უნივერსალური ბოდვითი დინამიკის ქართული ინვარიანტები

გია ეძგვერაძე

„ცხადში არ ვცხოვრობთ ორ საუკუნეზე მეტი ხანია…

წყევლაა, მაშ, რაა?!”

(Inga Kalichava)

100% – კიბორჩხალა ბოდვითი რეალობები გვინსაზღვრავს არსებობას!

რუსების მიერ თავსმოხვეული ბოდვა ვირწმუნეთ:

მკლავ-ხელებგაშლილ მოქეიფე გიჟპოეტებად შეგვრაცხეს და დავიჯერეთ, რომ ცხოვრება ლაღი დაუდარდელი მოხმარებაა სამყაროსი და რომ ცრუ ღირებულებრივი პათოსის ცნებების რახარუხი სადღეგრძელოებში ამართლებს სულიერად შენს არსებობას.

კომუნისტების დროს კი ვიწრო, ჭუჭყიანი ჩალიჩებით ოჯახის წევრების კუჭების ამოვსება ლამის კეთილშობილი მსახურების მაგალითად და ნორმად იქცა საქართველოში.

ეს ორივე ბოდვითი ორიენტაცია დღესაც სრულფასოვანად არის შენარჩუნებული ქართულ ცნობიერებაში.

ახალი, “დამოუკიდებელი საქართველოს” დრო ჯერ ხომ საქართველოს უნიკალური მისიის შესახებ ბოდვით დაიწყო და სულ მალე ამას ეკლესიური მითო-შამანიზმი დაემატა, უზენაესთან მისტიური ვაჭრობის იდეოლოგით და პრივატულ ღმერთუშკასთან მოლაპარაკებების ბუტბუტებით, ისევ და ისევ ყოველი ტიპის კეთილდღეობასთან კავშირში. ეს უმდარესი ბოდვა ქართველთა მიერ “რელიგიურობად” იქნა მონათლული და ამ ბოდვის ქურუმად

“უ ც ო დ ვ ე ლ ი პატრიარქის ფიგურა” გაფორმდა, როგორც ბოდვის ფორმულის მატარებელი მატრიცა. პარალელურად “ქართული დამოკრატიის ბოდვა” იფურჩქნებოდა: ორი პოლიტიკური პარტიის მიერ ერთმანეთის შეჩვენებით, წყევლით და სატანისტურ ცოდვებში დადანაშაულებით! და კიდევ ამ ორი უმთავრესის თანმხლები მდაბიო ბოდვა: “ნაციონალური იდენტობის ძირების ძებნა წარსულში” და წარსულის ასეთ მირაჟებთან საკუთარი თავის იდენტიფიცირება: ხმალი, ყანწი, კვერცხმაგარი ლომის ბოკვერი ტყუპი ბიჭები, არწივთვალა ბრექიანი მამრები – მოკლედ მუტრუკთა სამყაროს გასაგნებული მითი.

აი ასეთი საშინელი(!!) უმდარესი ხარისხის ბოდვითი რეალობები ვიცხოვრეთ და ვცხოვრობთდღესაც, თანაც ი ს ტ ე რ ი უ ლ რიტმში და რეჟიმში!

ასეა, ცხადში, არ გვიცხოვრია ერთი წუთი – ანუ ბოდვების მიმართ უდიდესი სკეფტიციზმისცნობიერებით, სისაღის ძიებაში და კვლევაში არასდროს ჩაგვიდგავს ფეხი!

ბოდვების მსხვერპლად იცხოვრეს ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა მშობლებმა, ვიცხოვრეთ ჩვენ – ბოდვების რომელიც ცნობიერების უსინათლო კუნჭულებში გველად ჩახვეული მოლანდებების პროდუქტია და ამის მსხვერპლად ყოფნა ალბათ ყველაზე მდარე ბედისწერაა არსებულებიდან.