ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას - დარჩიაშვილი ლუკაშენკოზე

პუბლიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ალექსანდრ ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლას ეხმაურება.
„პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იქნას,” – წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

ლუკაშენკოს ვიზიტი დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მათ შესაბამისი განცხადებები „ტვიტერზე“ გაავრცელეს.

საქართველოში ბელორუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელორუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგებლებთან შეხვედრას შეეხებოდა. ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოთხოვა”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.