დიღმის ჭალებში უკანონოდ აშენებული ობიექტების დემონტაჟი დაიწყო

პუბლიკა

დიღმის ჭალებში აღსრულების ბიურომ და მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო საწარმოებისა და ობიექტების დემონტაჟი დაიწყო.

ადგილობრივი მოსახლეობა დიღმის ჭალებში ქვა-ღორღის მოპოვება-გადამუშავების უკანონო საწარმოების წინააღმდეგ და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო, რამდენიმე წელია, იბრძვის.

2021 წელს გარემოს სამინისტრომ კომპანიებს ქვა-ღორღის მოპოვება-გადამუშავებისთვის საჭირო ნებართვა გაუუქმა, თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ კი ჭალებში სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების გამო კომპანიები დააჯარიმა და სამუშაოების დემონტაჟი დაავალა, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება ამ დრომდე არ იწყებოდა.

დიღმის ჭალების მცველმა, აქტივისტმა ანა ტრაპაიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ დღევანდელი პროცესი სწორედ 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაა.

ანა ტრაპაიძე „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ კომპანიებმა სასამართლოს მიმართეს, თუმცა აქტივისტები საქმის დეტალებს არ იცნობენ, რადგან ინსპექციის გადაწყვეტილება აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა.

„მუნიციპალურმა ინსპექციამ 2021 წელს კომპანიებს მისცა ვადები, რომ დაემტკიცებინათ, რომ აქ სამუშაოები ლეგალური იყო, რაც ვერ დაამტკიცეს, მერე საქმე გადაეცა აღსრულების ბიუროს. იქაც შეფერხდა, რადგან პროცესები გასაჩივრდა, თუმცა, საბოლოოდ, ნება წამოვიდა, რომ აქაურობა დასუფთავდეს.

შეტყობინება არ მიგვიღია, მოულოდნელად, გუშინ დაუწყიათ და გუშინ და დღეს გაიტანენ რაღაცებს. რაც აქ არის, არ უყურებენ ვისი რა არის, ყველაფერს ანგრევენ. სახლი იდგა, რომელიც არ მეგონა, თუ დაინგრეოდა, ისიც დაანგრიეს. კედელი, რომელზეც ადრე მექანიზმი იდგა, ისიც ჩამოანგრიეს, ბეტონის დანადგარიც მოჭრეს, რაც არის, ყველაფრის დემონტაჟი დაიწყო“, – გვითხრა ანა ტრაპაიძემ.

მისივე თქმით, მალე ტენდერი გამოცხადდება დიღმის ჭალების პატარა პარკის პროექტზე, რომელიც 8 ჰექტარს ითვალისწინებს; პარალელურად, თბილისის მერიის დაკვეთით, გასული წლის ივლისიდან მუშაობენ დიღმის ჭალების აღდგენის სტრატეგიაზე.

„ეს არის მერიის დაკვეთით, აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და საერთაშორისო კომპანია ახორციელებს. საჯარო შეხვედრები გაიმართა. 200 ჰექტრამდე ტერიტორიაზე აკეთებენ კვლევას, რომ მაქსიმალურად აღადგინონ სარეკრეაციო სივრცე.

სტრატეგიის რისკი ისაა, რომ შეიძლება, მერიამ არ გაითვალისწინოს, ეს რისკი სულ არსებობს. ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ, ეს ტერიტორია ახლა რომ გათავისუფლდა, სტრატეგიაც განხორციელდეს“, – ამბობს ტრაპაიძე.