დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტს, „მინიმალური ხელფასის ოდენობასთან” დაკავშირებით, პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა.
კანონპროექტი შემუშავებულია „მომსახურების და ჯანდაცვის სფეროების პროფკავშირი სოლიდარობის ქსელისა“ და „პროფკავშირების ახალი გაერთიანების” ავტორობით.
„საქართველოში მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია 1999 წლის შემდეგ. ქვეყანაში დაახლოებით 900 ათასი დასაქმებულიდან 229 ათასი დასაქმებულის ხელფასი თვეში 250 ლარზე ნაკლებია. მათ შორის არიან მედმუშაკები, მასწავლებლები და მომსახურების სფეროში დასაქმებულებიც. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი საქართველოში მინიმალური ხელფასის გაზრდის წინააღმდეგია, ვხედავთ, რომ ჩვენ რეგიონში ყველაზე დაბალი და თითქმის 21-ჯერ უფრო ნაკლები გვაქვს განსაზღვრული მინიმალური ხელფასი ჩვენს შემდეგ ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასის ქვეყანასთან შედარებით”, – წერს „სოლიდარობის ქსელი” facebook-ზე.
მათი თქმით, კანონპროექტი მინიმალური ხელფასის 20 ლარიდან 500 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.
კანონპროექტის შინაარსის შესახებ ვრცლად გაეცანით „პუბლიკის” მასალას არქივიდან.
აღსანიშვანია, რომ „მინიმალურ ხელფასთან” დაკავშირებით ჩანაწერი ასევე ამოიღეს დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის საკანონმდებლო ინიციატივიდან.