საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი, ჟურნალისტი, იმედა დარსალია, რომელიც გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანობიდან გათავისუფლების შემდეგ „შავ სიებზე“ ალაპარაკდა, დღეს ამ სიას ასაჯაროებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მან წაიკითხა იმ ადამიანების სახელები, რომლებიც, მისი მტკიცებით, შეყვანილები იყვნენ „შავ სიაში“.
„ეს არის ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის გაკეთებული შავი სია, საერთაშორისო ექსპერტების.
- რონდელის ფონდის ექსპერტების უმრავლესობა, განსაკუთრებით, ზურაბ ბატიაშვილი, რომელიც სრულიად უპარტიოა, კლასიკური ანალიტიკოსია და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
- ალექსი პეტრიაშვილი;
- თინა ხიდაშელი;
- ლაშა ბქარაძე – ისტორიულ, ძირითადად, საბჭოთა კავშირზე გაკეთებულ სიუჟეტებზე;
- ბოლო თვეებში დაბლოკილი იყო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და უმაღლესი დონის ყოფილი დიპლომატი ეკა აკობია;
- კავკასიოლოგი, თსუ-ის პროფესორი, არაპარტიული – ლელა ჯეჯელავა;
- დაბლოკილია ატლანტიკური საბჭოს ქართული წარმომადგენლობა;
- ბათუ ქუთელია – ორჯერ ჩაწერა ჟურნალისტმა რუსულ პროპაგანდაზე და ორივეჯერ შენიშვნა მიიღო;
რაც შეეხება თემებს ამ ჟურნალისტის შემთხვევაში, რომელიც საერთაშორისო თემებზე მუშაობს, უშუალოდ დაიბლოკა საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში; დაიბლოკა ბელორუსიის აქციები ანალიტიკურ ჭრილში – არხის მენეჯმენტს არ უნდოდა, ლუკაშენკას რეჟიმისადმი რეპორტაჟი კრიტიკული ყოფილიყო, რაც არის კატასტროფა. ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლო ამერიკასთან – როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, ისე რუსეთზე, ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია – ვციტირებ.
ეს ერთი ნაწილია კონკრეტული ჟურნალისტის „შავ სიაზე“, სხვა ჟურნალისტებზე ახლა ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა იმედა დარსალიამ.
მისი თქმით, 2 წლის განმავლობაში ანალიტიკურ გადაცემაში დაბლოკილი იყო პოლიტიკა, რომელიც „დიდი მცდელობის“ შემდეგ დაბრუნდა.
ამის შესახებ ვრცლად გადაცემის პოლიტიკის ჟურნალისტმა ისაუბრა:
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების სამართლებრივ ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს. ორგანიზაციის დახმარებით, ჟურნალისტები მიმართავენ სახალხო დამცველს შესაძლო დისკრიმინაციის დადგენისა და შრომით საქმიანობაში ჩარევასთან დაკაშირებით.