შოკის დოქტრინა კორონავირუსის დროს

გიორგი ხასაია

მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი  დაბნეულია, გრძნობს დაუცველობას და ხვალინდელი დღის შიშს, არსებობს ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც ამ ვითარებაში ახალ შესაძლებლობებს ხედავს.

ეს თავისებური ახალი შესაძლებლობებია – ისინი ჩნდება ომების, ბუნებრივი კატასტროფების, პოლიტიკური კრიზისების, ახლა უკვე პანდემიების შემდეგ და განმავლობაშიც კი.

ამ ახალი შესაძლებლობების გაჩენისთვის აუცილებელი პირობაა ჩვენი შოკური მდგომარეობა, დეზორიენტირებულობა, იძულებითი იზოლაცია, სოლიდარობის ვერშეძლება. სწორედ  შოკურ მდგომარეობაში ეგულება თავისი სასიცოცხლო სასუქები ამ  ახალ შესაძლებლობებს და ცდილობს, მისი გაჩენისთანავე ვამპირივით დაეწაფოს, გამოცოცხლდეს და ხელახალი სიცოცხლე შეიძინოს. ჩვენ მუდმივად გვარწმუნებენ, რომ ამ ვამპირის გაძლიერება საზოგადოებრივი პროგრესის წინაპირობაა.

ამერიკელი მკვლევარი ნაომი კლაინი ამგვარ მიდგომას შოკის დოქტრინას უწოდებს. რას ნიშნავს შოკის დოქტრინა, საიდან მოდის და რას გვიპირებს?

ნაომი კლაინის აზრით, შოკის დოქტრინა ცხადად ჩამოყალიბდა ეკონომისტის, მილტონ ფრიდმანის ცნობილ სტატიაში, რომელშიც ფრიდმანი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ კრიზისს მივყავართ რეალურ ცვლილებებამდე.

და სწორედ მაშინ, როცა კრიზისი გაჩნდება, ის რაც პოლიტიკურად შეუძლებელი ჩანდა, უნდა გახდეს პოლიტიკურად გარდაუვალი. რაზე საუბრობს ფრიდმანი? ის საუბრობს კაპიტალის ინტერესისთვის  ყოველგვარი წინააღმდეგობის მოხსნაზე, მისთვის ბილიკების მოსწორებაზე.

და ეს უნდა მოხდეს მანამდე, სანამ ადამიანების დიდი ნაწილი გონს მოსულა, სანამ დეზორიენტირებული და  დაშორიშორებული არიან.  ფრიდმანის ეს სტატიაც და მისი მოსაზრებებიც თანდათან პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ იქცა პოლიტიკური ელიტებისთვის და გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული ის განხორციელდა და ხორციელდება  თითქმის ყველგან, დაწყებული ჩილეთი, დასავლური ქვეყნების ჩათვლით და პოსტ-სოციალისტური ქვეყნებით დამთავრებული.

მთავარი უნდა ვთქვათ – საუბარია  არა ისეთი შესაძლებლობების პოვნაზე კრიზისში, რომლის ადრესატიც იქნებოდა ყველა ან პოტენციურად  ყველა,  რომელშიც ადამიანების ნამდვილი საჭიროებები იქნებოდა გათვალისწინებული და ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნებოდა რაღაც, რაც როგორც საერთო სიკეთე, ხელმისაწვდომი იქნებოდა მათთვის. არა. აქ საუბარია  შესაძლებლობებზე მათთვის, ვინც უკვე შემძლეა.  ვისაც უკვე აქვს ინვესტირების შესაძლებლობა და რომელიც ამ შესაძლებლობებს ვერ ახორციელებდა იმიტომ, რომ აწყდებოდა წინააღმდეგობას  ადამიანთა ჯგუფის, კლასის ან თემის მხრიდან.

მაშ ასე – 17 მარტს (საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე 4 დღით ადრე) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, (აი იმან, პურის გაძვირებას რომ არ დაუშვებს), რაჭაში მდინარე რიონზე ონის ჰესების კასკადის მშენებლობის ნებართვა გასცა. ამ ნებართვის გაცემას ადგილობრივი მცხოვრებლების წინააღმდეგობა აჩერებდა რამდენიმე ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.  ის, რომ საპროექტო ტერიტორია 9-ბალიან სეისმურ ზონაში მდებარეობს, ბევრის მთქმელია ონისა და 6 სოფლის ბედზე. ავტორიტეტული ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივას“ დასკვნაში ნათქვამია, რომ ჰესთან გვირაბების მიყვანამ შეიძლება მძლავრი წყლის ნაკადების მოდინება  და ქანების მასის დეგრადაცია გამოიწვიოს. პროექტის განხორციელება ითვალისწინებს ფიზიკურ და ეკონომიკურ განსახლებას. შესაბამისად, მოსახლეობას შეეზღუდება რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ასევე უცნობია, როგორ იმოქმედებს ტენიანობის მომატება და ბურღვააფეთქებითი სამუშაოები ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოზე. მაღალია მინერალური წყლების დაკარგვის საფრთხეც.

რაჭის სათემო ორგანიზაციამ 2 აპრილს განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ისინი ყველა კანონიერი გზით შეეცდებიან აღნიშნული პროექტისთვის ხელის შეშლას. ამ განცხადების გავრცელებიდან ერთი დღის შემდეგ, 3 აპრილს კიდევ ერთი ახალი ამბავი შევიტყვეთ შოკის დოქტრინის ჟანრში:

კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“ ერთ-ერთ საიტზე ფასიანი განთავსების ფარგლებში გვამცნო, რომ ნენსკრაჰესი კორონავირუსის პანდემიის პირობებშიც არ ჩერდება და ინტენსიურად აგრძელებს წინამოსამზადებელ სამუშაოებს.

„მწვანე ალტერნატივას“ ცნობით, ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფოს ყოველწლიურად მიადგება ასობით მილიონი ლარის ზარალი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ელექტროენერგო უსაფრთხოება და გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვან ზრდას. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ზემო სვანეთში დაგეგმილი, საქართველოში  მშენებარე ჰიდროელექტროსადგურებს შორის ყველაზე მასშტაბურის აშენება საცხოვრებელ და ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის მკვიდრ მოსახლეობას და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მთისა და მდინარეების ეკოსისტემას.

გახსოვთ ის არქიტექტორი, პირობას რომ დებდა, ისეთ შენობას ავაშენებთ, რომ  მდიდრები და ღარიბები ცალ-ცალკე შევლენ და ერთმანეთთან შეხება არ ექნებათო?  მისი ლანძღვა საჭირო არაა, პირიქით, მადლობელი უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ მან მისდაუნებურად  გარეთ გამოიტანა სოციალური რასიზმი, როგორც ეკონომიკური ელიტების შიდა შეთანხმება.  გაამჟღავნა, რას ფიქრობენ ჩვენზე ადგილობრივი და მოწვეული  მდიდრები, რომლებსაც ჩვენ თავს იაფ მუშახელად სთავაზობენ ჩვენივე ხელისუფლებები მსოფლიოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ტრიბუნებიდან. ეს ის აზრია, რომელიც გვიჩვენებს, რომ  მათთვის ეს ქვეყანა და ხალხი ფულის გამოსახდელი ნედლი მასალაა. ეს არის ღრმად კლასობრივი საზოგადოების საბოლოო დაფუძნების სურვილი  თავის უბინძურეს, შემზარავ გამოხატულებაში.

ქართული ნეოლიბერალიზმი ასეთად ჩაისახა, ასეთი გაიზარდა და  ჩამოყალიბდა. და ვერავინ და ვერაფერმა შეუშალა ხელი, იმიტომ, რომ შოკები საკმარისზე მეტი გვქონდა, თავად ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებაც შოკების უწყვეტი თანმიმდევრობაა.

ბურჟუაზია ყოველთვის წუწუნებს ხალხის განუვითარებლობაზე, სიზარმაცეზე და სიბნელეზე, როცა ხალხი ინერტულია. მაგრამ როცა ხალხი თავისი კლასობრივი ინტერესების დაცვას იწყებს, ეს წუწუნი შიშით იცვლება.

ისინი ვერ დაიჭერენ მთელ რეგიონს. ვერც მთელ სოფელს.

ამის მაგალითი პანკისმა უკვე მოგვცა.