სტამბოლის კონვენციის სტანდარტები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებში

პუბლიკა

ავტორი: ანა შალამბერიძე

ევროპის საბჭოს კონვენციაქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (შემდეგშისტამბოლისკონვენციაპირველი რეგიონული ინსტრუმენტია, რომელიც როგორც ევროპის საბჭოს წევრ, ასევე, არაწევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, მსოფლიო მასშტაბით შეუერთდნენ და დაამკვიდრონ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გაძლიერების მიმართულებით

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულების სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მის უმთავრეს მიზეზსა და შედეგს  წარმოადგენს  ქალსა და მამაკაცს შორის  ძალაუფლების ისტორიულად არათანაბარი განაწილება. ძალადობა არის  პატრიარქალურ საზოგადოებაში გამოყენებული სოციალური მექანიზმი, რომელიც ქალებს  დაქვემდებარებულ მდგომარეობაში  ამყოფებს მამაკაცებთან მიმართებით. ქალის მიმართ ძალადობა საზოგადოებაში მისი მეორეხარისხოვანი როლისა და არასრულფასოვნების იდეას ეფუძნება .  

2017 წელს  საქართველომ მოახდინა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება და თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი შეიმუშავა.  ამ  მნიშვნელოვან სიახლეს, წესით, გარდატეხა უნდა შეეტანა სასამართლო პრაქტიკაშიც, მაგრამ ასე არ მომხდარა. სასიკეთო ძვრებთან ერთად ხელშესახებია მთელი რიგი  პრობლემები და გამოწვევები პრაქტიკაში.

მოცემული სტატია აანალიზებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში გამოქვეყნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენების დასაბუთებას. მთლიანობაში, შესწავლილია 39 განაჩენი, რომელთა შორისა: მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილის (7 განაჩენი), მოსამართლე თათია გოგოლაურის (21 განაჩენი) და მოსამართლე ნანა ხოჯაძის (11 განაჩენი) მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.  

მსხვერპლის ჩვენებაზე დამოკიდებული დამნაშავის „ბედი“

სტამბოლის კონვენცია ( 55-ე მუხლი) ადგენს:   

„მხარეები უზრუნველყოფენ, რომ დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.“ 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, „დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა“, მათ შორის, მისი ჩვენება მიიჩნევა  მტკიცებულებად, თუკი დასაშვებობის  კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ის სარგებლობს უფლებით, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ, თუკი ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე,  დაზარალებული არ აძლევს ჩვენებას  ბრალდებულის წინააღმდეგ,  სასამართლოს, გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოაქვს. მოსამართლე, როგორც წესი, არ ითვალისწინებს დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ მამხილებელ ჩვენებას.

მოსამართლეები უგულებელყოფენ ოჯახური დანაშაულის სპეციფიკურ ბუნებას:   მსხვერპლს და ბრალდებულს ერთობლივი მეურნეობა/თანაცხოვრება აქვთ, ან ჰქონდათ წარსულში და მსხვერპლს მოძალადესთან სოციალური და ემოციური კავშირი აქვს; ხშირად მათ საერთო შვილები ჰყავთ, ან ოჯახის წევრები არიან; უფრო მეტიც, ბევრ  შემთხვევაში მსხვერპლს არ გააჩნია ეკონომიკური დამოკიდებულება  და შვილის (შვილების) მარჩენლის გარეშე დარჩენის შიშით ცდილობს აარიდოს მოძალადე  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას; დაზარალებული  არ გრძნობს  თავს უსაფრთხოდ და მოწყვლადია მოძალადის ზემოქმედების მიმართ. ამ ფაქტორების გამო, ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც დაზარალებული, რომელმაც საშველად სამართალდამცავებს მოუხმო, სასამართლო სხდომაზე უარს ამბობს  ბრალდების დამადასტურებელი ჩვენების მიცემაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლო თავის გადაწყვეტილებას, როგორც წესი, დაზარალებულის ჩვენებას აფუძნებს და ამ მიდგომას უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით ამყარებს.    

ტენდენცია, რომელიც  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის შედეგად იკვეთება,  ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება სტამბოლის კონვენციის ზემოაღნიშნულ სტანდარტსა და სულისკვეთებას. 

შეგვხვდა საგამონაკლისო შემთხვევაც, როდესაც  ქუთაისის საქალაქო სასამართლო   მტკიცებულებების ნაწილში დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს დაეყრდნო, თუმცა ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ მან დაზარალებულის დაცვის ინტერესი გაითვალისწინა, როგორც ამას სტამბოლის კონვენცია ავალდებულებდა. ამ საქმეში  ბრალდებული აღიარებდა დანაშაულს და მოსამართლემ  გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.   

„ბრალდებული ინანიებს დანაშაულს“

სტამბოლის კონვენცია (49-ე მუხლის მე-2 პუნქტი) კიდევ უფრო ამყარებს ამ ვალდებულებას და სახელმწიფოებისგან მოითხოვს ამ კონვენციით განსაზღვრული დანაშაულების ეფექტიანად გამოძიებასა და სასამართლო წესით დასჯას. აქ იგულისხმება შესაბამისი ფაქტების დადგენა, ყველა არსებული მოწმის გამოკითხვა, სასამართლო ექსპერტიზა მულტიდისციპლინური მიდგომების გამოყენებით და სისხლის სამართლის დანაშაულთა თანამედროვე საგამოძიებო მეთოდების გამოყენებით წარმართვა საქმის სრულყოფილი ანალიზის მიზნით.

ჩვენ მიერ გამოკვლეულ სასამართლოს გადაწყვეტილებებში ხშირია შემთხვევა, როდესაც მოძალადის მიერ დანაშაულის მონანიება სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად არის მიჩნეული   და  მისი გათვალისწინებით, დამნაშავეს უფარდებენ პირობით მსჯავრს ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას.

უფრო მეტიც, ერთ-ერთ საქმეში საერთოდ უგულებელყოფილია ისეთი არსებითი ხასიათის მტკიცებულება, როგორიცაა სასამართლოს სამედიცინო დასკვნა:  

„საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის N0——– დასკვნა, რომლის თანახმადწარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სასწრაფოსამედიცინო დახმარების გამოძახების ბარათი N327-ის ასლი) – მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ: —- ——– გაეწია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება 25.10.2018 წელს და დაესვა დიაგნოზი: თავის ღია ჭრილობა. 25.10.2018 . 20:16-20:25 სთზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. —- ——– სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივიბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ვინაიდან ბრალდებული არ აღიარებდა დანაშაულს და დაზარალებულმაც მის სასარგებლოდ შეცვალა ჩვენება სასამართლო განხილვის ეტაპზე, მოსამართლემ საქმეში არსებული, სხეულის დაზიანების დამადასტურებელი სამედიცინო დასკვნის მიუხედავად,  გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ასეთი პრაქტიკა არ არის თავსებადი   ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის ყოველმხრივ გამოძიებასა და დამნაშავის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომელთაც სახელმწიფოს სტამბოლის კონვენცია ავალდებულებს. 

„თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქცია“

სტამბოლის კონვენციით (45-ე მუხლი) „მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას...“

გამოკვლეული სასამართლო განაჩენები აჩვენებს, რომ მოსამართლეები ოჯახში ძალადობაში დამნაშავედ ცნობილ პირებს, ძირითადად, უფარდებენ   პირობით მსჯავრს ან აკისრებენ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის საათებს. მართლმსაჯულების ასეთი პასუხი ძალადობის მიმართ კიდევ უფრო უმძაფრებს მსხვერპლს უმწეობის განცდას და შიშს, რომ  მოძალადე კვლავ მიმართავს მასზე ფიზიკურ ან ფსიქოლოგიური ზეწოლას

სასამართლოს გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, ოჯახური დანაშაულის საქმეზე გამოიყენება დამამძიმებელი გარემოება სასჯელის დანიშვნის ნაწილში სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის პირველი ნაწილი, სხვა საფუძვლებთან ერთად, შეეხება გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამძიმებას. მეორე ნაწილის მიხედვით,  დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვანის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება

ამ დებულების პრინციპია შემდეგი: მისი პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში,  თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა  1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო განაჩენის სამოტივაციო ნაწილში მსჯელობს, როგორც წესი, სსკ-ის 531 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების, როგორც სასჯელის დამამძიმებელი გარემოების გამოყენების თაობაზე, ხშირად განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არ გვხვდება ამაზე მსჯელობა. 

არის გარკვეული საქმეები, როდესაც სასამართლო სასჯელის სახედ იყენებს თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ეს,  ძირითადად, ისეთ შემთხვევებს შეეხება, როდესაც მსჯავრდებულს შეფარდებული ჰქონდა პირობითი მსჯავრი და მან  ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული ოჯახში ძალადობა. 

ასეთ საქმეებზე დაკვირვება დამატებითი დასკვნის საფუძველს გვაძლევს: მსუბუქი ხასიათის სასჯელების გამოყენება, როგორიცაა პირობითი მსჯავრი ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მსხვერპლის მიმართ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს ზრდის. 

ერთ-ერთ საგამონაკლისო გადაწყვეტილებაში საპატიმრო სასჯელი ჰქონდა გამოყენებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ შეცვლა უფრო მსუბუქი ღონისძიებით, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებისთვის ერთგვარი მინიშნებაა სასჯელის შერჩევის  ნაწილში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებში გამოვლენილი ტენდენცია სასჯელის მსუბუქი ღონისძიების გამოყენების თაობაზე ემთხვევა საერთო სასამართლოების მთლიან სურათს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით. საერთო სასამართლოებში 2020 წლის სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოებში 1491 საქმიდან 225 საქმეზე დადგა გამამართლებელი განაჩენი,  379 საქმეზე სასჯელის სახედ განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, 706 საქმეზე პირობითი მსჯავრი, 196 საქმეზე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ხოლო 2 საქმეზე ჯარიმა.

გადაწყვეტილებების დასაბუთება  გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის შესახებ   

სტამბოლის კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის გენდერულ ბუნებას.     ქალთა მიმართ ძალადობის გენდერული ნიშნით ჩადენა გულისხმობს ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია ან რომელიც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე.“

სამწუხაროდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენების შესწავლამ აჩვენა, რომ სასამართლო არ აფასებს ქალთა მიმართ ძალადობის გენდერულ ბუნებას, სტამბოლის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად.   

რამდენიმე განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ვკითხულობთ, რომ „ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა. 

შემდეგ მოსამართლეს მოჰყავს   ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე X  და Y საქართველოს წინააღმდეგ, ასევე, სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულების შესრულების ნაწილში, ევროსასამართლოს საქმე OPUZ V. TURKEY. 

საბოლოოდ კი, ასეთ გადაწყვეტილებას იღებს: 

„სასამართლოს მიაჩნია, რომ —- ——-ეს უნდა განესაზღვროსჯარიმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ჯარიმის სახით განსაზღვრული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ბრალდებულის პიროვნებას, მის ეკონომიურ მდგომარეობას და გამომდინარე აქედან, —- ——-ის მიმართ ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით არის, როგორც ადეკვატური და პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რაც, ერთი მხრივ, დამაფიქრებელი იქნება მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვითა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის ზემოაღნიშნული ოდენობით განსაზღვრა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებასსამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას“.

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე შეეხო ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ადეკვატური სასჯელის გამოყენების პრინციპს და რამდენიმე საერთაშორისო  გადაწყვეტილებაც ახსენა, მან მაინც ბრალდებულის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება და ყურადღება გენდერული ნიშნით დანაშაულის ნიშნების არსებობაზე ან არარსებობაზე საერთოდ არ გაამახვილა. ამასთან, გაურკვეველი რჩება, ფულადი ჯარიმის პირობებში, როგორ  დაფიქრდება მოძალადე  თავისი ქცევის  „გასაკიცხაობის ხარისხზე“, აგრეთვე, მის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის  რისკი განაჩენში კვლავ არ არის  შეფასებული. 

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შაბლონური გამოყენება

ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ვხვდებით ციტატებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან, ძირითადად,    მტკიცებულებების უტყუარობის, რელევანტურობისა და გონივრულ ეჭვს მიღმა  სტანდარტების შესახებ. არ არის განვითარებული მსჯელობა გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლის წინააღმდეგ ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებით.  

არც ერთ საქმეში არ ჩანს, რომ  ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენებამ გავლენა მოახდინა საქმის საბოლოო შედეგზე ან კონკრეტული სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტაზე. 

სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზმა ცხადყო, რომ ოჯახში ძალადობის საქმეებში სასამართლო განაჩენები არ გამოხატავს  სტამბოლის კონვენციის სულისკვეთებას და არ პასუხობს სრულად მის მთავარ მიზანს „დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა“.

იმისთვის, რომ სტამბოლის კონვენციის სიკეთეები ხელშესახები გახდეს ქალებისთვის საქართველოში, მის კვალდაკვალ უნდა განვითარდეს  საქართველოს სასამართლო პრაქტიკაც. 


პროექტი: ,,აქტიური მოქალაქეების ჩართულობა უკეთესი სასამართლო სისტემისათვის’’

სტატია მომზადდა ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. სტატია არ გამოხატავს ევროპის ფონდის და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.