ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს მიათრევდნენ, გამოსარჩლების დროს მეც დამაკავეს | თაბაგარი

პუბლიკა

„თბილისის პრაიდის” ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი, რომელიც 16 ოქტომბერს, ღამით დააკავეს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თაბაგარმა ტელეკომპანია „პირველთან“ დაკავებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა.

“პოლიციელები მოვიდნენ, შევნიშნე, რომ ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს მიათრევდნენ საკმაოდ უდიერად და გამოვესარჩლეთ, ვიკითხეთ, თუ რატომ მიჰყავდათ და არავინ პასუხი არ გაგვცა, ძაღლივით მიათრევდნენ ჩვენს უსახლკარო თანამშრომელს, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ახლა. მიზეზს ვერ მივხვდით და ამ გამოსარჩლების პროცესში, როცა რამდენჯერმე ვიკითხე, მაგრამ ყველა თევზის სახით მიყურებდა და არავინ პასუხი არ გამცა, ძიძგილაობაში მეც ჩამტენეს მანქანაში.“ – ამბობს თაბაგარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, 3 პირი ადმინსტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173 – ე (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების საფუძველზე დააკავეს. „პუბლიკას“ ერთ-ერთი თვითმხილველი უყვება, რომ დაკავებისას პოლიციამ მოქალაქეებზე ფიზიკური ძალაც გამოიყენა. Facebook-ზე გავრცელებულ Live-ჩართვაში ჩანდა შეხლა-შემოხლა მოქალაქეებსა და პატრულის თანამშრომლებს შორის.