ვინ (რა) იცავს ჟურნალისტს?

ელისო ჯანაშია

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაცულია ჟურნალისტის საქმიანობა, მათ ხშირად არ აქვთ საშუალება, თავისუფლად გააშუქონ მიმდინარე მწვავე მოვლენები, არც მათ მიმართ თავდასხმაზე რეაგირებენ სამართალდამცავები ადეკვატურად და კანონიც უხეშად ირღვევა.

ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ძალადობის შესახებ განცხადებები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გვერდზე განსაკუთრებით 2018 წლიდან მატულობს და 100-მდე მსგავსი განცხადებიდან, ძირითადად ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტები და მათი გამოძიებისკენ, ასევე, ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოწოდებებია. კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები არაერთხელ მიმართავენ კოალიცია „ქართულ ოცნების“ ლიდერებს, „მიიღონ სათანადო ზომები ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტებზე სისტემატური თავდასხმების შესაჩერებლად“.

ქარტია ასევე მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და გადავიდეს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში, რაც ქართულ მედიასივრცეში დღემდე ვერ მოხერხდა; ეს კი პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს და რეალური ფაქტების მიჩქმალვას განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობას მედიის მიმართ ნდობას უკარგავს.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ადგილზე მომუშავე რეპორტიორების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ამგვარი ფაქტები აღკვეთილი არ ყოფილა. უფრო მეტიც, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით (მუხლი 154) დასჯადია, თუმცა, საქმეები რომელთა გამოძიებასაც ამ მუხლით ვითხოვდით, დასრულებული არ არის და საზოგადოებისთვის უცნობია საერთოდ ვინმე ისჯება თუ არა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო. კვლავაც არ გვაქვს ინფორმაცია 21 ივნისის ღამის გამოძიების საქმეზე, როდესაც 38 ჟურნალისტი დაზიანდა ფიზიკურად სამართალდამცავების მიერ ნასროლი რეზინის ტყვიებით“. – მსგავსი შინაარსის არაერთი  განცხადება  დევს ქარტიის გვერდზე.

  • რა იწვევს დაუსჯელობას?

ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველ გავრცელებულ ჟურნალისტურ გამოძიებასა თუ კრიტიკულ სიუჟეტზე აცხადებენ, რომ ესაა დეზინფორმაცია და სიბინძურე და ყველაფრის უკან „ნაციონალური მოძრაობას“ ხედავენ. თავად ფაქტების სიზუსტეზე არსებით პასუხს თითქმის არასოდეს სცემენ ან მხოლოდ იმ დროს, როცა დეზინფორმაცია სახეზეა. ასეთ დროს კი თავად მედიაშიც არ ვრცელდება (ან იშვიათად ვრცელდება) ფაქტის უარმყოფელი ინფორმაცია, რასაც ხელისუფლება ძალიან კარგად იყენებს შემდგომში რეალურად მამხილებელი ფაქტების მისაჩქმალად და პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად.

ხელისუფლების წარმომადგენლები კრიტიკული  და ოპოზიციური მედიის მიმართ გაღიზიანებას ღიად გამოხატავენ. ისინი თითქმის არ მონაწილეობენ ოპოზიციური არხების თოკ-შოუებში; არ ან ცინიკურად პასუხობენ მათ კითხვებს; ხშირად პირდაპირ ეთერში პოლიტიკურად მოტივირებულსა და ნაცების დაქირავებულს უწოდებენ. ეს ყველაფერი კი შეიცავს რისკს, ხელისუფლებამ მსგავსი იარლიყი მიაკეროს იმ კეთილსინდისიერ ჟურნალისტებსაც, რომლებიც არ არიან რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ და მუშაობენ სტანდარტის დაცვით.

„დაუსჯელობა გამოწვეულია ან მას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების მიმართ ინსტიტუტების ან სახელმწიფო აგენტების მხრიდან სათანადო რეაქციის არარსებობა. ასეთ გარემოებებში, ბრალეულობა შეიძლება ვეძებოთ როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებში, ასევე სასამართლო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების თითოეულ ეტაპზე“. – აღნიშნულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის  დასკვნაში.

მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოებს ასევე მოუწოდა: პოლიტიკის შემუშავებისა და სხვა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისკენ; ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილი სერიოზული დანაშაულებისთვის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გატარებისკენ; დანაშაულებისა და ამ დანაშაულებზე ხელისუფლების საპასუხო რეაქციაზე საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებისკენ.

  • სახელმწიფოს ვალდებულებები

უფლებადამცველების შესახებ გაეროს დეკლარაციის 9(5) მუხლით, სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, „ჩაატაროს დაუყოვნებლივი და მიუკერძოებელი გამოძიება ან უზრუნველყოს, რომ გამოძიება დაიწყოს ყველა ისეთ შემთხვევაში, როდესაც იარსებებს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დარღვევის ფაქტების საფუძვლიანი ეჭვი, მისი იურისდიქციის ქვეშ ნებისმიერ ტერიტორიაზე“.  იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტიანი იყოს, გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნა. კერძოდ, გამოძიება უნდა იყოს:

  • ადეკვატური, ე.ი. შედეგად უნდა მოჰყვეს პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება და დასჯა;
  • დეტალური, ე.ი. შინაარსობრივად ყოვლისმომცველი და, მათ შორის, უნდა შეეძლოს იმ სისტემური მარცხის იდენტიფიცირება, რამაც შედეგად მოიტანა დანაშაული;
  • მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, ე.ი. ვინც პასუხისმგებელია გამოძიების ჩატარებაზე, უნდა იყოს საქმეში ჩართული პირებისგან მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი;
  • ზუსტი, ე.ი. გამოძიება უნდა დაიწყოს დროულად და დასრულდეს ზომიერ ვადაში;
  • უნდა არსებობდეს საზოგადოების მხრიდან გამოძიების ან შედეგების შემოწმების საკმარისი შესაძლებლობა, ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ხელისუფლების მიმართ, კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით, საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად და არაკანონიერი ქმედებების მიმართ ტოლერანტობის თავიდან ასაცილებლად.“

როგორც OSCE-ს სახელმძღვანელო მითითებებში უფლებადამცველთა უფლებების დაცვის შესახებ „მედიის თავისუფლების“ თავში წერია:  „ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტები არ ექვემდებარებოდნენ თვითნებურ სისხლისსამართლებრივი დევნას და ჰქონდეთ წვდომა იურიდიულ და სხვა სახის დახმარებაზე, რათა მათ შეძლონ საქმიანობის განხორციელება ჩარევისა და შესაძლო დასჯის შიშის გარეშე. უფრო კონკრეტულად, მათ უნდა გადადგან ნაბიჯები ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უზრუნველყონ ჟურნალისტი უფლებადამცველების ეფექტიანად დაცვა თავდასხმებისა და სხვა სახის დანაშაულისგან, როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორების მხრიდან“.

  • რას იწვევს დაუსჯელობა?

დაუსჯელობა ახშობს სიმართლეს, თესავს შიშს და აღრმავებს ნიჰილიზმს.  თუკი ჟურნალისტები, რომლებიც ხელს უწყობენ და იცავენ ადამიანის უფლებებს, აშუქებენ ფაქტებსა და მოვლენებს თანმიმდევრულად, ავლენენ კორუფციას, ადამიანის უფლებების დარღვევის ან არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, არ იქნებიან სათანადოდ დაცულები, მოსახლეობა ვერ მიიღებს მიუკერძოებელ, სწორ და უტყუარ ინფორმაციას. ახალგაზრდები ნაკლებად დაეუფლებიან მსგავს პროფესიებს, ბევრი კი შიშისა და უშედეგობის გამო დატოვებს სფეროს და პოლარიზებულ, პარტ-მედიასივრცეებში გადაინაცვლებს, შესაბამისად, გაიზრდება კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის დონე. თავის მხრივ, ეს გამოიწვევს სახელმწიფო ინსტიტუციების დასუსტებასა და მოშლას, ავტოკრატიული მმართველობის დამკვიდრებას,  საბოლოოდ კი ეკონომიკურ უკუსვლასა და სიღარიბეს.

ამდენად, ხელისუფლება თუკი არ გააცნობიერებს დამოუკიდებელი და საგამოძიებო ჟურნალისტიკის მნიშვნელობას სამოხელეო დანაშაულისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოვლენის საქმეში და იმას, თუ რას იწვევს დაუსჯელობა სახელმწიფოსთვის, მუდმივად გვექნება სუსტი სახელმწიფო ინსტიტუციები, ადამიანი ვერსად იპოვის სამართალს, დამკვიდრდება ავტოკრატიული მმართველობა, რაც კიდევ უფრო დაგვაშორებს ევროპულ მომავალს.