წმინდა კლასტერის პირისპირ

ზურა ვარდიაშვილი

ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც სათქმელს არ სჭირდება განსაკუთრებული შესავალი, სიუჟეტის განვითარება, კვანძის შეკვრა, გახსნა, ფინალი… ზედმეტია მიკიბვ-მოკიბვა, შელამაზება, ბრძნულ გამონათქვამთა ციტირება, მოხდენილი იდიომებით ჟონგლიორობა.

ზოგჯერ პირდაპირ უნდა თქვა. და როდის, თუ არა ახლა, როდესაც ეგზისტენციალური საფრთხე წამომართულა სამყაროს წინაშე?

უნდა თქვა ისე, რომ არ შეგაჩეროს აზრმა – კი, მაგრამ ამას რა თქმა უნდა? ეს ხომ ორჯერ-ორია, აი იაა, გონიერი ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია, ისედაც ხომ ნათელია…

როგორც ჩანს, არა. არ არის ნათელი. დაე, იქმნას ნათელი:

მრევლს:

არ არსებობს სივრცე, სადაც შეკრება დაგიცავთ ვირუსის გავრცელებისგან.

არ არსებობს ჭურჭელი, რომლის საერთო მოხმარებისას რამე ზეგარდმო ძალა ჩაერევა და გაანეიტრალებს ინფექციას.

ვინც ამას ქადაგებს, არაფერი აქვს საერთო არც ქრისტიანობასთან, არც რომელიმე სხვა მრწამსთან.

სასულიერო პირებს უკვე დაუდასტურდათ კორონავირუსი, მღვდლობა ან მრევლობა არ ნიშნავს ვირუსმედეგობას.

ამგვარი აზროვნება არის შუასაუკუნოებრივი სიბნელე, მჩხიბაობა, უგუნურება, უმეცრება, საზარელი გაუნათლებლობა.

არ შეიძლება, ვინმე ამ ქვეყანაში იდგეს კანონზე მაღლა. მათ შორის არც სასულიერო პირები.

პატრიარქი ლეონიდე ქოლერით გარდაიცვალა.

ჟურნალისტებს:

ამ მოცემულობაში არ არსებობს ერთ მხარე და მეორე მხარე. არსებობს საღი აზრი (მეცნიერულსაც ვერ ვუწოდებ, არავითარი მეცნიერება და ინფექციონისტობა არ სჭირდება ამას) და უაზრობა.

არ შეიძლება ამხელა საფრთხის შემცველი მოწოდებების ტირაჟირება ოპონირების გარეშე. ტელეეთერებში ეს შესაძლებელია ინტერვიუს დროს. თუ ნიუსს ავრცელებს სააგენტო, აუცილებელია სიმართლის დართვა, ოღონდ არა როგორც მეორე მხარის პოზიციის, რომელმაც უნდა „დააბალანსოს“ პირველი, არამედ როგორც საღი აზრის.

არ შეიძლება, ავტორიტეტებთან ენის მოჩლექა.

არ შეიძლება რესპონდენტის მიერ მოჩმახული ზღაპრების რეაგირების გარეშე დატოვება – აი, რომ ვიღაც მღვდელი კეთროვანს ჩაეხუტა და არაფერი ან  ჩერნობილის ტრაგედიისას ტაძრებში რადიაციას რომ არ შეუღწევია და ა.შ.

ეპიდემიოლოგებს:

ეს ომია. თქვენ გენერლები ხართ.

ბრძოლის ველზე ჯარისკაცები არ ელიან ეპისკოპოსთა კრებულის გადაწყვეტილებებს. მათი სინოდი არის გენერალიტეტი.

სიტუაცია უნდა მართოთ თქვენ, თუ არ გემორჩილებიან, უნდა განაცხადოთ. ამ მოცემულობაში უნდა გისმენდეთ თქვენ. გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეთ თქვენ.

ამ სიტუაციაში ავტორიტეტები ხართ თქვენ. ეს ტვირთია და არ შეიძლება ამ ტვირთის სხვაზე, მაგალითად, მღვდლებზე  გადამისამართება.

არ გვაინტერესებს თქვენი მრწამსი. რელიგია და მეცნიერება არ უპირისპირება ერთმანეთს. პატრიარქის კურთხევა კი არა, თქვენი კურთხევა როგორიც იქნება, მოსახლეობა უნდა მოიქცეს ისე.

ეს თქვენი ბრძოლაა. ეკლესიისადმი ლიქვნა ან გაჩუმება უდრის ფარ-ხმლის დაყრას. უკუქცევას.

თქვენ გვეიმედებით. თქვენს გვერდით ვართ.

ხელისუფლებას:

არ გვაინტერესებს როგორ, პოლიციის, მოლაპარაკების, ქრთამის, მიწების ჩუქებისა თუ ლეგიტიმური ძალის დემონსტრირებით თქვენი მოვალეობაა, შეაჩეროთ ეს სიგიჟე.

არ შეხედოთ ამ სიტუაციას, როგორც ჩვეულებრივს. ამ მოცემულობაში ცვლადები შეცვლილია. ხალხი არ არის სულელი, არ არის ბნელი, არ არის ბრბო.

იმგვარ ფანატიკოსთა არმია, რომელიც მზადაა, დაღუპოს ქვეყანა არ არის იმხელა, რომ ელექტორალურ საშიშროებას წარმოადგენდეს.

რომც წარმოადგენდეს, არ გვაინტერესებს. თქვენი მოვალეობაა, დაიცვათ მოქალაქეები.

საპატრიარქოს:

. . .