დაიწყო ე. წ. მეხუთე ტალღა და უფრო მაღალი ნიშნულიდან, ვიდრე მოსალოდნელი იყო - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში დაიწყო ე.წ. მეხუთე ტალღა, თანაც უფრო მაღალი ნიშნულიდან, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა.

„სამწუხაროდ, საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია ყალიბდება. მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა აჭარბებს 4 000-ს.

გაზრდილია ინციდენტობის, დადებითობის მაჩვენებელი, ასევე ძალიან საყურადღებოა, რომ პერიოდულად არის მომატებული რეპროდუქციის ინდექსი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ინფექცია სწრაფად და ადვილად ვრცელდება. სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა – პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია. აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე აიცრას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, რეგულაციების გამკაცრების საკითხიც დადგეს გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე.

„თუ აცრების მიმდინარეობა ვერ ავწიეთ, მაშინ საკმაოდ რთული ნოემბერი იქნება და ქვეყანას ისევ შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება მოუწევს, სხვაგვარად ეპიდსიტუაცია ვერ დამშვიდდება“, – განაცხადა გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, აცრების ზრდას ახალ წლამდე 2 000-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, რადგან გარდაცვლილთა 98-00% დღეს აუცრელია.

„უნდა ვიცოდეთ, რომ აცრა გვიცავს ინფიცირებისგან, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობისგან. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიცრებით ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი მეგობრებისა და ერთმანეთისთვის“, – თქვა გამყრელიძემ.