„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“: წარმოება აღდგება მხოლოდ რეორგანიზაციის პირობებში

პუბლიკა

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის პოზიციით, პიკეტირების პირობებში წარმოების აღდგენა შეუძლებელია. CMC ამბობს, რომ წარმოების განახლების პროცესს „მაღალკვალიფიციური მენეჯერი“ მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

კომპანია ცხადებს, რომ „ჭიათურაში სამთო წარმოება ან გაიხსნება ახალ წესებზე დაფუძნებული მოდელით – ან საერთოდ ვერ აღდგება“. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ პროტესტში ჩართულ ადგილობრივებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პიკეტირება.

იხილეთ განცხადება:

„მიხეილ სოცკი მოწვეული იყო სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ექსპერტის სტატუსით. სწორედ მისი აქტიური მონაწილეობით შემუშავდა სტაბილურობასა და ეფექტიანობაზე გათვლილი ჭიათურის მაღაროების გახსნის გეგმა.
ახალმა ხელმძღვანელმა უკვე გამართა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ჭიათურის საწარმოების მენეჯერებთან.
შემუშავებული გეგმის მიხედვით წარმოების აღდგენა განხორციელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პირობებში. ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები შეეხება ყველა რგოლს, როგორც ტექნიკურ პერსონალს, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებს. სწორედ ეს არის ერთადერთი გზა მომგებიანი, სტაბილური და უსაფრთხო ოპერირების დასაბრუნებლად. ყველა თანამშრომელი დეტალურად ინფორმირებული იქნება დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და მათთან კომუნიკაცია გამჭვირვალედ და ეტაპობრივად წარიმართება.
ამავე დროს, რეორგანიზაციის პარალელურად დაიწყება დახურული მაღაროების ტექნიკური ინსპექტირება. თითოეული მაღაროს შესწავლის შემდეგ დაიწყება აღდგენა – გადამაგრებითი სამუშაოები.
კომპანიის პოზიცია უცვლელია – პიკეტირების პირობებში წარმოების აღდგენა შეუძლებელია.
კომპანია გადაჭრით აცხადებს: ჭიათურაში სამთო წარმოება ან გაიხსნება ახალ წესებზე დაფუძნებული მოდელით – ან საერთოდ ვერ აღდგება.
ამ პროცესის დაწყება შეუძლებელია მაღაროების ბლოკირების პირობებში. ადგილობრივი ჯგუფების მიერ მაღაროები უკვე ერთ წელზე მეტია პარალიზებულია. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებში, საიდანაც კომპანია მადნის 70%-ზე მეტს მოიპოვებდა – ამ მოცულობის დანაკარგი პირდაპირ აზიანებს როგორც კომპანიას, ასევე საფრთხეს უქმნის რეგიონს .
მოვუწოდებთ ადგილობრივ ჯგუფებს, შეწყვიტონ პიკეტირება და ხელი არ შეუშალონ ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენას“.

CMC ამბობს, რომ რეორგანიზაცია ყველა დასაქმებულს, მათ შორის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხებათ. მათი თქმით, ცვლილებები მოიცავს:

• საწარმოს სტრუქტურულ რეორგანიზაციას;
• ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციას;
• შიდა ვაკანსიების გამოცხადებას;
• თანამშრომლების გადამზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების დაწყებას;
• უსაფრთხო და თანამედროვე სამუშაო პირობების დანერგვას.

საპასუხო განცხადება გაავრცელეს მაღაროელებმაც, რომლებიც ამბობენ, რომ კომპანია მათ ულტიმატუმის ენით ელაპარაკება.

„ჩვენ კომპანია GM-თან და CMC-სთან არაფერი არ გვაქვს სალაპარაკო იმიტომ, რომ ათასჯერ მოგვატყუეს, ათასჯერ უგუნური ნაბიჯი გადადეს, სპეციალურად გააღარიბეს ქალაქი, პრობლემები მოუტანეს დამატებითი ამ ადამიანებს, აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ამას უნდა მიხედოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს ამ ხალხს და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება როგორ და რა პირობებით უნდა განახლდეს მუშაობა და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს სამართლიანი. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, გვაქვს რაღაც ხედვები, მობრძანდით ბატონებო, დავსხდეთ და ვისაუბროთ“, – ამბობენ მაღაროელები.

მათივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ პროცესში და „სოფლის გამგებლები“ ჭიათურელებს ეუბნებიან, რომ თუ სამსახური უნდათ, რა პირობებსაც შესთავაზებენ, უნდა დათანხმდნენ.

7 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ”, „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს. მაღაროელების თქმით, კომპანიის ეს გადაწყვეტილება უმუშევრად 2000-დან 2 500 დასაქმებულს ტოვებს.