდოკუმენტურ მასალებს გაგვაცნობს.

გამოფენის კურატორები არიან: დიმიტრი ერისთავი და ლადო შონია, (ნინი ფალავანდიშვილთან თანამშრომლობით). გამოფენა 20 სექტემბერს გაიხსნება და დეკემბრის ბოლომდე გასტანს.

გამოფენაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი მასალები გვაჩვენებს არქიტექტორის განვითარების გზას ადრეული საკონკურსო პროექტებიდან დასრულებულ შენობებამდე. მისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი შემოქმედება ასახავს როგორც პიროვნულ შემოქმედებით ტრანსფორმაციას,  ასევე ცვლილებებს  ნამუშევრების სოციალურპოლიტიკურ კონტექსტში. გამოფენილი მასალები  მოიცავს ჩანახატებისა და ნახაზების კოლექციას, ფოტოებს, ფილმებს, საარქივო მასალას და მაკეტებს.

თავად კურატორები ასე განსაზღვრავენ გამოფენის მნიშვნელობას დღევანდელ კონტექსტში.

დიმიტრი ერისთავი:

ჩვენი გამოფენის მიზანი იყო ლადო ალექსიმესხიშვილის შემოქმედების რაც შეიძლება სრულყოფილად წარმოდგენა. ექსპოზიცია წარმოაჩენს როგორც მის განხორციელებულ პროექტებს და თანდართული ფიქრის პროცესებს, ასევე იმ სივრცულ ჩანაფიქრს, რაც ამ ყველაფრის პარალელურად იქმნებოდა. გამოფენაში რეტროსპექტიულად აღწერილია ის ეპოქალური ცვლილებები, რომელთა მომსწრე და ამსახველი თავად არქიტექტორია. 

ლადოს შემოქმედების, მისი მემკვიდრეობის შესწავლა და გადააზრება იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც იმ პერიოდის, სადაც მას მუშაობა უწევდა. რა დამოკიდებულება გვაქვს დღეს წარსული ეპოქის არქიტექტურასთან? რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მატერიალური ისტორიის შენარჩუნება? როგორ უნდა იქმნებოდეს ახალი სივრცეები არსებულ გარემოში? ასეთი კითხვები მნიშვნელოვანი იყო ლადოს არქიტექტურის ფორმირებისთვის და ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ შემდგომი თაობებიც ამ საკითხებს პასუხისმგებლობით გაიაზრებენ“.

ლადო შონია:

იმის მიუხედავად, რომ ლადო ალექსი მესხიშვილს მოღვაწეობა საბჭოთა  პერიოდში მოუწია, მისი შემოქმედება მაინც გამორჩეულია ამავე  ეპოქაში მცხოვრები კოლეგებისგან. ეს განსხვავება შეინიშნება შემოქმედებით თვითმყოფადობასა და მეტნაკლებად დამოუკიდებელ პროფესიულ საქმიანობაში. სამუშაო გარემოსადმი მისი არაკონფორმისტული დამოკიდებულება და დაუღალავი ბრძოლა თუ შრომა საკუთარი იდეების განხორციელებისთვის, წარმოაჩენს ლადო ალექსიმესხიშვილს, როგორც გამორჩეულ პიროვნებას საბჭოთა დროის არქიტექტურულ სამყაროში.

მეოცე საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლები, ანუ სტალინის სიკვდილის შემდგომი, „ოტტეპელის გამოძახილიქართულ ხუროთმოძღვრებაში მნიშვნელოვანი გადატეხის პერიოდია. ერთი მხრივ, ეს არის ომისშემდგომი საყოველთაო აღმშენებლობისა და ინერციის პერიოდი და მეორეს მხრივ, ძველი სტერეოტიპების ნგრევისა და ახალი მიმართულების დასაწყისი. 

სწორედ ახალი არქიტექტურული ფორმების ძიება, ამავე დროს, ამ ფორმათა სიმკაცრე დადაუსრულებლობა“, რაციონალურ დაგეგმარებაზე გათვლილი სისადავე, შენობათა ჰაეროვნება, საშენ მასალად გამოყენებული რკინაბეტონის კონსტრუქციის მაქსიმალური სიმსუბუქე და ამავე დროს სიმტკიცე, ლანდშაფტის გულდასმით შესწავლა და მისი მორგება არქიტექტურულ მზერაზე, განსხვავებულ ხელოვნებათა სინთეზი არქიტექტურაში  ეს ყველაფერი ნამდვილად გამოარჩევს ლადო ალექსიმესხიშვილის შემოქმედებას საბჭოთა არქიტექტურის დადგენილი  დოგმატებიდან თუ ჩარჩოების ფონზე.

ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ იგრძნობა ლადო ალექსიმესხიშვილის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტში, რომელიც მან 60-70-იან წლებში განახორციელა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ თბილისის სპორტის სასახლე  (1960), რომელიც გიგანტური გუმბათოვანი თაღი, სივრცის გადაწყვეტა და არქიტექტურული სისადავე სრულიად გამორჩეული იყო იმდროინდელ საბჭოთა არქიტექტურაში. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია გუმბათის 76-მეტრიანი მალი, რომლის წყალობითაც დარბაზში სივრცის საოცარი შეგრძნება იბადება. ექსტერიერის აღქმის შემდეგ, სადაც სიმაღლე 16 მეტრს აღწევს, კიდევ უფრო შთამბეჭდავად აღიქმება ინტერიერის უზარმაზარი სივრცე (დარბაზის მაქსიმალური სიმაღლე 34 მეტრია), რაც ასევე შთამბეჭდავ  ემოციურ კონტრასტს ქმნის შიდა და გარე სივრცეებს შორის

აღსანიშნავია თბილისის სასოფლოსამეურნეო ინსტიტუტის შენობა (დიდი დიღომი), რომელიც თავისი დაგეგმარებით, გარემოსთან შერწყმით და ზუსტი კონცეფციით, 60-იანი წლების საბჭოთა არქიტექტურის ერთერთ საუკეთესო ნაგებობად აღიარეს სპეციალისტებმა. ინსტიტუტის კომპლექსი შემაღლებულ რელიეფზეა გაშენებული. გარემოსთან კავშირი შიდა ეზოების კავშირებითა მიღწეული. კარგადაა გამოკვეთილი შენობის არქიტექტურული იერსახე, ხოლო სასწავლო კორპუსებისა და ლაბორატორიების კავშირი ჰარმონიულ მთლიანობას ქმნის გარემოსთან. 

60-იანი წლების დასაწყისში, როდესაც თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი გაიხსნა (ლენინის მოედანიგმირთა მოედანი), ლადო ალექსიმესხიშვილის არქიტექტურული პროექტით ერთერთი მთავარი სადგურის – „ლენინის მოედნისმშენებლობა დაიწყო. მაშინდელი საბჭოური ქალაქების (მოსკოვი, ლენინგრადი, კიევი, მინსკი) მეტროს სადგურებისგან განსხვავებით, თბილისის მეტროპოლიტენის სადგური ნაკლები პომპეზურობითა და დეკორატიულობით გამოირჩეოდა: ის სადაა, ბევრად ლაკონიური და რაც მთავარია,  დიდი სივრცე და დეკორი (თეთრი ფერის მარმარილოთი მოპირკეთებული კედლები) კარგად ერწყმის ერთმანეთს.  

2015 წელს ლადო ალექსიმესხიშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა წიგნიალბომილადო ალექსიმესხიშვილი“, რომლის ავტორია არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე და მეცნიერიგიორგი ჯანბერიძე, ხოლო  კონსულტანტილადო ალექსიმესხიშვილის მეუღლე, კინორეჟისორი და მთარგმნელი, ლანა ღოღობერიძე.  სწორედ მათი მოგონებებითა და კომენტარებით დავასრულებთ ამ წინასაგამოფენო მიმოხილვას და ხელოვნებითა თუ არქიტექტურით დაინტერესებულებს თიბისი  კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცეში, მომავალ გამოფენაზე ვეპატიჟებით – „ლადო ალექსიმესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“.

გიორგი ჯანბერიძე:

ლადო ალექსიმესხიშვილი ერთერთი გამორჩეული პერსონაა უახლესი ქართული არქიტექტურის ისტორიაში. მისი შემოქმედების არსებითი და ყველაზე ძლიერი მხარეა გარემოს სივრცითი ხასიათისა და მასშტაბის სწორად შერჩევა, შენობის ბუნებრივი შერწყმა გარემოსთან. რასაც ემატება დაგეგმარების სადა და მოხერხებული ფორმა. მისი არქიტექტურული ხედვა ყოველთვის ითვალისწინებს ახალი სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციების გამოყენებას, ახალი არქიტექტურული ფორმების ძიებას 

ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანია ბატონი ლადოს მოღვაწეობა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე, სადაც მისთვის ჩვეული მგზნებარებითა და ინტერესით ასწავლიდა სტუდენტებს, ზრუნავდა ქართველი არქიტექტორების ახალი თაობების აღზრდაზე. ამავე დროს, ძალიან პოპულარული იყო თავად ახალგაზრდებს შორის, გამოირჩეოდა არტისტული ბუნებით, ღრმა ერუდიციითა და გამორჩეული პროფესიონალიზმით“.

ლანა ღოღობერიძე:

ჩვენი ცხოვრების ყველაზე საინტერესო და დრამატულ ეპიზოდებს გავიხსენებდი. ჩვენს ერთად ყოფნას მეტწილად განსაზღვრავდა ლადოს პროექტები, მშენებლობა, არქიტექტურული იდეები და მეორეს მხრივჩემი სამუშაო და ფილმები. ასე მგონია, რომ მისი პროექტების დაბადებასა და ხორცშესხმაში ვმონაწილეობდითან ეს ორი პროფესიაარქიტექტურა და რეჟისურა რაღაცით ჰგავს კიდეც ერთმანეთს, რადგან ერთი წარმოებასთან და მეორემშენებლობასთან არის დაკავშირებული. ორივე ძალთა უდიდეს კონცენტრაციასა და უამრავი დაბრკოლების გადალახვას მოითხოვდა.

1978 წელი იყო, როცა ლადო წავიდა ამქვეყნიდან. იმ დროს ვიღებდი ფილმსრამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”. მაშინ უკვე ავადმყოფობდა, ფილმი დავამონტაჟე და ლადო გარდაიცვალა. მანამდე მითხრა  რა ბედნიერი ვარ, რომ გადაღებებში ხელი არ შეგიშალეო. ერთად დაახლოებით 20 წელი ვიცხოვრეთ, მანამდე იყო რამდენიმე  წელი. ეს იყო მუდმივი, გაუთავებელი შემოქმედებითი ჭიდილი, რაც ჩვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდიდა. მე არ მჯერა იდილიების, ცოლქმრობა და თანაცხოვრება სირთულეებში  იჭედება. მერე  ძალიან გამიჭირდა ლადოს გარეშე…. და მაინც, ცხოვრება არის დანაკარგების ჯაჭვისულ რაღაცას კარგავ, მაგრამ, ამავდროულად, რაღაცას იძენ.  ჩემს ცხოვრებას სულ ახლდა დრამატიზმი, იყო ბევრი დარტყმა, დანაკარგი,  მაგრამ მისი  დაძლევით და ამის  მიღმა მშვენიერებისა და სიბრძნის დანახვით ხდება  ცხოვრება საინტერესო. მოკლედ, რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს  ძალიან ზუსტი ნათქვამია“.