ბათუმი, ხადის ხეობა და დავითგარეჯა | საფრთხის ქვეშ მყოფ მსოფლიო ძეგლებს შორის

ქრისტინე მუჯირი

Icomos-ის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით საფრთხეში მყოფი ძეგლების ჩამონათვალია მოცემული. ანგარიშში ასახულია 2016-2019 წლებში მსოფლიოს 23 ქვეყნის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლები, მათ შორის საქართველოდან. ესენია – ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, ხადის ხეობა და დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი.

როგორც Icomos-ის ადგილობრივი ეროვნული კომიტეტი წერს, აღნიშნული ინფორმაცია საქართველოდან 2019 წელს იქნა წარდგენილი, თუმცა აქ წამოჭრილი პრობლემები დღემდე აქტუალურია.

გთავაზობთ ანგარიშის იმ ნაწილის თარგმანს, რომელიც საქართველოს ეხება.

ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშაა

ბათუმის ურბანული განვითარება მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება და ამაში დიდი წვლილი შეიტანა პორტმა, რომელიც გზას უხსნიდა მსოფლიოში ბაქოდან ნავთობის ტრანსპორტირებას. ქალაქი შემოსაზღვრული იყო ხეობით და სანაპიროს გასწვრივ იყო გაშენებული. დასახლება ითვალისწინებდა გარემოს სპეციფიკას.

ისტორიული ბათუმის უნივერსალური ღირებულება განისაზღვრებოდა მისი ერთგვაროვანი ურბანული ქსოვილით, სპეციფიკური ლანდშაფტითა და ზღვისპირა ქალაქის იდენტობით. მხატვრულ-არქიტექტურული თვალსაზრისით, ძველი ბათუმის არქიტექტურას გამოარჩევს მრავალფეროვნება და სხვადასხვა სტილის სინთეზი – ეკლექტიზმი. ხასიათდება ნეოკლასიკური, ბაროკოს, გოთური სტილის მოტივებით, რომელიც უფრო გვიან პერიოდში მოდერნიზმით, რომანტიზმითა და კონსტრუქტივიზმით ჩანაცვლდა.

მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის დასაწყისის ბათუმი შედგებოდა სწორი და მყუდრო ქუჩათა ქსელისგან, შენობების რიგისგან, რომლებიც მხატვრული თვალსაზრისით იყო ზომიერი, სადა ფასადებითა და დახურული ეზოებით. ქალაქს ჰქონდა ეგზოტიკური გამწვანება, რომელიც მხოლოდ ბათუმისთვის იყო დამახასიათებელი. გამომდინარე აქედან, ბათუმი მიეკუთვნება ისეთი ქალაქების რიგს, რომლებიც მდიდარია თავისი კულტურული მემკვიდრეობით და განსაკუთრებულია გარემოთი. ქალაქის ასეთი გამომსახველობითი მხატვრულ-არქიტექტურული სურათი ამ ორი კომპონენტის შეთავსებით ჩამოყალიბდა.

ბათუმის მთავარი გამოწვევაა, იმ ურბანული ქსოვილის შენარჩუნება, რომელიც ამ მცირე პერიოდში ჩამოყალიბდა. 2009 წელს დაიწყეს, ე.წ. რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც ისტორიული შენობების მოდერნიზაციის პრინციპებს უფრო ემყარებოდა, ვიდრე კონსერვაციის პრინციპებს. ამ პროექტის ფარგლებში მრავალმა შენობამ დაკარგა ისტორიული ნიშნები, ზოგიერთი მათგანი კი დაანგრიეს და ჩაანაცვლეს ადგილისთვის შეუსაბამო მასშტაბური შენობებით. ძველი უბნების ინტიმური გარემო, ურბანული რიტმი, სტილისტური სიმარტივე „რენოვაციას“ შეეწირა.

2007 წელს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის შესაბამისად, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარების ჩარჩო-გეგმა, სადაც ისტორიული ნაწილის კონსერვაციის ძირითადი პრინციპებია განსაზღვრული.

მიუხედავად ამისა, ძველი ბათუმის ცენტრში პროცესები გახდა უმართავი და ქალაქის ურბანული მემკვიდრეობა საფრთხის წინაშე დადგა, რამაც პროტესტი გამოიწვია, როგორც პროფესიულ ჯგუფებში, ისე მემკვიდრეობის დაცვის ჯგუფებსა და ადგილობრივ საზოგადოებაში.

მთავარი პრობლემაა, რომ დაინტერესებულ მხარეებს არ აქვთ გააზრებული ისტორიული, ძველი ბათუმის ღირებულებები. ამას ადასტურებს ადგილობრივი მთავრობის მიერ მიღებული არათანმიმდევრული პოზიცია და მათი სუსტი პოლიტიკური ნება, როდესაც საქმე ეხება ბათუმის ისტორიული ნაწილის მართვას. მაგ: 2018 წელს გამოაშკარავდა, რომ ბათუმის მერიამ დაცვის ზონიდან ამოიღო ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც იგეგმება 5 ცათამბჯენის მშენებლობა და ხელოვნური არხის გაყვანა იახტკლუბისთვის (ბათუმის რივიერა). მაშინ, როცა ბათუმის, ძველი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი სწორედ რომ ძველი ნავსადგურია.

დეველოპერების მიერ შემოთავაზებული გეგმა საბოლოოდ გაანადგურებს ბათუმს, როგორც ისტორიულ სანაპირო ქალაქს. ის ერთმანეთისგან გამიჯნავს ზღვისგან ბათუმის ისტორიულ ბირთვსა და მის მიმდებარე გარემოს.

ეს საკითხი საზოგადოების მუდმივ პროტესტს იწვევს.

ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის სისტემა ემყარება მხოლოდ პროცედურულ საკითხებს და ის სრულიად დაცლილია რაიმე მნიშვნელობისგან. ეს სისტემა ფოკუსირებულია ისტორიულ უბნებში მშენებლობის ნებართვების გაცემაზე, პროფესიონალური ექსპერტიზის გარეშე. არ არსებობს ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის სააგენტო, რომელიც  ისტორიულ უბნებში პროცესების სწორად წარმართვას გაუწევდა კოორდინაციას.

კონსერვაციის ექსპერტები და საზოგადოება ითხოვს, რომ:

შეიქმნას გეგმა, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს ისტორიული უბნების მართვის იმ ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლებიც უკვე არსებობს. დაარსდეს ურბანული მემკვიდრეობის მართვის სააგენტო; ადგილობრივი მოსახლეობა უნდა წახალისდეს, რომ ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გაუქმდეს ცათამბჯენების მშენებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და შეჩერდეს ისტორიული ბათუმის ნგრევა.

 

დავითგარეჯა

დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი VI საუკუნეში დაარსდა და ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული, რელიგიური და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლია. სამონასტრო კომპლექსი ასევე მნიშვნელოვანია თავისი მოხატულობებით, რომლებიც VIII-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ძეგლის ღირშესანიშნაობას ასევე განაპირობებს მისი ადგილმდებარეობაც. ის მდებარეობს ნახევრად უდაბნოში, გამორჩეულია მისი ბიომრავალფეროვნებითა და ეკოსისტემით.

დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსის მთავარი პრობლემაა კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის არასტაბილურობა, კლდის მდგრადობა, მუდმივი ეროზია, რის გამოც კომპლექსის ზოგიერთი ნაწილი ნაწილობრივ ჩამოინგრა.

გარდა იმ პრობლემებისა, რომლებიც ქვის არამდგრადობას, მეწყერის საფრთხეებსა და ცუდი ამინდის პირობებში ვლინდება, დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსზე ცუდ გავლენას ახდენს დაურეგულირებელი ტურიზმი. ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ ტერიტორიებზე შესვლა, რაც ძეგლისთვის შეუსაბამო მოპყრობის რისკს აჩენს.

ამავე, დროს ძეგლზე უარყოფითად მოქმედებს გეოგრაფიულ-ტერიტორიული საკითხიც. მისი ნაწილი არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რის გამოც ის ნაკლებად ხელმისაწვდომია ქართველი მკვლევრებისთვის. ძეგლის დასაცავად სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებია საჭირო.

დავითგარეჯას კომპლექსის მასშტაბიდან და იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც მას აქვს, მისი კონსერვაცია გრძელვადიანი პროცესია, რომელიც კვლევებისა და საკოსერვაციო სამუშაოების გარდა, მის ყოველდღიურ მოვლასაც გულისხმობს.

გასატარებელ ღონისძიებებს შორის შედის მისი სრული ინვენტარიზაცია და მულტისდისციპლინური შესწავლა. ასევე, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ძეგლის კონსერვაციისა და გენერალური გეგმის შემუშავება. ძეგლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის გათვალისწინებული უნდა იყოს რეგიონალური თუ ეროვნული მასშტაბის დოკუმენტებში. მაგალითად, როგორიცაა, საგარეჯოს, სიღნაღისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმები; განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ინფრსატრუქტურის სამინისტროს სტრატეგიული დოკუმენტები, ასევე ტურიზმისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოების დოკუმენტები.

ხადის ხეობა

საქართველოს მთავრობამ წამოიწყო რეგიონალური განვითარების პროგრამა (2018-2021), რომლის მიზანია საქართველოს გზების გაუმჯობესება, მათ შორის ჟინვალი-ლარსის გზის მოდერნიზაცია, რომელიც კავკასიონის მთებს კვეთს.

ლარსი-ჟინვალის გზის ერთ-ერთი რთული მონაკვეთია ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, მისი ძირითადი ნაწილი ხადის ხეობაშია. აუცილებელია ამ საგზაო მონაკვეთის გავლენის შეფასება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.

2018 წლის ივლისში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ქალბატონი ნინო თანდილაშვილის წერილის საპასუხოდ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხადის ხეობა მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის არეალების სიუხვით ხასიათდება. ამ ეტაპისთვის, ეს არეალები სრულად არ არის იდენტიფიცირებული და შესწავლილი. წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ იყო შესრულებული და ტერიტორიის არქეოლოგიური შეფასების დოკუმენტი, რომლის წარდგენაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით არის განსაზღვრული, არ წარუდგენიათ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის.

ხადის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ამ პროექტის გავლენა დღემდე არ შესწავლილა და შეფასებულა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხადის ხეობაში ბევრი ადრეული შუა საუკუნეების პერიოდის თავდაცვითი და საეკლესიო ძეგლი გვხდება. ასევე, ხეობა მდიდარია ეპიგრაფიკული ძეგლებით და ყოველივე ეს განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩრდილოეთ საქართველოს კულტურის ნაწილში.

ხადის ხეობაში, რომელიც თბილისის მახლობლად მდებარეობს, მიმოფანტულია პატარა სოფლები, ტრადიციული საცხოვრებლებით. გარდა ამისა, ხეობაში შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები ადასტურებს ადამიანის უწყვეტი ცხოვრების კვალს ენეოლითის ხანიდან. ციხესიმაგრეები, კოშკები, ეკლესიები, მემორიალური ადგილები, ქვები წარწერებით ქმნის ჰარმონიულ ერთიანობას ამ ბუნებრივ გარემოში. მისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ არის შეფასებული და შესწავლილი.

უნდა აღინიშნოს, რომ არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლები – ეკლესიები, კოშკები და სხვა ნაგებობები (მე-9, მე-10, მე-18 და მე-19 სს) ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და სერიოზულ მოვლას საჭიროებს.

შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, ისტორიული შენობების ერთი ჯგუფი დაგეგმილი სამშენებლო ზონიდან მხოლოდ 50 მეტრითაა დაშორებული, რაც მნიშვნელოვან ზარალს გამოიწვევს.

ამ საკითხის შესახებ საქართველოს გზების დეპარტამენტმა ყურადღება გაამახვილა 2019 წლის მარტში წარდგენილ გეგმაში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შესთავაზა.  თუმცა იქ ნათქვამია, რომ ძეგლების უმეტესობა გზის პროექტიდან 100 მეტრითაა დაშორებული.

რისკი ძალიან მაღალია ამ პატარა ხეობისთვის და მისი კულტურული ძეგლებისთვის, რომლებიც გზიდან 50 მეტრის დაშორებით იქნებიან განლაგებულნი. არ ხდება ამ ადგილების აღრიცხვა და კვლევა, რაც სერიოზულ ეჭვებსა და კითხვებს აჩენს პროექტის მიმართ.

შემოთავაზებულმა პროექტმა გამოიწვია პროტესტი სხვდასხვა პროფესიულ ჯგუფსა და ორგანიზაციაში.

პროექტი სასწრაფოდ მოითხოვს, რომ გამოიძებნოს ალტერნატიული გადაწყვეტილება აღნიშნულ მონაკვეთზე, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ხადის ხეობის ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრებას.

გადადით ბმულზე და წაიკითხეთ ანგარიშის სრული ვერსია


ICOMOS ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოა, ის არის გლობალური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასოცირებულია UNESCO-სთან. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ძეგლების, შენობათა კომპლექსებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების კონსერვაციას, დაცვას, გამოყენებასა და განვითარებას.