დაფუძნდა პარტია „ჯერ საქართველო“, თავმჯდომარედ ვიქტორ ყიფიანი აირჩიეს

პუბლიკა

დამფუძნებელ ყრილობაზე მხარი დაუჭირეს პარტია „ჯერ საქართველოს“ დაფუძნებას და თავმჯდომარედ ვიქტორ ყიფიანი აირჩიეს.

„ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელ ყრილობას 360 დელეგატი ესწრებოდა. პარტიის დაფუძნებას მხარი 359-მა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა. ვიქტორ ყიფიანი პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

ასევე კენჭი უყარეს პარტიის წესდებას, სიმბოლიკას და შექიმნა პარტიის აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოებიც.

ყრილობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა თანამშრომელმა, ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მათი სურვილია, შეიქმნას ისეთი მოაზროვნე სახელმწიფო, რომელიც დაემყარება გამართულ ინსტიტუციებს, მართლმსაჯულება იქნება დეპოლიტიზებული და დამოუკიდებელი. ყურადღება მიექცევა განათლებას და უსაფრთხოებას.

„მოგეხსენებათ, როგორ რეგიონში ვცხოვრობთ და მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანი არის გამართული ძალოვანი ინსტიტუტები: თავდაცვა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუ სხვა ის უწყებები, რომლებზეც უნდა იდგეს მოქალაქეთა და სახელმწიფოს უსაფრთხოება.

აუცილებელი არის ასევე ნორმალიზება პოლიტიკური პროცესის. ჩვენ მომსწრენი ვართ იმის, თუ როგორ რადიკალიზაციას ახდენენ მიზანმიმართულად პოლიტიკური პროცესის, რათა საზოგადოება დაყონ. „ჯერ საქართველო“ დგას ერთიანი სამოქალაქო საზოგადოებაზე. ესეც არის პარტიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდეს. მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ ისინი არიან თანამესაკუთრეები სახელმწიფოსი და მათი ჩართულობა სახელმწიფოს მართვაში ასევე არის გარანტირებული.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ საქართველოში დემოკრატიამ სრულფასოვნად იმუშაოს. რასაკვირველია, საგარეო მიმართულებით ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ის, რომ ჩვენ მივაღწიოთ საბოლოოდ იმ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანს, რომელიც არა უბრალოდ ჩვენი, არამედ ასწლეულებით ჩვენი არჩევანი არის – ეს არის ჩვენს ოჯახში, ჩვენს ცივილიზაციურ, ქრისტიანულ სამყაროში სრული ინტეგრაცია.

დასახული მიზნები მიღწევადი არის მხოლოდ და მხოლოდ გაერთიანებით. ძალა ერთობაში არის და „ჯერ საქართველოც“ ამ იდეის მატარებელი არის“, – განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

პარტიის თავმჯდომარე არჩევის შემდეგ ვიქტორ ყიფიანმა პარტიის მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, პარტიაში უნდა იყოს შიდაპარტიული დემოკრატია და პარტიის წევრები და მხარდამჭერები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირს უნდა ხედავდნენ; პარტიის წევრებს უნდა ჰქონდეთ შიდაპარტიული განვითარების საშუალება; მისი თქმით, პარტიაში არ უნდა იყოს დაყოფა თანამდებობის პირებად და წევრებად.

ამის შემდეგ უკვე ყიფიანმა პარტიის პოლიტიკურ მიდგომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ჯერ საქართველო“ უარს აცხადებს საქართველოს მოსახლეობის დაყოფაზე და ვერ გაიზიარებენ პოლიტიკას „შავად და თეთრად გამიჯვნაზე“.

„ჩვენი გუნდი არ აღიარებს საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებულებად და დამარცხებულებად განხილვას. „ჯერ საქართველო“ კატეგორიულად გმობს მცდელობას, ქართველები დააჯგუფონ პატრიოტებად და უსამშობლოებად; ჩვენთვის მიუღებელი არის ცივილიზებულ სამყაროში მეგობარი და არამეგობარი ქვეყნების გამორჩევა;

„ჯერ საქართველო“ უარს ეუბნება გარიგებას, ისევე როგორც გმობს პოლიტიკურ შურისძიებასა და ანგარიშსწორებას“, – თქვა მან.

ყიფიანის თქმით, თამამად უნდა გამოიყენონ სიტყვები „კონსტრუქტივიზმი, რაციონალიზმი, პრაგმატიზმი“ და ობიექტური შეფასებით და  კონსტრუქციული კრიტიკით უნდა მოეკიდონ საქართველოს ისტორიის ყოველ ეტაპს, გამორჩეული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ისტორიულ მეხსიერებას.

„ცხოვრებაში ყველაფერი დროებითი არის, მით უმეტეს პოლიტიკური საქმიანობა თუ თანამდებობა, ამიტომ შეძლებისდაგვარად, ყოველი წამი და წუთი, რაც ჩვენ მოგვეცემა, რომ ამ საქმეს ვემსახუროთ, ისე გამოვიყენოთ მერე დროულად წასვლის შემთხვევაში, ჩვენ თვითონ შევახსენებთ ამას საკუთარ თავს და არავის დაველოდებით, მერე უკან მოხედვა არ შეგვეშინდეს“ – განაცხადა ყიფიანმა.

მისი თქმით, „ჯერ საქართველოს“ არ სურს, იყოს უბრალოდ ოპოზიციური პარტია, მათ პრეტენზია აქვთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიის შექმნაზე.

„ჯერ საქართველომ“ საქართველოს ყოველ მოქალაქეს, როგორც მას ვეძახით, პოლიტიკური ქართველს აზრების, თუ შეფასების მოსმენის, გაგების, შეჯერებისა და რეალიზების შესაძლებლობა უნდა მივცეთ.

ამიტომაც, პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო“ არის უფრო მეტი, ვიდრე პარტია და გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ოპოზიციური პარტია. ის არის ქვეყანაში საჭირო და რეალურ ცვლილებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა და სწორედ აქედან გამომდინარე, არის  ცვლილებების მსურველის, ყველას ბუნებრივი მოკავშირე.

ყოველი მსურველისათვის, ვისი ხმაც სხვა პოლიტიკურ ძალებში ვერ გაიგონეს, ვერ გამოიყენეს, იმედი გადაუწურეს, ვერ გაუმართლეს, ან მომავლის პერსპექტივა ჩაუქოლეს, არჩევანი რჩება – რჩება „ჯერ საქართველო“, – განაცხადა ყიფიანმა.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებად აირჩიეს:

  1. რუსუდან თევზაძე,
  2. ვახტანგ კაპანაძე,
  3. ვალერი ჩეჩელაშვილი,
  4. გიორგი ანთაძე,
  5. ნიკოლოზ ხატიაშვილი.

სარევიზიო კომისიაში:

  1. გიორგი შალამბერიძე – თავმჯდომარე
  2. ბექა ბოჭორიშვილი;
  3. ივერი მისრიაშვილი
  4. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.

პარტიის აღმასრულებელი მდივანი – ზურაბ შარაშენიძე. პარტიის თანადამფუძნებლები და მრჩევლები არიან ნიკოლოზ ალავიძე და გიორგი ტუმასიანი.

სამდივნო: ნინო სტურუა, გიორგი მსხილაძე, სანდრო სამადბეგიშვილი.

„ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელი და ახლა უკვე თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი იურიდიული კომპანია „MKD Law-ის“ უფროსი პარტნიორი და ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეა.

წლების განმავლობაში ის საერთაშორისო დავებში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი იყო. 2023 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ყიფიანი ივანიშვილის ადვოკატი აღარ იყო.

ამ პერიოდში ყიფიანმა „რუსული კანონის“ ინიციირება გააკრიტიკა. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ის კრიტიკული განცხადების გაკეთებამდე უკვე აღარ იყო ივანიშვილის ადვოკატი.