„უმნიშვნელოვანესია მინიმალურ ხელფასზე ჩანაწერის შენარჩუნება“ – შრომის რეფორმის განხილვა კომიტეტზე

პუბლიკა

ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით დაიწყო შრომის კანონმდებლობაში დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებული კანონპროექტის განხილვა.

კომიტეტზე საკითხის განხილვას ესწრებოდნენ შრომის კანონმდებლობაზე მომუშავე ორგანიზაციები, ასევე გაერთიანებული პროფკავშირებისა და პროფესიულ კავშირ „სოლიდარობის ქსელის“ წევრები.

მათ ყურადღება გაამახვილეს იმ საკითხებზე, რომლებსაც აღნიშნული კანონპროექტი ვერ ფარავს და პარლამენტს მათი შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდეს.

ერთ-ერთი ასეთი პრობლემური თემაა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული საკითხი და ის, რომ ინიცირებული ვარიანტიდან ამოღებულია აღნიშნული ჩანაწერი.

ინიცირებულ ვარიანტში აღნიშნული იყო, რომ შრომის ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს მინიმალურ ხელფასზე ნაკლები და იქვე ჩნდებოდა ვალდებულება, რომ მთავრობას შეემუშავებინა შესაბამისი საკანონმდებლო აქტები და პროექტით პარლამენტისთვის მიემართა.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, რაისა ლიპარტელიანის თქმით, პროექტიდან მინიმალურ ხელფასზე ჩანაწერის ამოღება ხელწამოსაკრავი საკითხი არაა და ძალიან მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება პროექტში.

„ჩვენს საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელზეც, სხვათა შორის, თქვენმა კომიტეტმა განხილვის შემდეგ გვითხრა, რომ სჯობდა, ერთ პაკეტში განგვეხილა, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ახლაა ეს დრო. ნუ ვიტყვით ჩვენ, რომ მინიმალურ ხელფასს არ ექნება ეფექტი. თუნდაც ის შემოთავაზება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, იყო ძალიან კომპრომისული ვარიანტი, საშუალო ხელფასის 30% – 126 000 ადამიანის, დასაქმებულის ბედს აუმჯობესებს ქვეყანაში იმიტომ, რომ ამ ადამიანებს, ოფიციალური სტატისტიკით, აქვთ გაცილებით დაბალი ხელფასი და ეს მთლიანად, დაქირავებით დასაქმების 15%-ია. ანუ ეს არ არის პატარა სეგმენტი და ნუ ვიტყვით, რომ ასე ხელწამოსაკრავი და არაფრისმომცემია მინიმალური ხელფასის დაწესება“, – განაცხადა მან.

ამავე საკითხზე გაამახვილა ყურადღება „სოლიდარობის ქსელის“ იურისტმა, დავით ომსარაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რა მიზეზით ამოიღეს მინიმალური ხელფასის ჩანაწერი.

„როგორც მოგეხსენებათ, კანონპროექტი მინიმალური ხელფასის შესახებ უკვე არის დარეგისტრირებული პარლამენტში [იგულისხმება დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტი] და უახლოეს მომავალში განიხილავენ მას. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და, ზოგადად, მინიმალურ ხელფასთან. რატომ ვკითხულობ ახლა ამას: თქვენ ამბობთ, რომ 125% უნდა მიეცეს დასაქმებულს ზეგანაკვეთურის ანაზღაურებისთვის. თუ არ გვექნება მინიმალური ხელფასი დადგენილი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, ხელფასი ხელოვნურად დაწიონ და შემდგომ, შესაბამისად, იმავეს გადაიხდის დამსაქმებელი, რასაც იხდიდა. უბრალოდ, მარტივი დათვლის საკითხია ეს. სხვანაირად დაითვლის ხელფასსა და ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას. იდეაში, დასაქმებული ვეღარ შეძლებს მიიღოს ის, რაც ჩვენ გვსურს“, – განაცხადა ომსარაშვილმა.

როგორც კანონპროექტის ავტორმა და ინიციატორმა დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, ამ ჩანაწერის ამოღება, ზოგადად, კანონპროექტის სულისკვეთებას არ ცვლის. მისი თქმით, მინიმალური ხელფასი უპირობოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად გავაძლიერებთ ქვეყანაში შრომით კოლექტივებს სამუშაო ადგილებზე. ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ  დარგების, პროფკავშირების ან ასოციაციების გაძლიერება მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ კოლექტიური მოლაპარაკების შესაძლებლობები უფრო მეტ ძალას ჰმატებს დასაქმებულებს, ვიდრე ინდივიდუალური.

ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ, რაც უფრო გავაძლიერებთ კონსულტაციისა და თანამშრომლობის კომპონენტს, მით მეტი ხელფასის მოპოვებას შეძლებენ დასაქმებულები დროთა განმავლობაში.

არ ვამბობ, რომ მინიმალური ხელფასი არ არის მნიშვნელოვანი. პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია და ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ ზოგიერთი რეფორმა წარმოუდგენელიც არის მინიმალური ხელფასის გარეშე. მაგრამ დღეს ის ჩანაწერი, რაც გვქონდა, განსაკუთრებულს არაფერს მოითხოვდა. ის ამბობდა, რომ შეიქმნას დამატებითი, სპეციალური კანონი. ეს იყო და ეს. ამის მოხსნა, ვფიქრობ, ამ კანონის სულისკვეთებას არ ცვლის, მაგრამ ის, რომ შრომის მინიმალური ხელფასი უნდა იყოს, ეს აუცილებელია, საბოლოო ჯამში. განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ჯანდაცვის კომიტეტზე პირველი მოსმენით საკითხის განხილვა ისევ გაგრძელდება. კომიტეტს საკანონმდებლო პაკეტზე კენჭი ჯერ არ უყრია.


საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს.

კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობითაა მომზადებული. მასთან ერთად ინიციატორები არიან – სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა.

საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს შრომის კოდექსში და ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ.