დეზინფორმაციის ნაწილი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების „მასობრივ“ და „უკონტროლო“ შემოდინებაზე ინფორმაცია - სუსი

პუბლიკა

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2022 წლის ანგარიშში გამოქვეყნდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ  „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღდმეგ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ რეგიონში შექმნა უმძიმესი ვითარება და საქართველო ურთულესი გამოწვევების წინაშე დააყენა.

„საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ პროცესებს თან ერთვოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამწვავების მცდელობები. ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების გარემოს აზიანებდა მტრულად განწყობილი სუბიექტების მიერ საზოგადოების მეტი პოლარიზაციისკენ მიმართული აქტივობები, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეფერხების მცდელობები, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისკენ მოწოდება, “- წერია ანგარიშში. 

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი იყო უცხო ქვეყნების მოქალაქეების „მასობრივი“ და „უკონტროლო“ შემოდინების შესახებ წარმოებული კამპანია. სახელმწიფო უსაფრთხიების სამსახურის ცნობით, ეს დეზინფორმაცია ემსახურებოდა „საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას და მოსახლეობაში პროტესტის ხელოვნურად გაღვივებას“.

„მიმდინარეობდა საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და საფრთხის შემცველი სუბიექტების არსებობის შესახებ ინფორმაციით.

სამსახურის მიერ დასაბუთებული ინფორმაციის არაერთგზის გავრცელების მიუხედავად, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები განაგრძობდნენ სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, “- ნათქვამია ანგარიშში.

როგორც სუსში ამბობენ,  ეს კამპანია იყო მიმართული „ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხო გარემოს დაზიანებისკენ“.

მოცემულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს „ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო“ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა ცალკეული სახელმწიფოების ასობით მოქალაქეს.

„ვიზიტორთა ნაკადში ასევე გამოვლინდნენ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ და ღიად გამოხატავდნენ საქართველოს ინტერესების საზიანო განწყობებს. მათ მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები  და გამოყენებულ იქნა სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები“, – წერს ანგარიშში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ანგარიშში ასევე საუბარია, რომ სანქციებისათვის თავის არიდების შესაძლო ფაქტების გამოვლენის მიზნით, კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოში დროებით მცხოვრები ოპერატიულად საყურადღებო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში იურიდიული პირების დაფუძნების ფაქტები.

„ამასთან, ტარდებოდა შესაბამისი ზომები სანქციებისგან თავის არიდების მიზნით ქართული კომპანიების შესაძლო გამოყენების აღსაკვეთად. საანგარიშო წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციები იდენტიფიცირებული არ ყოფილა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ვკითხულობთ იმასაც, რომ 2022 წელს იყო ქვეყანაში ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური  ნივთიერებების უკანონო შემოტანის და სხვადასხვა ქვეყანაში შემდგომი რეალიზაციის მცდელობის ფაქტებიც, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აღიკვეთა მათ მიერ. მათივე ცნობით,„რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 3 პირი”.

სუსის ანგარიშის მიხედვით, ასევე, გამოავლინეს, უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც უკანონო გზებითა და ფიქციური დოკუმენტებით ცდილობდნენ საქართველოში ცხოვრების ნებართვის მიღებას.

მათივე ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც სურდათ საქართველოში ცხოვრების ნებართვის მიღება იყვნენ ისეთი პირებიც, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობივი სამართალდამცავი უწყებების მიერ იძებდნებოდნენ.

„საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვის მინიჭების მიზანშეწონილობა განვიხილეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების 63 000-ზე მეტ საქმეზე. საქართველოს მოქალაქეობის სხვადასხვა წესით მინიჭებასთან დაკავშირებით, მათ შორის აღდგენა/შენარჩუნებაზე, განხილული იყო დაახლოებით 22 000 საქმე,” – ნათქვამია ანგარიშში. 

სახელმწიფო უსაფრთხოების 54 გვერდიანი ანგარიში, რომელიც უწყების 2022 წლის საქმიანობას შეეხება, პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. საკანონმდებო ორგანოში ანგარიშს ხვალ განიხილავენ.