სერიიდან: მგზნებარების პორტრეტები – საშა რეხვიაშვილი

გია ეძგვერაძე

არსებობენ უცნაური ტიპის ადამიანები. ისინი, ვინც მთლიანად და უგულწრფელესად ემსახურებიან ადამიანთა გარემო-სამყაროს, მათ მისწრაფებებსა და მიზნებს, სცემენ პატივს და უყვართ ადამიანთა ისტორია, მოკლედ რომ ვთქვათ – საზოგადოების კეთილშობილი მსახურნი არიან, მაგრამ თავად, ვერა და ვერ ეწერებიან ორგანულად იმაში, რასაც ასე თავგამოდებით მსახურობენ.

ამის მიზეზი ერთია – ადამიანთა თანაცხოვრებაში მომგებიანი/წარმატებული ცხოვრება, პრაქტიკულად, ყოველთვის ხრიკია, ხაფანგი/მახე და თუ გსურს, ამ ერთობლიობის ზედაპირზე, მზის ქვეშ მოექცე, უნდა ეცადო ამ უმოწყალობის, საკუთარი თავის ღალატის პრინციპს გაუგო, მოირგო და მის ვექტორზე იმოქმედო და იმოძრაო.

ადამიანის ტიპი, რომელიც მე ვახსენე, მისი უსასრულო კეთილშობილების გამო არა და ვერ იღებს ადამიანთა თანაცხოვრების თამაშების ამ სულგამოცლილ მხარეს; მისი ბუნებისთვის მიზნის მისაღწევად გზების განურჩევლობა მიუღებელია! ამიტომ ასეთ ადამიანს, მისი თავდადებული მსახურების მიუხედავად, საზოგადოება ბოლომდე ვერასდროს იღებს, სრულფასოვნად თავისიანად ვერ აღიქვამს – რადგან ცხადია – ასეთი ადამიანის ცნობიერებაში საზოგადოების თანაცხოვრება რაღაც არა სავსებით პატიოსან, მეტ-ნაკლებად ყოველთვის მორალურ კომპრომისზე განწირულ ჩალიჩ-ფუთფუთად აღიქმება!

გასაოცარი აქ ის არის, რომ, მიუხედავად ასეთი სკეფსისისა, ამ ჯიშის ადამიანი დამანგრეველ კრიტიციზმს უგულებელყოფს, პირიქით – სწორედ ამ საეჭვო ფუთფუთში მყოფ ადამიანთა თანაცხოვრების მიმართ მსახურებაში იჩენს ის ერთგულებაში თავდავიწყებას. პარადოქსია? კი – მაგრამ რეალურად არსებული! ზემოთ აღნიშნულის გამო, ასეთ კეთილშობილ ადამიათა ცხოვრება, ნაწილობრივ, განწირულია მარტოობაზე – დიდსულოვან ეულობაზე…

საშა რეხვიაშვილი, სამწუხაროდ, ძალიან გვიან გავიცანი – სულ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე სამყაროს მგზნებარებას, რომლის ორგანული ნაწილიც თავად იყო, დაემშვიდობებოდა. საშაზე ბევრი მქონდა გაგონილი. მისი ფილმებიდანაც ვიცოდი, რომ, ზოგადად, მედიუმის უნატიფეს გრძნობას ფლობდა და ღრმად სწვდებოდა ტექსტში ჩაწერილი უხილავი გზავნილების სიღრმეებს. ამიტომ, ქართულ მასალაზე შექმნილი ჩემი კინოსცენარი სწორედ საშას გავუგზავნე და გაოცებული დავრჩი, როცა გერმანიაში დამირეკა და მითხრა – სცენარი უნაკლოა. შეიძლება, პირდაპირ გადაიღოს კაცმა და ეს პროექტი უნდა განხორციელდესო.

უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი უნიჭიერესი ადამიანისა და უზადო პროფესიონალის ასეთი შეფასებით! მერე თბილისშიც შევხვდი რამდენჯერმე, აი, ისე, სულით ახლობელს რომ შეხვდები, ერთმანეთს ცნობთ და ნდობის სივრცეში ბედნიერად იძირებით ორივე. ეს შეხვედრები უზომოდ შთამბეჭდავი იყო და ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში. ჩამრჩა იმიტომ, რომ თავისი საქმის, ზოგადად, კულტურისა და ადამიანის ასეთი სიყვარული იშვიათად მინახავს…

საუბარში ათას ერთ ტერიტორიას შევეხეთ და გასაოცარი ის იყო, თუ როგორი სისავსითა და სითბოთი ახსოვდა წარსულის ისტორიების ყველა დეტალი! როგორი მგზნებარებით იხსენებდა გარშემო მყოფ შემოქმედ ადამიანებს, როგორი პოზიტივით ავსებდა ამ გახსენებებს, როგორი ერთიანი დღესასწაული იყო მისთვის წარსული!

მის ბინაში სტუმრობა კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამოცდილება იყო: საშას ფერწერის კოლექცია, პირადი უნიჭიერესი ფერწერა, არქივი, ბიბლიოთეკა, მისი რუდუნებით და ღრმა პატივისცემით შეკრებილი უამრავი ფაქტები (გაზეთებიდან, ჟურნალებიდან, ხელით ამონაწერები) – პატრიოტული ქცევის, ავანგარდული შემოქმედების, თუ პატიოსანი პოლიტიკური აქციების დამადასტურებელი მასალა. ბევრი, უამრავი, სკრუპულოზურად შეკრებილი დეტალები ადამიანთა ლამაზად გასრულებულ ვალდებულებებზე, მათ კეთილშობილ ქცევის წესსა და ქმედით ნაბიჯებზე…

შეუძლებელი იყო ამ დიდი მგზნებარებით აღსავსე ადამიანის გვერდზე არ ავსებულიყავი უპირობო სიყვარულის პათოსით, რადგან მისთვის ყველაზე უმთავრესი სიცოცხლის არსის ჩქეფა/გამრავლება იყო. ასეთი იყო მტრის ენაზე (ანუ რუსულად) მოლაპარაკე „იდეალური ქართველი“, – კი, ასეთი უცნაური რამეებიც ხდება! კვლავ პარადოქსი? დიახ! უდიდესი დანაკლისია ჩემთვის, რომ მე ეს ადამიანი ასე გვიან გავიცანი და ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა ვერ შედგა.

მაგრამ მე, პირადად, მთელი ჩემი გონების ძალის რწმუნებულებით, შემიძლია განვაცხადო – საშა რეხვიაშვილი იყო და იქნება, იმ მცირე ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე წარმომადგენელი, რომელზეც გეზი უნდა აიღოს ქართველობამ, თუ უნდა, რომ კვლავ შედგეს მგზნებარე, ვიტალურ და კულტურულ ერად, შემოქმედებითი და კეთილშობილი თანაცხოვრების მაგალითად! მხოლოდ ასეთს მივიღებ მე მომავლის საქართველოს.