დავითგარეჯას კომპლექსში შემავალი საბერეების საკონსერვაციო - სარეაბილიტაციო სამუშაოებს იგეგმება - სააგენტო

ქრისტინე მუჯირი

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო დავითგარეჯას კომპლექსში შემავალი საბერეების საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს.

კომპლექსში არსებულ მდგომარეობასა და პროექტზე „პუბლიკას“ სააგენტოს წარმომადგენელი, ბექა ბარამიძე  ესაუბრა.

რა მდგომარეობაა დავითგარეჯას საბერეებში

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, კომპლექსში შემავალი საბერეების სტრუქტურული მდგომარეობა კრიტიკულია.

„საბერეები იყო კრიტიკულ მდგომარეობაში – ძეგლი, რომელიც ერთ-ერთია იმ უმნიშვნელოვანეს ძეგლებს შორის, კლდის ძეგლების სახით რომ მოიხსენიება საქართველოში. მათ შორის მრავლადაა ასეთი დავითგარეჯაში შემავალი კომპლექსებიდან. კლდოვანი მასივის გეოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე, სწორედ საბერეებია ყვლაზე დიდი რისკის ქვეშ და მიმდინარეობს კლდოვანი მასის დეგრადაციის პროცესი“, – თქვა ბექა ბარამიძემ.

ის აღნიშნავს, რომ საბერეების კლდოვანი სტრუქტურა მყიფეა. მისი შლის პროცესი აქტიურია და ერთიანობა თანდათან ირღვევა. 2020 წელს დაიწყო საბერეების კლდოვანი სტრუქტურის გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევა, მისი სკანირება, კრიტიკულად დაზიანებული უბნების გამოსავლენად. როგორც ბარამიძე ამბობს, ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და რეაბილიტაციის ცენტრთან ერთად მალე დასრულდება კვლევითი სამუშაოები და მიმდინარე წელს დაიწყება ფიზიკური სამუშაოები.

„ამ კუთხით ჩვენ გარკვეული გამოცდილება უკვე დაგვიგროვდა ვარძიის კლდოვანი მასის კონსერვაციისას, რომელშიც ასევე იყვნენ ჩართულები საერთაშორისო დონის სპეციალისტები.  განსხვავებით ვარძიისგან, საბერეების სტრუქტურა (გეოლოგიური) არის ბევრად უფრო რთული და განსხვავებული, ბევრად უფრო მყიფე და უფრო მგრძნობიარე გარემოს ზემოქმედების მიმართ“, – თქვა მან.

საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და გარეჯას საქმე

ბექა ბარამიძის თქმით, სააგენტოს მიერ დაგეგმილი სამუშაოები კავშირში არ არის გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესთან და საბერეების კლდოვანი მასისა და მოხატულობის საკონსერვაციო სამუშაობის დაწყებაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. ბარამიძის თქმით, 2018 წელს კონსერვაცია ჩაუტარდა კომპლექსში შემავალი ძეგლის – „დოდოს რქის“ მხატვრობას.

„ჩვენი მთავარი ამოცანა დავითგარეჯასთან მიმართებით არის ძეგლთა დაცვითი მიმართულება და ეს პროცესი რამდენიმე წელია დაიწყო. ასეთი ყურადღება გამოხატულია დავითგარეჯას კომპლექსში შემავალ სხვა ძეგლებზეც –  „დოდოს რქაზეც“, სადაც მხატვრობის კონსერვაცია უკვე განვახორციელეთ 2018 წელს. იმავე ტიპის ქმედებები გაცილებით უფრო ადრე წარიმართა დავითის ლავრაზე“, – თქვა ბექა ბარამიძემ.

როგორც ის ამბობს, 2018 წელს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც მოწვეული იყო აზერბაიჯანის მხარეც და ქართულმა მხარემ გამოთქვა თანამშრომლობის მზადყოფნა იმ ძეგლებთან დაკავშირებითაც, რომელიც ან სადავოა, ან კიდევ აზერბაიჯანის იურისდიქციის ქვეშაა მოქცეული.

„მათთან მიმართებაშიც ჩვენ ღიად და ცხადად გამოვხატეთ ინტერესი, რომ ჩავერთოთ კვლევით პროცესში ან სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო აუცილებელ სამუშაოებში, რომელიც ამ ძეგლებთან მიმართებით შეიძლება იყოს გამოკვეთილი.  ჩვენ მზად ვართ, მათთან ერთად ჩავერთოთ და ის პროფესიული გამოცდილება, რაც გვაქვს, მოვახმაროთ ამ ძეგლების ფიზიკურ გაჯანსაღებას“, – თქვა მან.

***

 2018 წელს კულტურის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დავითგარეჯა „ევროპა ნოსტრას“ მსოფლიოს საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა. „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ ფინალისტები კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაციამ, „ევროპა ნოსტრამ“ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა დაასახელა.

„განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ მიზნად ისახავს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაციას, განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად. „ევროპა ნოსტრა“ უზრუნველყოფს შერჩეული 7 ძეგლისთვის, ადგილზე ვიზიტის საფუძველზე, დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნომინაცია, ასევე, იძლევა საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის როგორც კერძო, ასევე საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით.

„ჩვენ ამ კუთხით ამ ძეგლის მიმართ აღვძარით საერთაშორისო ინტერესი და ამავდროულად შევეცადეთ, ამ გზით საკონსერვაციო პროცესში ჩაგვერთო საუკეთესო საექსპერტო გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები და ამავე დროს გვქონოდა „ევროპა ნოსტრასა“ და მისი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების კუთხით მსოფლიო ფინანსური ორგანიზაციებიდან ფინანსური მხარდაჭერის მოძიების შესაძლებლობა. ამ ფარგლებში ზუსტად ვერ გეტვით რამდენი, მაგრამ ფინანსური მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე რაღაცა სახით გვაქვს, თუმცა საჭიროა სახელმწიფო დონეზე ფინანსების მოძებნა“, – განუცხადა „პუბლიკას“ ბექა ბარამიძემ.

2021 წლის დასაწყისში Icomos-ის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით საფრთხეში არსებული ძეგლების ჩამონათვალია, მათ შორის – საქართველოდან. ესენია:  ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, ხადის ხეობა და დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი, რომლის შემადენელი ნაწილიცაა საბერეები.

გთავაზობთ ანგარიშის იმ ნაწილის თარგმანს, რომელიც დავითგარეჯას ეხება

დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი VI საუკუნეში დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული, რელიგიური და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლია.

სამონასტრო კომპლექსი ასევე მნიშვნელოვანია თავისი მოხატულობით, რაც VIII-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ძეგლის ღირშესანიშნაობას ასევე განაპირობებს მისი ადგილმდებარეობაც. ის მდებარეობს ნახევრად უდაბნოში, გამორჩეულია ბიომრავალფეროვნებითა და ეკოსისტემით.

დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსის მთავარი პრობლემაა კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის არასტაბილურობა, კლდის მდგრადობა, მუდმივი ეროზია, რის გამოც კომპლექსის ზოგიერთი ნაწილი ნაწილობრივ ჩამოინგრა.

 გარდა იმ პრობლემებისა, რომლებიც ქვის არამდგრადობის, მეწყერის საფრთხისა და ცუდი ამინდის პირობებში ვლინდება, დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსზე ცუდად აისახება დაურეგულირებელი ტურიზმი.

ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ ტერიტორიებაზე შესვლა, რაც ძეგლისთვის შეუსაბამო მოპყრობის რისკს აჩენს. ამავე დროს ძეგლზე უარყოფითად მოქმედებს გეოგრაფიულ-ტერიტორიული საკითხიც. მისი ნაწილი არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რის გამოც ის ნაკლებად ხელმისაწვდომია ქართველი მკვლევრებისთვის.

ძეგლის დასაცავად სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებია საჭირო. დავითგარეჯას კომპლექსის მასშტაბიდან და არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, მისი კონსერვაცია გრძელვადიანი პროცესია, რომელიც კვლევებისა და საკოსერვაციო სამუშაოების გარდა, მის ყოველდღიურ მოვლასაც გულისხმობს.

 გასატარებელ ღონისძიებებს შორის შედის მისი სრული ინვენტარიზაცია და მულტისდისციპლინური შესწავლა. ასევე, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ძეგლის კონსერვაციისა და გენერალური გეგმის შემუშავება. ძეგლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის გათვალისწინებული უნდა იყოს რეგიონული თუ ეროვნული მასშტაბის დოკუმენტებში. მაგალითად, როგორიცაა, საგარეჯოს, სიღნაღისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმები; განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრატეგიული, ასევე – ტურიზმისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოების დოკუმენტები.