ტოტალური კონტროლი და კორონავირუსი

გიორგი ხასაია

ერთი შეხედვით, მთელ რიგ ქვეყნებში ჰოსპიტლებისა თუ რკინიგზის დროებითი ნაციონალიზაცია, სამუშაო ძალისთვის ფულის დარიგება, ქირისა თუ კომუნალური გადასახადების დროებით შეჩერება ქმნის განცდას, რომ სახელმწიფო ბრუნდება, როგორც სოციალური კეთილდღეობის გარანტი.

მაგრამ  იქნებ,  სახელმწიფო ბრუნდება, როგორც ნეოლიბერალური კაპიტალიზმის გადარჩენის ბოლო ბასტიონი? იქნებ,  ეს ღონისძიებები იმისთვის ტარდება, რომ კაპიტალი შენარჩუნდეს და გადარჩეს, რათა შემდეგ, პოსტპანდემიურ პერიოდში კვლავ დავუბრუნდეთ „ნორმალურ მდგომარეობას“ – პრივატიზებას, განკერძოებას, მოგებაზე დაფუძნებულ ეკონომიკურ  წესრიგს მთელი თავისი დიდებულებით?

კარლ მარქსი წერდა, რომ ბავშვმაც კი იცის, თუ რომელიმე ერი შეაჩერებს  მუშაობას არათუ წლის, არამედ რამდენიმე კვირის მანძილზეც კი, ის მოკვდება.  კომპანიებსა და მთავრობებს ჰქონდათ მცდელობა, სამუშაო ძალა არ გაჩერებულიყო და მზად იყვნენ, იმდენი  მსხვერპლი შეეწირათ კაპიტალიზმისთვის, რამდენიც მის სტაბილურობას დასჭირდებოდა, მაგრამ სწრაფად პროგრესირებადმა ვირუსმა და მშრომელების წინააღმდეგობამ  ყველაზე პროდუქტიული შრომის პროცესის გაჩერება გარდაუვალი გახადა. ამ გაჩერებამ კი საფრთხე შეუქმნა სისტემის ფუნქციონირებას.

ეკონომისტ მაიკლ რობერტსის თქმით, იმდენად, რამდენადაც პანდემიამ ყველაზე პროდუქტიული მშრომელების შრომა შეაჩერა, მივიღეთ არა ჭარბი მოთხოვნა, არამედ მიწოდების დეფიციტი. მისივე თქმით, კრიზისის ათვლის წერტილად წარმოების ვარდნა და ღირებულების შექმნის პროცესის შეჩერება უნდა ავიღოთ, ხოლო ჭარბი მოთხოვნა მიწოდების შოკის შედეგია.

პანდემიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, როგორი მოწყვლადია და რა ადვილად ზიანდება ადამიანი. ოღონდ, აჩვენა ისიც, რომ ის მოწყვლადია, პირველ რიგში, როგორც სამუშაო ძალა. და იქნებ ამ ადვილად დაზიანებადი სამუშაო ძალისგან გათავისუფლება ჯობდეს? ხოლო მანამდე – მისი სრული კონტროლი? მისგან გათავისუფლება მოითხოვს დროს და რესურსების ინვესტირებას ტექნოლოგიებში, რომლითაც თანდათან შემცირდება სამუშაო ადგილებზე ადამიანის ცოცხალი შრომის საჭიროება.  მანამდე კი შესაძლებელია სრული კონტროლი, რომლის წინაპირობებიც უკვე არსებობს.

ადამიანზე სრული კონტროლის დამყარების პერსპექტივას განიხილავს ისტორიკოსი იუვალ ნოა ჰარარი.  ის ამაზე საუბრობდა პანდემიამდეც და მის განმავლობაშიც. ჰარარის თქმით,  21-ე საუკუნეში მნიშვნელოვანი იქნება დაპირისპირება  პრივატულობასა  და ჯანმრთელობას შორის. – მალე ადამიანები ივლიან ბიომეტრიული სენსორებით სხეულებზე ან სხეულების შიგნით, – ფიქრობს ჰარარი, – რითაც კორპორაციებსა და მთავრობებს შესაძლებლობას მისცემენ, უწყვეტად ამოწმონ, რა ხდება მათ სხეულში. ეს, ერთი მხრივ, მაგალითად, ეპიდემიის შემთხვევაში, შესაძლებელს გახდის დაავადების პრევენციას მისი გავრცელების ადრეულ ეტაპზე, მაგრამ იმავე ბიომეტრიული სამაჯურით შესაძლებელი ხდება ტოტალური კონტროლიც – თუ თქვენ მაგ. რომელიმე ტოტალიტარულ ქვეყანაში ამ ბიომეტრიული სენსორით აღჭურვილი შეხედავთ დიქტატორის სურათს და თქვენს ორგანიზმში მოხდება ცვლილება, რომელსაც  ალგორითმი  ცუდ ემოციასთან ან ბრაზთან დააკავშირებს, ეს თქვენთვის ცუდად დამთავრდება.  ჯანმრთელობისა და პრივატულობის ამ დაპირისპირებაში, ჰარარის თქმით, ჯანმრთელობა გაიმარჯვებს – ადამიანების უდიდესი ნაწილი დასთანხმდება ამგვარ კონტროლს, სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ჰარარისთვის კორონავირუსი შეიძლება იქცეს წყალგამყოფად – ან თვალთვალი და კონტროლი დემოკრატიზაციას დაექვემდებარება, ან ის ადამიანების კანქვეშ გადაინაცვლებს. დიქტატორის სურათის კარიკატურულ მაგალითს შეგვიძლია, ღიმილით გვერდი ავუაროთ, მაგრამ კანქვეშ გადანაცვლებული კონტროლის მექანიზმი  ჩვენი სრულად  გაკონტროლების  შესაძლებლობას ნამდვილად მოიტანს. და ეს აღარ ეხება იმას, თუ სად ვართ, ვის შევხვდით ან რა ვუთხარით, არამედ იმასაც, თუ რას განვიცდით, რა მოგვწონს და რა არა.  ოღონდ, ამის შესახებ სხვები მანამდე შეიტყობენ, სანამ ეს ჩვენ თავად გვეცოდინება. და ეს უბრალოდ „მოთვალთვალე კაპიტალიზმი“ აღარ იქნება.

ჰარარი უკეთესი არჩევანის აუცილებლობაზე საუბრობს და ისევ კარიკატურული მაგალითი მოჰყავს – თუ გვინდა,რომ  ადამიანებმა ვირუსის პრევენციისთვის ხელები იბანონ, ამისთვის ორი ვარიანტი გვაქვს: შეგვიძლია ტუალეტებში კამერები დავაყენოთ და დავსაჯოთ ყველა, ვინც ხელს არ დაიბანს  ან ვასწავლოთ,  რომ ეს მათთვისვეა კარგი, რომ ეს მათ დაიცავს  ვირუსისგან და შემდეგ, უბრალოდ, ვენდოთ.

მაგრამ არჩევანის შესაძლებლობაზე ფიქრით  გატაცებულ ჰარარის ავიწყდება, რომ პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს არც გამდინარე წყალი  აქვს და არც საპონი. ჰარარი არც იმას ამბობს, რომ კონტროლისა და თვალთვალის საშუალებებს ჰყავს თავისი მფლობელები და პატრონები და  მათი სახელი კაპიტალია. რომ დიქტატორის არსებობა არცაა აუცილებელი ტოტალური კონტროლის დასამყარებლად.   ამგვარად, საკითხი ასე შეიძლება დაისვას – თუ კაპიტალიზმი დაიძლევა, მაშინ მოხდება ამ საშუალებების სოციალიზაცია და დემოკრატიზაცია, თუ არა, მაშინ შესაძლოა, სახელმწიფო  დაბრუნდეს კაპიტალთან ახლებურად ხელჩაკიდებული – როგორც ტოტალური კონტროლის განმახორციელებელი, ხოლო კანქვეშ გადანაცვლებული კონტროლის შესაძლებლობა  გააცოცხლებდა იოანეს გამოცხადების მე-13-ე თავში ნათქვამს: და რაითა არავის ხელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვ სახელისა მისისაი.

და მაშინ კაპიტალიზმი თავად გამოდის  მხეცი, რომელიც ბატონობს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე  სტიქიური, შემაშინებელი, შემზღუდავი ძალის სახით; ისეთი საზოგადოებრივი ურთიერთობების სახით, რომელიც  აფერხებს ადამიანთა სახეობის პროგრესს.