მინიმალური ხელფასის განხილვისას გამოჩნდება, რამდენად გულწრფელია დასაქმებულთათვის გადახდილი მადლობა - ნაცვლიშვილი

პუბლიკა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალისა თუ სუპერმაკეტებში დასაქმებულთათვის გადახდილი მადლობა რამდენად გულწრფელია, მაშინ გამოჩნდება, როდესაც პარლამენტში მინიმალური ანაზღაურების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყება.

„რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველა მადლობას ვუცხადებთ, ესენი არიან პირველ რიგში ექთნები, ექიმები, მედდები, მედძმები, სუპერმარკეტში დასაქმებული ადამიანები. მხოლოდ მადლობა არ არის მათთვის საკმარისი, არამედ მათთვის არის აუცილებელი ნორმალური შრომის პირობები და ანაზღაურება. ახლა რამდენიმე ხანში დაიწყება მინიმალური ხელფასის კანონის განხილვა ამ პარლამენტში, რომელიც არის ჩემი დარეგისტრირებული და თუ მადლობა ყალბი არ არის და გულწრფელია, მაშინ ამ კანონს მხარი დაუჭირეთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროგრესულ გადასახადსა და პრივატიზების პროცესზე.

„როდესაც სახელმწიფო სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიდგება საქმე, პასუხი ყოველთვის არის ერთი – ჩვენ გვაქვს მცირე ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა – ეს ჩვენი ბედისწერა ხომ არ არის?! ამის გამოსწორებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. დღეს ჩვენი ეკონომიკა რა არის? – საბჭოთა კავშირმა რაც შექმნა, იმის პრივატიზება და იმ პრივატიზებულის განადგურება და არასწორად გამოყენება. ტურიზმს ქილიკით კი არ ვუყურებთ, უბრალოდ ტურიზმი იცით, როგორი რაღაცაა?… ის ძეგლები თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ჩვენ ხომ არ შეგვიქმნია, ჩვენ რა შევქმენით ამ 30 წლის განმავლობაში? ერთი მთავრობის წარმომადგენლები სხედხართ, მეც ვიყავი უმრავლესობის წარმომადგენელი, თქვენ ხართ ახლა მთავრობის წარმომადგენელი და ვკითხულობ, ამ 30 წლის განმავლობაში რა ეკონომიკა შევქმენით? აქედან გამომდინარე ყოველთვის იქნება პასუხი, რომ ჩვენ გვაქვს მცირე ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა.

მაგრამ არც ღარიბი ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ უთანასწორო ქვეყანა. შეხედეთ ჩვენს საგადასახადო სისტემას, 500 ლარი ვისაც აქვს, ისიც 20%-ს იხდის და 8 000 ლარი ვისაც აქვს – ისიც. თქვენ კარგი ინიციატივა გქონდათ ბატონო გიორგი [გახარია] და შეგრძნების დონეზე ხვდებით ამას, რომ მაღალშემოსავლიამებმა მეტი უნდა გადაიხადონ. არამხოლოდ კრიზისის შემთხვევაში. როდესაც განაცხადეთ, რომ „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები იხდიან თავიანთი ხელფასის 30%-ს ფონდში. მაგრამ ეს ერთჯერადი აქტი კი არ უნდა იყოს, ამისკენ მოგიწოდებთ, რომ პროგრესული გადასახადია სოციალური სამართლიანობისა და დოვლათის გადანაწილების გარანტი ამ ქვეყანაში. სწორედ ეს ნაბიჯი უნდა გადადგათ იმიტომ, რომ ბიუჯეტში გარღვევა რომ იქნება, ერთადერთი სამართლიანი გზა, რომ ბიუჯეტი შეივსოს, სწორედ ეს იქნება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.