ავტორი: ნინუკა ქოიავა
დღეს,
სამწლიანი ურთულესი ემიგრაციული შრომის შემდეგ,
თინათინ და ხვიჩა ემირიძეების კინოსცენარი, სახელწოდებით – „სამება“,
კანის კინოფესტივალზე ასობით პროექტს შორის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
ეს არის ტრიუმფი? დიახ, მათთვის ეს ტრიუმფია.
მაგრამ საქართველოსთვის ეს კატასტროფული მარცხის კიდევ ერთი დიაგნოზია.
თინათინ და ხვიჩა ემირიძეები ემიგრაციაში 2023 წელს წავიდნენ. ვინც არ იცის: ემიგრაცია სასტიკია — ეს არის ნულიდან დაწყებული ცხოვრება ენობრივი ბარიერით, ბიუროკრატიასთან ჭიდილით და უცხო გარემოში თვითდამკვიდრების მძიმე პროცესით.
მაგრამ ისინი ამას ირჩევენ იმიტომ, რომ აქ, სახლში, ნიჭი და შრომა არ არის ცხოვრებისთვის საკმარისი. ნეპოტიზმი, პარტიული კუთვნილება, კონფორმიზმი — ეს ისევ ის ვალუტაა, რომლითაც წარმატება იყიდება.
სამშობლოში თეატრალური უნივერსიტეტის დამთვრების შემდეგ მათ გადაიღეს ერთი სრულმეტრაჟიანი და რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, რომელთა წყალობითაც, თავისუფლად შეგვიძლია, შემოქმედებითად აქტიური ადამიანები ვუწოდოთ.
მათმა სრულმეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა, „რესპუბლიკამ“, განსაკუთრებული ინტერესი და აღიარება მოიპოვა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბით, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, მოუწიათ, უცხო და შორეულ საფრანგეთში გაეგრძელებინათ მოღვაწეობა.
ეს მხოლოდ ერთი ოჯახის ისტორია არ არის.
ეს არის ქართული ინტელექტუალური და კრეატიული გენოციდის სურათი.
და რაზეა სცენარი „სამება“
„სამება“ არის ფსიქოლოგიური დრამა, აბსურდული რეალიზმის ელემენტებით. სიუჟეტი ვითარდება აჭარის რეგიონის ერთ პატარა სოფელში, სადაც მუსლიმები და ქრისტიანები ჰარმონიულად ცხოვრობენ, თუმცა იდუმალი მკვლელობა ამ სიმშვიდეს არღვევს. მკვლელობა აქ მხოლოდ კატალიზატორია, რომელიც საზოგადოების დაშლას, ეჭვსა და კოლექტიურ პარანოიას აშიშვლებს. ეს არის ამბავი ლიტერატურის მასწავლებელ ზაზაზე, რომელიც წესრიგითა და სიმეტრიითაა შეპყრობილი. ფილმი იკვლევს, თუ როგორ იჭყლიტება ინდივიდუალური რაციონალურობა იმ საერთო „სიგიჟის“ წნეხის ქვეშ, რომელმაც შესაძლოა, მთელი სოციუმი შთანთქას.
ეს არის ტექსტი, რომელშიც ჩვენი ყოველდღიური სიმახინჯეები აირეკლება. სწორედ ამიტომ, დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: სცენარი საქართველოში ვერ დაფინანსდებოდა – რადგან ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც კულტურის სფერო და კონკრეტულად კინოცენტრი, იდეოლოგიური წნეხის ქვეშაა. სახელმწიფო მანქანა არ აფინანსებს თავის კრიტიკას. სისტემას არ სჭირდება შემოქმედი, რომელიც თავისი შემოქმედებით კრიტიკულ კითხვებს სვამს.
როდესაც ხელოვნება კარგავს სოციალური პულსაციის უფლებას, ის კვდება. და-ძმამ სიკვდილს ემიგრაცია ამჯობინა. საქართველოში რომ დარჩენილიყვნენ, მათ წინ ორი არჩევანი ექნებოდათ: ან „სამება“ ჩაედოთ უჯრაში და გადაეღოთ რაიმე უწყინარი, ზედაპირული კომედია, რათა თავი გაეტანათ, ან შეგუებოდნენ მარგინალიზაციასა და პროფესიულ შიმშილს.
საფრანგეთმა კი მათ მისცა ის, რისი მიცემაც სამშობლომ ვერ შეძლო.
ტვინების მასობრივი გადინება სისტემური სიდუხჭირის შედეგია. დააკვირდით, ვინ ტოვებს დღეს ქვეყანას: სტუდენტები, არქიტექტორები, ექიმები, რეჟისორები, მწერლები. ახალგაზრდობა, რომელსაც აქვს პოტენციალი, შეცვალოს ამ ქვეყნის მომავალი.
მათი წარმატება კანში არის ფრანგული ინსტიტუციების, თავისუფალი სამყაროსა და მათი პირადი, ტიტანური შრომის შედეგი. საქართველოს სახელმწიფოს ამ გამარჯვებაში წვლილი არ მიუძღვის. პირიქით, სახელმწიფო იყო ის მთავარი ანტაგონისტი, რომელიც მათ ამ გზაზე ეღობებოდა.
ჩვენ გვიყვარს გამარჯვებული ქართველები საზღვარგარეთ, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ მათ საქართველოში შეეძლოთ დარჩენა, ცხოვრება და გამარჯვება. ჩვენ ტაშს ვუკრავთ შედეგებს, მაგრამ თვალს ვხუჭავთ მიზეზებზე, რამაც ეს ადამიანები საფრანგეთში (თუ სხვა ქვეყნებში) ლტოლვილებად აქცია.
დასკვნის ნაცვლად
სანამ ჩვენ აქ, ლოკალურ პოლიტიკურ ჭაობში ვართ ჩაფლულნი და იმაზე ვკამათობთ, ვინ უფრო დიდი პატრიოტია, ნამდვილი, ცოცხალი, მფეთქავი საქართველო თვითმფრინავის ბილეთებს ყიდულობს ცალმხრივი გზით.
„სამება“ კანშია. ავტორებიც იქ არიან. წინ დიდი გზა და საერთაშორისო აღიარებაა. ჩვენ კი აქ ვრჩებით, სოციალურ და პოლიტიკურ ვაკუუმში, სადაც ყოველი მეორე ნიჭიერი ახალგაზრდა იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გააღწიოს ამ ქვეყნიდან, რათა უბრალოდ იცხოვროს და აკეთოს ის, რაც უყვარს. ისე აკეთოს, როგორც წარმოუდგენია და ის უყვარდეს, რაც სურს, რომ უყვარდეს.
მათი გაქცევა მათი გადარჩენაა.
მაგრამ ვინ გადაარჩენს ქვეყანას,
რომელიც თავის მომავალს
საზღვრებს გარეთ ერეკება?!.