ბოლო კომუნიკაცია გუშინ მქონდა, დღეს თბილისის სასამართლოში სხდომა უნდა გამართულიყო - მოკლული ქალის ადვოკატი

პუბლიკა

ანასტასია შატალოვას ადვოკატმა, პაატა შავაძემ მედიასთან მოკლულ ქალთან ბოლო კომუნიკაციის დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო სხდომა, რომელზეც მოსამართლეს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერისთვის შემაკავებელი ორდერის გაცემის მოთხოვნაზე უნდა ემსჯელა.

შემაკავებელი ორდერის გამოცემას ზურაბ ბერიძის წინააღმდეგ ანასტასია შატალოვა თავისი და შვილის სახელით მოითხოვდა. პაატა შავაძის თქმით, მოკლულმა ივნისში უთხრა, რომ ყოფილმა ვიცე-მერმა მასზე და მის შვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა, რაზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. პაატა შავაძე ამბობს, რომ მოსამართლემ ჯერ პატიმრობა შეუფარდა ზურაბ ბერიძეს და შემდეგ იმავე მოსამართლემ, დავით მამისეიშვილმა, ზურაბ ბერიძე 50-ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

„კომუნიკაცია გუშინ გვქონდა საღამოს. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სასამართლო პროცესის სხდომა უნდა გამართულიყო, მისი და ვაჟის სახელით დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. რატომღაც, მოხდა ისე, რომ გადაიდო სხდომა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის მოთხოვნით, ავადმყოფობის მოტივით. ისინი ერთი პერიოდი შერიგდნენ, თუმცა ეს შერიგება არ იყო რეალურად. ზაფხულში დამიკავშირდა თბილისიდან და მითხრა, რომ პაატა მოხდა ჩემზე და ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა.

შემდეგ ვერ მიაგნეს ამ ადამიანს, რატომღაც. რატომღაც, მერე იმავე მოსამართლემ, რომელმაც დაკავების განჩინება გასცა, 50-ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. გამოძიების ფარგლებში შემაკავებელი ორდერიც კი გაიცა – 30-დღიანი, თუმცა გავიდა ეს ვადა და მან [ნატალია შატალოვამ] მე, როგორც მის ადვოკატს დამავალა, რომ მაქსიმალური, 9-თვიანი ვადით გამოცემულიყო ორდერი“, – ამბობს ადვოკატი პაატა შავაძე.

თბილისში გვიან ღამით მოკლული ქალი ანასტასია შატალოვაა. მოკლულ ანასტასია შატალოვას და ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს საერთო შვილი ჰყავთ. შატალოვა მის დაბრუნებას მოითხოვდა. მათ შორის მიმდინარეობდა დავა. მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და, ჯერჯერობით, საქმეზე არავინ დაუკავებიათ.

LB loan image desktop LB loan image mobile