ჩვენ ვამბობთ - არ გამოიყენო ერთი კოვზი - რელიგიურ რიტუალებს არ ვადგენთ - იმნაძე

პუბლიკა

“ჩვენ რელიგიური რიტუალების წესს არ ვადგენთ. ჩვენ ვაძლევთ მოსახლეობას რეკომენდაციას არ გამოიყენონ ერთი კოვზი.”  – ამბობს გადაცემა პალიტრანიუსის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე.

„მე არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები ეს ეკლესიის საქმეა. ეკლესია დააკვირდება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და მიიღებს თავის გადაწყვეტილებას” – ამბობს იმნაძე.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მიმართ გაჩნდა, ვინაიდან ზიარება საერთო კოვზით ხდება, მიიღებდა თუ არა რამე ზომებს ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად.

საქართველოს საპატრიარქომ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის და ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გავრცელებულა სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექცია. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ: „მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური კონფესიები მზად არიან დაექვემდებარონ სპეციალისტების რეკომენდაციებს.

გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.