ჩინეთში შემუშავებული ახალი წესებით, ძაღლებს ფერმის ცხოველების (პირუტყვის) კლასიდან კომპანიონი ცხოველების კლასში გადაიყვანენ. რაც ძაღლის ხორცით კვების აკრძალვისკენაა მიმართული. როგორც Reuters წერს, ამის შესახებ ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, კორონავირუსის პანდემიაზე პასუხად.
ჩინეთის ბევრ რეგიონში ძაღლის ხორცი, ჯერჯერობით, ისევ დელიკატესად მიიჩნევა. ფერმის ცხოველების კლასის გამოყენება შესაძლებელია საკვების, რძის, ბეწვის, მედიკამენტების მისაღებად და სხვა ტიპის დანიშნულებისამებრ. თუმცა, როგორც ხელისუფლება აცხადებს, ისინი ამიერიდან კომპანიონ ცხოველებად უნდა განიხილონ.
„კაცობრიობის განვითარებასა და ცხოველთა დაცვისადმი მეტი ყურადღების დათმობასთან ერთად, ძაღლები კომპანიონ ცხოველებად ჩამოყალიბდნენ და საერთაშორისო საზოგადოებაში მათ არ განიხილავენ საკვები დანიშნულებით, ასე უნდა იყოს ჩინეთშიც“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოქვეყნებული ახალი წესებით, ფერმის ცხოველების კლასში რჩება 18 სახეობა, მათ შორის – საქონელი, ღორი, შინაური ფრინველები და აქლემი.
ასევე, წესებში, რომელიც საჯარო განხილვისთვის არის გამოქვეყნებული, შესულია 13 „განსაკუთრებული“ სახეობა, რომელიც შესაძლოა გარეული ცხოველების სიიდან ისევ ნებადართული იყოს კვებისთვის, მათ შორის – ჩრდილოეთის ირემი, ალპაკა, ხოხობი, სირაქლემა და მელა.
გარეული ცხოველებით ვაჭრობა და კვება ჩინეთმა ასევე კორონავირუსის გავრცელების შემდეგ შეზღუდა, გააუქმა ყველა ლიცენზია და აპირებენ, რომ აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე ასახონ.