ვისია 9 აპრილი?!

პუბლიკა

გიორგი რაზმაძე

9 აპრილი რუსული იმპერიის წინააღმდეგ ერის გაერთიანების დღეა, თუმცა წამყვანი მედიების მიერ შექმნილ საჯარო სივრცეში ამ თარიღთან დაკავშირებით ან შინაარსია დაკარგული ანდა ტოტალურად ყალბდება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთავარი ინტენცია.  

როგორც წესი, პარლამენტის წინ როტაციის დაუსრულებელ ცერემონიალს ხსნის პატრიარქი, რომელმაც 9 აპრილს მომიტინგეები რუს ჯარისკაცებს შეატოვა. შემდეგ უკვე ცერემონიალში თაიგულებითა და სანთლებით ხელში მომარჯვებული პოლიტიკური ძალებიც ერთვებიან, რომლებიც ერთმანეთს მთელი დღის განმავლობაში ცვლიან. ყველაფერს, რა თქმა უნდა, სიყალბის სქელი ნადები ადევს.

სწორედ ეს სიყალბეა ის რაც ახალგაზრდებში ამ დღისადმი გაუცხოებასა და გულგრილობას იწვევს. რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლას 21 ქალისა და კაცისსიცოცხლე შეეწირა, რომელთა ხსოვნას პარაკლისს რუსული იმპერიალიზმის მთავარი აგენტი ილია II აღუვლენს, მემორიალს კი პატივს რუსი ოლიგარქის პარტიის წევრები მიაგებენ, რომლებსაც საქართველოში რუსული კაპიტალის გარანტორი ოპოზიცია შეცვლის. ამ ამორალურობის ოპერეტაში იკარგება 9  აპრილის მთავარი აზრი, რაც 21 ქალმა და კაცმა საქართველოს არგუნა − რუსეთის იმპერიისგან თავისუფლება. 

ამ დღეს წარმოთქმული ხმამაღალი სიტყვების მიუხედავად, გათავისუფლება არ სურს არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას და მათთან დაკავშირებულ ახალთუ ძველ ძალებს, რომლებიც წლიდან წლამდე პროტესტისა თუ მანიფესტაციისფორმას ცვლიან, მაგრამ შინაარს უცვლელად ტოვებენ.

პოლიტიკური ფარისევლობისა და სიმულაციის ტრადიცია „9 აპრილის  მთავრობისთვის“ პუტჩის მომწყობთა ლიდერმა, რუსეთიდან  წარმოგზავნილმა ედუარდ შევარდნაძემ დაამკვიდრა. შემდგომ იყო  „ნაციონალური მოძრაობის“ ბიპოლარული პოლიტიკა – თან რუსულ  იმპერიალიზმთან ბრძოლა და თან, ასევე რუსეთიდან წარმოგზავნილი კახა  ბენდუქიძის პოლიტიკის შედეგად, აბსოლუტურად ყველა სტრატეგიული და  მსხვილი სექტორის რუსული კაპიტალისთვის გადაცემა. 

უკანასკნელი წლებია რუსეთთან უხერხულ დისტანციაზე მყოფი, მაგრამ  კოლაბორაციონიზმში ღრმად ჩაფლული პარტიის პოლიტიკას ვაკვირდებით,  რომელიც წარმატებით აგრძელებს ბენდუქიძის მემკვიდრეობას და ხელს უწყობს რუსეთის როლის ზრდას როგორც ეკონომიკაში, ასევე ყოფით დონეზეც,რომ არაფერი ვთქვათ „ქართული ოცნების“ მიერ წახალისებულ რუსულ  პროექტებზე: „ალტ-ინფოზე“, „ქართულ მარშზე“ „პატრიოტთა ალიანსზე“  და სხვა მოღალატეებზე.  

2022 წელსაც 9 აპრილის პოლიტიკურ ლიტურგიაში არაფერი შეიცვლება, გარდაკოსმეტიკური განახლებებისა. რაც მთავარია, მორიგ ჯერზე არ გაისმება  მთავარი კითხვა – „რატომ ვცხოვრობთ სიღარიბეში?!“ კიდევ ერთხელ ვიხილავთ წარსულის გაყალბების მცდელობას პოლიტიკური ძალებისგან, რომლებსაც აწყობთ დეკოლონიალიზმის მითოლოგიურ კატეგორიაში გადატანა და ჩაგვრის წინააღმდეგ აბობოქრებული ხალხის პოლიტიკური და გმირული აქტის ინტენსივობის გაზავება არაფრისმთქმელი ნარატივებით. თუმცა უკვე  დროა (!)„მხედრიონელთა“ შთამომავლების ზღაპრებით მოგვრილი  ლეთარგიული ძილისგან გამოვფხიზლდეთ და მთავარი კითხვების დასმა  დავიწყოთ – „ვის ეკუთვნის 9 აპრილი?“, ან „რატომ ვართ ისევ ღარიბები?!“

რაოდენ გრანდიოზულ კონცეფციასაც არ უნდა ეყრდნობოდეს ესა თუ ის იმპერიალიზმი, მის რეალურ მიზანს რესურსების დაპატრონება და იაფი ან უფასო შრომის ორგანიზება წარმოადგენს. საბჭოთა სისტემა ექსპლუატაციას მაქსიმალურად ებრძოდა და ეს პრობლემა დღის წესრიგში ნაკლებად იდგა. ველური კოლონიალიზმი ზვიად გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ იწყება, როდესაც „მხედრიონელებმა“ რუს ბიზნესპარტნიორებთან ერთად ქვეყნის სიმდიდრე და ინფრასტრუქტურა დაიტაცეს. 

დღეს რუსეთის მფლობელობაშია აზოტის ქარხანა, რომელშიც დასაქმებულები მონურად შრომობენ. კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა ასევე რუსების მიერ დაარსებულ „ჰაიდელბერგცემენტში“, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და სხვა საწარმოებში, რომლებშიც უსაფრთხოების ნორმების დაცვასა თუ ღირსეულ ანაზღაურებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ყველა ამ დაწესებულებას გამოარჩევთ კიდევ ერთი საერთო გარემოება − ეკოლოგიის მიზანმიმართული განადგურება. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს კაზრეთი და იქ მდებარე ოქროს საბადო, რომლის წილებიც არჩევნებთან ერთად იცვლება ხოლმე, თუმცა მუდმივად რჩება მთავარი აქტორი − რუსეთი და მასთან შეზრდილი პოლიტიკური პარტიების ინტერესები. ასევე მუდმივია კაზრეთში მცხოვრები ადამიანების პრობლემები, რაც RMG-ის წარმოუდგენელი სიხარბის შედეგია – იქნება ეს მძიმე სოციალური ყოფა თუ საგანგაშო ონკოლოგიური მდგომარეობა. სიღატაკე და გარემოზე მიყენებული ზიანის გამო იტანჯებიან კასპში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში და ყველგან სადაც რუსული ბიზნესია (რუსული ბიზნესია ყველა ის ქართული ბიზნესიც, რომელიც ამ უკანასკნელის კანონებით მუშაობს).

ხელისუფლებისა და ოპოზიციის გარიგების კლასიკური მაგალითია ყაჩაღური სააფთიაქო ბიზნესის ამორალურზე ამორალური წარმომადგენელი კახა ოქრიაშვილი, რომელიც პარტიიდან პარტიაში მოგზაურობენ შორის ერთხელ საკუთარ პირველი მილიონზე ისაუბრა და მართლაც დაუჯერებელი ამბავი მოყვა. მისი ეს ისტორია იწყება ფრაზით „წავედი მოსკოვში“, ამ ფრაზით იწყება ხაზარაძის პირველი მილიონის ისტორიაც და კიდევ სხვა უამრავის. ბიზნესის დაწყებამდე იმოგზაურა თუ არა დავით ბეჟუაშვილმა რუსეთში, ეს არ ვიცით, თუმცა მისი პირველი მილიონი რუსეთიდან სომხეთისკენ მიმავალი გაზსადენის ხელში ჩაგდებას უკავშირდება. შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა ვანო ჩხარტიშვილმა კი საერთოდ რუსულ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია „ინტერ რაოსთან“ ერთობლივი კომპანია „ინტერ რაო საქართველო“ დააფუძნა

სწორედ ეს მცირე ექსკურსი ქართულ, მეტწილად კი ქართულ-რუსულ კაპიტალიზმში გვანახებს იმას თუ რატომ ვართ ჯერ ისევ ღარიბები და თუ ფუნდამენტური ცვლილებები არ მოვითხოვეთ, სიღატაკეში კიდევ დიდხანს მოგვიწევს ყოფნა. დავითვალოთ თითოეული ამ კომპანიის, ბანკების, სააფთიაქო სექტორის, სათამაშო ბიზნესისა თუ სამშენებლო კომპანიების მოგება, გამოვაკლოთ მას საქართველოს მოსახლეობა და მივიღებთ კლასიკურ კოლონიალიზმს. საქართველო კოლონიაა საიდანაც მილიარდობით დოლარს ეზიდებიან. 

ბენდუქიძის პოლიტიკა თეორიულად ბევრ რამეს შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში მოდის რეალურ მოქმედებაში, როდესაც არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ჩამოვარდება საუბარი. კაპიტალიზმის ძველი იდეა, რომ ყველა ადამიანი თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედნიერებას, სიმდიდრის მფლობელებს ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს და კიდევ უფრო მეტად უხსნის ხელ-ფეხს. უფრო ცხადად, ბენდუქიძე ამბობს, რომ თუ გინდა იყო ბედნიერი, უნდა მოიგონო გზა როგორ აჯობო, მაგალითად, ვანო ჩხარტიშვილს, რათა დაესაკუთრო მის კაპიტალს, მოგებას და ა.შ.. ბედნიერება დაიყვანება კონკურენციაში გამარჯვებამდე. თავისუფლების ეს ტყუილი თიშავს მოსახლეობის გონებასა და ერთიანობას. თავისუფალი ბაზრის ადეპტები გვაჯერებენ, რომ ვთქვათ კეზერაშვილთან ყველას შეუძლია კონკურენციაში შესვლა. ბენდუქიძის ფილოსოფიის ამორალურობა სწორედ ამ და მსგავს სიცრუეზე დგას, რომლის წყალობითაც მონობას თავისუფლების სახელით აკანონებენ და ამ წესრიგს წლიდან წლამდე, 9 აპრილიდან 9 აპრილამდე იცავენ ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალები. 

9 აპრილი უბრალოდ კრემლისგან დახსნის დღე არაა, ესაა საყოველთაო გათავისუფლების თარიღი, რომელსაც ბედნიერება და მეტი კეთილდღეობა უნდა მოეტანა. 30 წელია ამ დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ძალები, რომლებიც ამ მონაპოვარს წყალს ატანენ. წელს იქ აქციას გამართავს ბენდუქიძის ერთ-ერთი მორიგი პროექტი, რომელიც თავისუფლების იდეას კიდევ ერთხელ დაამახინჯებს. მათი ფილოსოფია მდიდრების, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე კი რუსული კაპიტალის თავისუფლების დაცვაზე დგას. გვახსოვდეს, რომ ჯონ ლოკისა თუ სხვათა ციტირების უკან ქართველი ხალხის ეკონომიკური და პოლიტიკური მონობის გამართლება იგულისხმება. ისინი კბილებით იცავენ (რუსი ბიზნესმენების) საკუთრების უფლებას, მაგრამ არ ადარდებთ საქართველოს მოსახლეობის 99%, ვისაც არაფერი გააჩნია, გარდა მონობის ბორკილებისა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს რედაქციის შეხედულებებს.