შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, „სქროლვა-სქრინვის სამმართველოს“ „ეფექტი ისაა, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა [შეურაცხმყოფელი] ქმედებები“.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დარახველიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია „აზრის გამოხატვა, თუ ის არ გადადის ზღვარგადასულ ლანძღვა-გინებასა და კონკრეტულ ადამიანებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებაში“.
„სქროლვა-სქრინვის სამმართველომ“, იმავე „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“, რომელიც 2026 წლის 1 ივნისს შეიქმნა, 2 კვირაში საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარუდგინა. ზოგ საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტებისა თუ კომენტარების გამო რამდენიმე ადამიანი 2000-დან 4000 ლარამდეცაა დაჯარიმებული.
საქმეები შევიდა ბიძინა და ბერა ივანიშვილებზე დაწერილი FB პოსტების გამო, ასევე, დააჯარიმეს პირები რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შესახებ დაწერილი კომენტარებისთვის.
დარახველიძის თქმით, „გამოითქვა მოსაზრება, რომ სამმართველო მარტო ერთი კონკრეტულ მხარის სასარგებლოდ მოქმედებს“, თუმცა ასე არ არის.
„კარგად ნახეთ, რომ დაჯარიმდნენ ადამიანები, რომლებმაც მაგალითად, კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ გამოიჩინეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება და გამოხატეს პოზიცია საჯარო სივრცეში. გამოხატვის თავისუფლებით დაცულია კონკრეტული პირების უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი პოზიცია, მაგრამ ეს გამოხატვა არ უნდა ლახავდეს სხვა ადამიანის ღირსებას.
როგორც კი სხვა ადამიანის ღირსებას ლახავს, ეს არის ლანძღვა-გინება და ეს ყველაფერი არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა, მოვახდინოთ რეაგირება. ეფექტი არის ის, რომ ჩვენი თანამშრომლები ნამდვილად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო ასეთი შემთხვევები, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ასეთი ქმედებები“, – თქვა მან.