ბედნიერი ბავშვობისა და ტკბილი სიბერის მითი

ჯანა ჯავახიშვილი

ცურვის სწავლა არ უნდა დავიწყოთ შუაგულ, აბობოქრებულ ოკეანეში

ბოლო დღეებში ხშირად ისმის: როგორ უნდა მოვექცეთ მოზარდს? როგორი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს მასთან? როგორ შევხედოთ, შევხვდეთ და მოვუაროთ მოზარდის რთულ ქცევას?

მოზარდობის ასაკი მართლაც არ არის მარტივი ასაკი. მაგრამ რომელი ასაკია მარტივი?..

ახლა, როდესაც ცხოვრების ნახევარზე მეტი გამოვლილი მაქვს, ვიხსენებ ჩემს ბავშვობას, ვუყურებ ჩემს მომავალ ცხოვრებას, და ძალიან ცხადად ვაცნობიერებ, რომ ორი რამ, რაც მთელი სიცოცხლეა ყურში ჩამესმის (და რისიც, სავარაუდოდ, საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა): ბედნიერი ბავშვობა და ტკიბილი სიბერე – ორივე მითია.

ჯერ სიბერიდან დავიწყებ. რატომ არის საეჭვო ტკბილი სიბერის მითი? – ბევრი და ბევრი მიზეზთა და მიზეზთა გამო. უპირველეს ყოვლისა – ჯანმრთელობა ქვეითდება, აზროვნების უნარიც (კიდევ ერთი მითი, მგონი რომ, მოხუცებულობაში დაბრძენებაა. თუ ზრდასრულობაში არ დაბრძენდი ძალიან მცირეა შანსი ერთ მშვენიერ დილას მოხუცებულობაში გაიღვიძო და ბრძენკაცად ან ბრძენქალად იქცე). გარდა ამისა – სიბერეში, გამომდინარე ჯანმრთელობის პრობლემებიდან, დამოუკიდებლობა თანდათანობით სულ უფრო და უფრო რთული ხდება, თან – თუ დიდხანს იცოცხლე – მატულობს ალბათობა შენი საყვარელი ადამიანების გარდაცვალების მოწმეც გახდე, რასაც ყველაზე ნაკლებად უსურვებ საკუთარ თავს ადამიანი. დაბოლოს – სიკვდილის წინაშე, როგორი მრავალრიცხოვანი ოჯახიც არ უნდა გყავდეს, მაინც მარტოდმარტოდ რჩები და არც ეს კოსმიური მარტობაა, სავარაუდოდ, ტკბილი გამოცდილება. თუმცა, ალბათ, ეგზისტენციურად უაღრესად მნიშვნელოვანი.

ახლა ბავშვობას დავუბრუნდები. რატომ ითვლება ბავშვობა ბედნიერ ხანად, როცა ბავშვი სამყაროს სრულიად უსუსური ევლინება, სრულიად დამოკიდებული ზრდასრულთა სამყაროზე და იმაზე, თუ როგორია ეს სამყარო. ალფრედ ადლერის მიხედვით, ამის გამო ადამიანი არასრულფასოვნების განცდით იბადება და ევლინება ქვეყანას და სწორედ ეს არასრულფასოვნების განცდაა მისი განვითარების მამოძრავებელი. მაგრამ, თუ მის გარშემო არაკეთილსაიმედო სოციალური გარემოა, მაღალია ალბათობა არასრულფასოვნების განცდა არასრულფასოვნების კომპლექსად იქცეს.

თუ ბავშვს გაუმართლა – მისი ზრდასრულთა გარემოცვა ადამიანური და კეთილია, ან როგორც დონალდ ვინიკოტი იტყოდა – საკმარისად კარგია. საკმარისად კარგი იმისთვის, რომ ბავშვმა თავი დაცულად, სიყვარულის და ზრუნვის ობიექტად, უსაფრთხო ურთიერთობებათა ქსელში ჩართულად იგრძნოს. ეს მისი ჯანსაღი განვითარებისთვის უმნიშველოვანესი პირობებია. მაგრამ თუ ბავშვს არ გაუმართლა, მას არ ექნება საკმარისად კარგი, მხარდამჭერი გარემო; უკიდურეს შემთხვევაში გარემო შესაძლოა სასტიკი ან/და განურჩეველი იყოს. სასტიკ და განურჩეველ გარემოში ბავშვი სწავლობს იმას, რის გამოცდილებასაც იძენს.

მოზარდობამდე ბავშვს ბევრი რთული კრიზისი აქვს გამოსავლელი – თუ გაუმართლა და მას საკმარისად კარგი გარემოცვა ჰყავს, ის უკვე ცხოვრების პირველ წლებში დაიჯერებს, რომ  სიყვარულის ღირსია და სამყარო კი – სანდო და კეთილგანწყობილი; დაიჯერებს, რომ ის მეტნაკლებად ავტონომიური ინდივიდია; დაიჯერებს, რომ პატივისცემის ღირსი, ფასეული და ღირსეულია. თუ ბავშვს თავისი ღირსების სჯერა, ის სხვის ღირსებასაც გაუფრთხილდება.

თუ ბავშვს გაუმართლა და საკმარისად კარგი სოციალური გარემოცვა ყავს, მას იმაშიც დაეხმარებიან, რომ მან თავისი განვითარების ე.წ. „უახლოეს ზონას“ მიაღწიოს, როგორც ამას ლევ ვიგოტსკი უწოდებდა. განვითარების უახლოესი ზონის მიღწევა ნიშნავს, ყოველ კონკრეტულ ასაკში, ბავშვმა აითვისოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც მას მის ასაკში პოტენციურად შეუძლია რომ აითვისოს.

ბავშვს ყოველ ასაკში განვითარების სპეციფიკური ამოცანები აქვს გადასაჭრელი და თუ გარემო საკმარისად კარგია, ის მას უქმნის ამ ამოცანების გადაჭრისთვის აუცილებელ პირობებს. განვითარების უმნიშვნელოვანესი ამოცანებია ბავშვმა ისწავლოს თავის ემოციებში გარკვევა და თანდათან – ემოციების მართვა, სხვებთან ურთიერთობა,  საკუთარი ინტერესების დაცვა სხვისი ინტერესების შელახვის გარეშე, პრობლემის არსებობის შემთხვევაში – მხარდაჭერის ძიება და მიღება, თავისი პატარ-პატარა თუ უფრო დიდი პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა ან მათი გადაჭრისთვის თანამშრომლობა.

ცალკე ამბავია სკოლა. სკოლა რომ დავამთავრე, დაახლოებით 10 წელი, როცა გავდიოდი მელიქიშვილზე, ფილარმონიის წინ, არ ვიყურებოდი ჩემი სკოლის მხარეს – იმდენი უსამართლობა და ძალადობა მქონდა ნანახი და/ან გამოცდილი იმდროინდელ ტიპიურ საბჭოთა სკოლაში. მართალია, სკოლიდან რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარი, ჩემი საყვარელი ადამიანი და ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი შევიძინე, რამდენიმე კეთილი პედაგოგიც იყო რომელიც მიყვარდა, მაგრამ ამანაც ვერ გადაწონა ის ძალადობრივი გამოცდილებები, რაც სკოლაში მე, როგორც ბავშვს, და მერე მოზარდს მქონდა. ერთ-ერთი მასწავლებელი, ძირითადად ბიჭებს (და პლიუს ერთ ცელქ გოგოს), დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში კუთხეში ოდნავ ჩამუხლულს აყენებდა და საფეთქლებზე თმებს უტრიალებდა, ორივე მხარეს. ამის შემხედვარე, კლასში ყველას მისი გვეშინოდა. მახსოვს, 90-იანებში შევხვდი ამ მასწავლებელს მაშინდელ გადაჭედილ მეტროში. ჯერ გამიკვირდა, რომ ტანით ძალიან დაბალი აღმოჩნდა. ბავშვობაში მონუმენტური მეჩვენებოდა. მიცნო, მივესალმეთ ერთმანეთს და ის კი არა, რასაც ბავშვობაში ვერ წარმოვიდგენდი, ერთმანეთის გვერდი-გვერდ დავსხედით… მე მაინც ძალიან დაძაბული ვიყავი; ის -სევდიანი და ჩამქრალი. შემომჩივლა – სკოლიდან გამრიცხეს, მითხრეს სადისტურად იქცევიო… შენ მაინც ხომ გემახსოვრება, აბა რას ვაკეთებდი სადისტურსო… ხმა ვერ ამოვიღე, მაგრამ შიშმა გამიარა. მივხვდი, რომ ის ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა. ანუ, ბოროტებით არ აკეთებდა. იმიტომ აკეთებდა, რომ სხვანაირად მოქცევა არ იცოდა. და ბავშვობის დროინდელმა შიშმა გამიარა. მაგრამ სკოლისკენ მაინც ვერ ვიხედებოდი ერთ მომენტამდე. ის მომენტი მკაფიოდ მახსოვს. ვერის ბაღის შესასვლელთან მაშინ კაფე იყო, შუაგულ 90-იანებში. მე და ჩემი ფსიქოლოგიის პედაგოგი უნივერსიტეტიდან და მაშინ უკვე კოლეგა, დავსხედით იმ კაფეში, ყავას ვსვამდით და ჩვენს სამუშაოზე ვსაუბრობდით. ძალიან რესურსულ მდგომარეობაში ვიყავით: მსჯელობაც საინტერესო გვქონდა, ის საქმეც, რომელზეც მაშინ ერთობლივად ვმუშაობდით, ყავაც გემრიელი იყო, ქუჩის კაფეებიც ახალი ხილი, ძალიან სახალისო და სასიამოვნოდ უჩვეულო. და მაშინ პირველად გავიხედე მოპირდაპირე მხარეზე მდებარე სკოლისკენ და გავიფიქრე: რომ მცოდნოდა მაშინ, ჩემს ბავშვობაში, რომ დადგებოდა დღე, როცა ასეთ რესურსულ მდგომარეობაში ვიქნებოდი, ჩემთვის საინტერესო საქმეში და, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე დამყარებულ ურთიერთობებში ჩართული, საინტერესო გეგმებით მოცული, ხომ შემიმსუბუქდებოდა მაშინ იმ რთულ პირობებში ყოფნის სიმძიმე. აი იმ „ბედნიერი ბავშვობიდან“ ეს მომავალი რომ მცოდნოდა და ამ მომავლიდან შემძლებოდა იმ პატარა შეშფოთებული ბავშვისკენ გამომეხედა, ხომ აღარ ვინერვიულებდი და ვეტყოდი ჩემს თავს – ყველაფერი კარგად იქნება.

დღეს თითქოს ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ მაინც ვერ შეიცვალა ბოლომდე.

ახლა, რომ დავუბრუნდეთ შეკითხვას – როგორ უნდა ვეურთიერთოთ მოზარდს?.. დავიწყოთ იქიდან, რომ მოზარდთან ურთიერთობა რომ კარგი გვქონდეს, მშობელი მას მუცლად ყოფნიდან უნდა ეურთიერთოს: ელაპარაკოს მაშინ, როცა ბავშვი ჯერ კიდე არ ლაპარაკობს, უკითხოს მაშინ როცა ბავშვს ჯერ მეტყველება განვითარებული არა აქვს, იყოს მასთან ემოციურ რეზონანსში და ა.შ. სამეცნიერო მტკიცებულების მიხედვით, ის ჩვილები, რომელთა მამებიც მათ მხატვრულ ტექსტებს უკითხავენ, უკეთესად ითვისებენ წერა-კითხვას. წერა-კითხვის კარგი უნარი კი ძალიან მნიშვნელოვანი დაცვითი ფაქტორია მოზარდობაში ე.წ. დელინქვენტური ქცევის განვითარების თავიდან აცილებისთვის.

რა არის დელინქვენტური ქცევა? ტერმინი Delinquentia ლათინურიდან მოდის და სიტყვასიტყვით წესის დარღვევას, წესიდან გადახვევას ნიშნავს. დელინქვენტური ქცევის ქვეშ, ჩვეულებრივ, იგულისხმება ბავშვისა თუ მოზარდის მხრიდან სამართლებრივი, კულტურული და სოციალური ნორმების სხვადასხვა სახის დარღვევა, დაწყებული მცირე გადაცდენიდან, დამთავრებული კანონთან კონფლიქტში შესვლით. რატომ ვხმარობ ტერმინს „დელინქვენტური ქცევა“ და არა „რთული ქცევა“, „პრობლემური ქცევა“, „კანონდარღვევა“, „დანაშაული“? იმიტომ რომ არ მოხდეს ბავშვისა თუ მოზარდის სტიგმატიზება. დელინქვენტობა ემოციურად ნეიტრალური ტერმინია, არ შეიცავს ნეგატიურ დატვირთვას.

დელინქვენტური ქცევის კატეგორიას მიეკუთვნება: სკოლის უმიზეზო გაცდენები, გაზიარებული წესების არდაცვა გაკვეთილის დროს, ბულინგი თუ სხვა სახის ძალადობა, სხვისი ქონების დაზიანება, ქურდობა, ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარება და ა.შ.

დელინქვენტური ქცევა, როგორც წესი, ბავშვისა თუ მოზარდის ფსიქო-ემოციური და ქცევითი პრობლემების ნიშანია. ხშირ შემთხვევებში, ეს ოჯახური ან სკოლაში მიმდინარე პრობლემების მაჩვენებელია. ხშირად დელინქვენტური ქცევა იწყება ბავშვისა თუ მოზარდის ცხოვრებაში სტრესის მომგვრელ მოვლენებზე საპასუხოდ. ეს შესაძლოა იყოს საყვარელი ადამიანის – ოჯახის წევრის გარდაცვალება და ამ გარდაცვალებით მიღებული ტრავმა და გამოუგლოვებელი მწუხარება, ან ოჯახის დაშლის – მშობლების გაცილების მტკივნეული გამოცდილება, ან ოჯახში ძალადობა, ან ძალადობის გამოცდილება რომლის შესახებაც არც სკოლამ არც ოჯახმა ზოგჯერ არაფერი იცის და ა.შ. ამგვარი ტრავმული გამოცდილებები ხშირად ხდება შემდგომში კანონის დარღევის რისკ-ფაქტორი. კვლევების თანახმად, მართლმსაჯულების სისტემაში და პენიტენციურ დაწესებულებებში მოხვედრილი მოზარდების უდიდეს ნაწილს ტრავმული გამოცდილებები აქვს მიღებული და ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემები აწუხებს.

რას ნიშნავს ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემები? დეპრესიას, შფოთვას, პოსტ ტრავმულ სტრესულ აშლილობებს, ე.წ. ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობებს და ა.შ. ყველა ეს მდგომარეობა კანონთან კონფლიქტში შესვლისა თუ უფრო მსუბუქი დელინქვენტური ქცევის რისკის ფაქტორია.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის/მოზარდის დელინქვენტური ქცევა მივიჩნიოთ არა მის „ცუდ თვისებად“, არამედ მისი ფსიქო-ემოციური  თუ ქცევითი პრობლემების ინდიკატორად. დელინქვენტური ქცევა ბავშვის/მოზარდის მხრიდან შესაძლოა SOS გზავნილიც იყოს, თავისებურად გამოხატული.

საქართველოში, 2000-იანი წლების პირველი ათწლეულიდან, არასრწულოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში, მოქმედებს დანაშაულის პრევენციის სსიპ-ი და მიმდინარეობს მუშაობა აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომის დანერგვაზე. ეს ერთ-ერთი წარმატებული რეფორმაა საქართველოში. მიდგომა გულისხმობს მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი მოზარდის საუკეთესო ინტერესების დაცვას, მის ფსიქოსოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვას, მის მიერ დანაშაულისა და საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერების ჰუმანური პირობების შექმნას, დაზარალებულსა და არასრულწლოვანის შორის მედიაციასა და არასრულწლოვანის განრიდებას სისხლისსამართლებრივი დევნისგან. ეს ყველაფერი ხდება მას მერე, რაც დანაშაული აღიარებულია. მაგრამ, როგორც ჩანს, სწორედ აღიარების მიღწევის პროცესი არის მართლმსაჯულების ჯაჭვში ის რგოლი, რომელმაც შესაძლოა ავთისებიანი ხასიათი მიიღოს. ამიტომ, აღდგენითი მიდგომა უნდა დაიწყოს 112-ში განხორციელებული პირველივე ზარიდან. პოლიციაში დარეკვა არ შეიძლება იყოს სასიკვდილო რისკის მატარებელი, არ უნდა იყოს ფატალური. ამგვარი მანკიერი პრაქტიკა უნდა შეიცვალოს ერთხელ და სამუდამოდ.

როდესაც „ურემი გადაბრუნდება“ მაშინ რომ არ დავიწყოთ შეკითხვების დასმა იმის თაობაზე, თუ როგორ ვეურთიერთოთ მოზარდს, ქვეყანაში უნდა მუშაობდეს დელინქვენტური ქცევის პრევენციის მექანიზმი. საერთაშორისო პრაქტიკა და სამეცნიერო მტკიცებულება გვიჩვენებს, რომ ეს ეფექტურია.

არსებობს დელინქვენტობის რისკის ფაქტორები. ასეთია, მაგალითად, გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. ამჟამად ქვეყანაში ფსიქო-ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი მუდმივი უფასო სერვისი მოქმედებს – საგანმანათლებლო დაწესებულება მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური სამსახური. ეს ეფექტური და ჰაერივით აუცილებელი სერვისია, ეროვნული მასშტაბის ქსელია. მაგრამ ქვეყანაში უნდა იყოს ბევრად მეტი სერვისი, რომელიც გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე და სუიციდის რისკის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს მოემსახურება. სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებას ბევრად უფრო დიდი მასშტაბით. ეს სერვისები უნდა იყოს ასაკობრივად, გეოგრაფიულად, ფინანსურად ხელმისაწვდომი.

2019 წელს ქვეყანაში ამოქმედდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისი – კლუბი სინერგია – ქცევითი პრობლემების მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის (14-დან 25 წლამდე), ვინც ფსიქოაქტიური საშუალებებით ექსპერიმენტირებს და აზარტულ თამაშებშია ჩართული. ეს პირველი ამგავრი სპეციალიზებული სერვისია ქვეყანაში. ამჟამად, ივლისის ჩათვლით, ამ სერვისს ევროკავშირი/ევროკომისია აფინანსებს. მაგრამ, თუ სახელმწიფომ არ გადაიბარა მოცემული სერვისის დაფინანსება, მაშინ ამგვარი პრობლემების მქონე მოზარდები და ახალგაზრდები კვლავ ადექვატური დახმარების გარეშე დარჩებიან. და თუ მათ დახმარებას არავინ აღმოუჩენს, მაშინ მაღალია წამალდამოკიდებულების რისკი. ეს, მოხმარების კრიმინალიზების პირობებში, მათ პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის რისკის წინაშე აყენებს.

ყოველივე ზემოთქმული შეეხებოდა მიზანმიმართულ პრევენციას – ანუ, პრევენციას იმ შემთხვევაში, როცა პრობლემა (ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემები, ფსიქოაქტიური საშუალებებით ექსპერიმენტირება და ა.შ.) უკვე სახეზეა. მაგრამ უნდა არსებობდეს აგრეთვე ე.წ. უნივერსალური პრევენციის მექანიზმებიც – პრევენცია ყველასთვის.

არსებობს დელინქვენტური ქცევის ერთგვარი წინასწარმეტყველი ფაქტორები, მაგალითად, დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში და გაკვეთილების უმიზეზო გაცდენები. განათლების სისტემის პრევენციული ღონისძიებები სწორედ მათ შემცირებაზე უნდა მუშაობდეს.

თუ ბავშვს დაბალი აკადემიური მოსწრება აქვს, ჩამორჩა სასწავლო პროცესს და ვერ იგებს, თუ რაზეა საუბარი გაკვეთილის დროს, მისთვის გაკვეთილის შინაარსობრივი ნაწილი საინტერესო აღარ არის. ამ შემთხვევაში, იზრდება გაკვეთილის პროცესის ხელისშემშლელი ქცევის განხორციელების ალბათობა. თუ სკოლას არა აქვს მოსწავლის განსაკუთრებულ საჭიროებებზე ადექვატური რეაგირების პრაქტიკა და შესაბამისი პოლიტიკა, თუ პედაგოგს არა აქვს ბავშვის რთული ქცევის მიღმა ბავშვის სწავლასთან დაკავშირებული თუ სხვა ფსიქო-ემოციური საჭიროებების დანახვის უნარ-ჩვევები (და შესაბამისი ცოდნა), მაშინ მაღალია რისკი იმისა, რომ მოსწავლე პედაგოგისთვის (და შესაძლოა, თანატოლებისთვის) გახდება „არასასურველი მოსწავლე/კლასელი“, გაირიყება ან სტიგმატიზებული იქნება. ეს მოსწავლეს ამოაგდებს სასწავლო პროცესიდან, ის დაიწყებს გაკვეთლების გაცდენას.

სკოლის/გაკვეთილების სისტემატური უმიზეზო გაცდენა ხშირად წინ უსწრებს უფრო რთულ დელინქვენტურ ქცევას, კანონთან კონფლიქტში შესვლის ჩათვლით. სწორედ ამიტომ, სასკოლო ასაკში დელინქვენტობის პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სკოლაში/გაკვეთილებზე მოსწავლეების დასწრების უზრუნველყოფა/ხელშეწყობაა. დასავლეთის ქვეყნებში მტკიცებულებითი მიდგომები ამ თვალსაზრისით გულისხმობს შემდეგ ღონისძიებებს: მასწავლებლების ისეთი პედაგოგიური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, როგორიცაა: მოსწავლის რთული ქცევის მართვა, სწავლების ინტერაქციული მეთოდების ფლობა (რათა გაკვეთილი უფრო საინტერესო/მიმზიდველი და გასაგები იყოს), სწავლის სირთულეების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება და შესაბამისი დახმარების გაწევა და ა.შ. სკოლის პოლიტიკა უნდა მიმართული იყოს მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვაზე. მაგალითად, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების შვილებისთვის სკოლაში უფასო კვების ორგანიზებაც კი ხდება.

სკოლას უნდა ჰქონდეს თვითმმართველობის მექანიზმები, უნდა გააჩნდეს მთელი რიგი პრობლემების მონიტორინგისა და ავტონომიურად მართვის ალგორითმები ანუ სტრატეგიები, შეგვიძლია დავარქვათ – პოლიტიკები: სკოლის ნარკოპოლიტიკა, სკოლის კრიზისის გეგმა, სკოლის პოლიტიკა ბულინგის შემთხვევების თუ ძალადობის სხვა ფორმების მიმართ და ა.შ. და ეს ყველაფერი უნდა მუშავდებოდეს სკოლის ყველა დაინტერესებული სუბიექტის მონაწილეობით და იყოს დაფუძნებული ზრუნვაზე და არა დასჯაზე. ზრუნვა აჯანსაღებს. სკოლაში ჯანსაღი კლიმატი და სკოლის ინკლუზიურობა ამ სიტყვის ფართო გაგებით კი უნივერსალური პრევენციის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმებია.

აღწერილი პრევენციული მექანიზმების დასანერგად საჭიროა საქართველოს განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა. ნაკერების კემსვითა და კოსმეტიკური ღონისძიებებით სისტემა ვერ შეიცვლება. საჭიროა სისტემური, გონივრული, პრაგმატული, ფასეულობებზე, ადამიანის უფლებებსა და სამეცნიერო მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცვლილებები.