დიდი ბრიტანეთმა და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს. შესაბამის დეკლარაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 12 ნოემბერს დუბლინში მოაწერეს ხელი.
დეკლარაციის თანახმად, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: თავდაცვა და უსაფრთხოება, ვაჭრობა, ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა, ასევე განათლება და ინოვაციები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის სამხედრო წვრთნების, შესაძლებლობების განვითარებისა და თავდაცვის მრეწველობის მიმართულებით. ასევე გათვალისწინებულია სამართალდამცავ უწყებებს შორის პარტნიორობის, საზღვრის მართვისა და სასამართლო-სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავება.
ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში დიდი ბრიტანეთი და აზერბაიჯანი მიზნად ისახავენ ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განახლებად ენერგიას, ინფრასტრუქტურას, მომსახურების სფეროსა და ბიზნესებს შორის პირდაპირი კავშირების განვითარებას.
მხარეები ასევე ადასტურებენ შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერას და აცხადებენ, რომ ითანამშრომლებენ სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონულ დაკავშირებადობას, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასა და ინვესტიციებს. დეკლარაცია ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას სუფთა ენერგიის, მწვანე დაფინანსებისა და დაბალნახშირბადიანი ტექნოლოგიების მიმართულებით.
დოკუმენტის მესამე მიმართულება განათლებასა და ინოვაციებს ეთმობა. მხარეები შეთანხმდნენ, გააღრმაონ თანამშრომლობა უმაღლესი და პროფესიული განათლების, ციფრული და ტექნიკური უნარების განვითარების, სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიების სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხელოვნურ ინტელექტს, ციფრულ მმართველობასა და უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის პარტნიორობას.
დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მნიშვნელობა. დიდი ბრიტანეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ორი ქვეყნის ძალისხმევისადმი, მიაღწიონ რეგიონში მდგრად მშვიდობას ორმხრივი დიალოგის გზით. ამ კონტექსტში დოკუმენტი აღნიშნავს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის დეკლარაციას და მიესალმება შემდგომ სამშვიდობო ნაბიჯებს.
სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მხარეები ყოველწლიური შეხვედრების გამართვაზეც შეთანხმდნენ. შეხვედრების მიზანი დეკლარაციით გათვალისწინებული მიმართულებებით მიღწეული პროგრესის შეფასება, სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა და თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯების შეთანხმება იქნება.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებსა და პრაქტიკულ თანამშრომლობას ეფუძნება.