„დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი" - კოალიცია ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს

პუბლიკა

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის ამ დრომდე მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას, ეფექტურად გამოიძიონ ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის ფაქტი, მოხდეს თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვება და ყველა პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება;

უზრუნველყოს მსხვერპლი ქალების უსაფრთხოება და დაიცვას პოტენციური ძალადობისგან; გააძლიეროს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა ამგვარი დანაშაულის ეფექტიანი და სისტემური პრევენციის მიმართულებით;

ასევე კოალიცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეიმუშავოს ჰომო/ტრანსფობიური ძალადობის წინააღმდეგ ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რაც გულისხმობს როგორც სტრუქტურული პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ისე ამგვარი დანაშაულის მსხვერპლთათვის მხარდაჭერი სერვისების შექმნას; უზრუნველყოს ლგბტქი ადამიანებისა და თანასწორობის საკითხების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება; შეიმუშავოს ძალადობრივ ჯგუფებთან გამკლავების სტრატეგია.

„სათემო ორგანიზაციების პრაქტიკა ბოლო დროს ლგბტქი ადამიანების მიმართ სხვადასხვა ფორმის ძალადობის გაძლიერების ტენდენციაზე მიუთითებს. ეს ნათლად მიუთითებს ჰომო/ტრანსფობიური ძალადობის წინააღმდეგ ქმედითი პოლიტიკის სისუსტეზე. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციის ერთიანი და ქმედითი პოლიტიკა. ბოლო წლებში გატარებული პოზიტიური ცვლილებები სამართალდამცავ სისტემებში ძირითადად ინდივიდუალურ საქმეებზე, პოსტ-ფაქტუმ რეაგიების შედეგებით შემოიფარგლება, ზოგჯერ კი ეს რეაგირებაც შერჩევით და არათანმიმდევრულ ფორმებს იღებს. ამ კუთხით განსაკუთრებით თვალშისაცემია ულტრა-კონსერვატიული ჯგუფების მხრიდან მომდინარე ძალადობის ფაქტებზე აშკარად არაეფექტიანი რეაგირებისა და ძალადობის ორგანიზატორების სამართლებრივი პასუხისმგებლობის შეწყნარების პრობლემა. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის პოლიტიკაში კვლავ სუსტი რჩება მსხვერპლის სამართლებრივ და ფსიქო-სოციალურ დაცვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული მიდგომები და მგრძნობელობა.

ლგბტქი ადამიანების მიმართ განხორციელებულ სისტემური ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი გულგრილობა და ძალადობრივი ჯგუფების დემონსტრაციული დაუსჯელობა კიდევ უფრო მეტად აღრმავებს თემის წევრების ჩაგვრას და ინსტიტუციებისადმი უნდობლობას“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.